fbpx
გააზიარე სტატია

2022 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2022 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

შინაარსი

 1.  ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში. 

1.1.  მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. 

1.2.  განისაზღვრა სანქციები ფარმაცევტული პროდუქტის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის. 

1.3. ცვლილება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაში. 

1.4. დღგ-ის ავტომატური დაბრუნების გაანგარიშებაში ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული თანხები ნულდება. 

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში. 

2.1. საჯარო გადაწყვეტილება, მარცვლეულის იმპორტისას საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის თაობაზე. 

2.2. საჯარო გადაწყვეტილება, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის შესახებ

1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში

1.1.        მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში.

2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. ცვლილება ძირითადად შეეხო შემდეგ სამ საკითხს:

  • საგადასახადო შეღავათები და სხვა რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრული იყო 2023 წლის 1 იანვრამდე, ცვლილების შემდეგ გაგრძელდა 2026 წლის 1 იანვრამდე.
  • შეიცვალა საფინანსო სექტორის დაბეგვრის წესი.
  • სადაზღვევო ორგანიზაციების მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელზე გადასვლა გადავადდა 2024 წლის 1 იანვრამდე.

განვიხილოთ თითოეული მათგანი დეტალურად:

1. საგადასახადო შეღავათები და სხვა რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრული იყო 2023 წლის 1 იანვრამდე, ცვლილების შემდეგ გაგრძელდა 2026 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ კი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა შემდეგი მუხლები

1.1 სსკ-ის 82-ე მუხლის (საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება) პირველი ნაწილის შემდეგი ქვეპუნქტები:

ლ) საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულია, 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.

  •  

ც) საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულია, 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.

უ​2) საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულია, რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

1.2. სსკ-ის 99-ე მუხლის (მოგების გადასახადისაგან გათავისუფლება) პირველი ნაწილის შემდეგი ქვეპუნქტები:

ვ) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია, 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით.

მ​2) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია, არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას.

1.3. სსკ-ის 100-ე მუხლის (ერთობლივი შემოსავალი) მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი:

ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

1.4. სსკ-ის 130-ე მუხლის (დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან) მე-41 ნაწილი:

2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისგან მიღებული დივიდენდები (გარდა იმ დივიდენდებისა, რომლებიც მიღებულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის

მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან) გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

1.5. სსკ-ის 199-ე მუხლის (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) „ი“ ქვეპუნქტი:

2026 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია თამბაქოს ნედლეულის იმპორტი.

1.6. სსკ-ის 206-ე მუხლის (ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება) „ჯ1“ ქვეპუნქტი:

2026 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისთვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება.

1.7. სსკ-ის 309-ე მუხლის (გარდამავალი დებულებები) შემდეგი ნაწილები:

15) 2026 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.

24) 2026 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

42.ე) პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) 2018 წლის 1 იანვრამდე ეწეოდა, ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.

111) ამ კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილისა (ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები) და 2902 (ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა) მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.

131) ამ კოდექსის 1641  მუხლის მე-2 ნაწილი და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტი გამოიყენება 2026 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული საქონლის იმპორტისას. ამასთანავე, 2026 წლის 1 იანვრამდე საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) მოიცავს საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, საქართველოში კუთვნილ იმპორტის გადასახდელს, გარდა დღგ-ისა.

132) 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

1.8. სსკ-ის 310-ე მუხლის (დასკვნითი დებულებები) მე-4 ნაწილი:

2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერდეს შემდეგი მუხლების მოქმედება:

  • სსკ-ის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტის _ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 წიგნის შესაბამისად იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის იმპორტი, გარდა თიზ-იდან საქონლის იმპორტისა.
  • 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის _ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული საქონელი იმავე კოდექსით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. შეიცვალა საფინანსო სექტორის დაბეგვრის წესი. კერძოდ, კი ცვლილება შეეხოთ საბანკო დაწესებულებებს, საკრედიტო კავშირებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სესხის გამცემ სუბიექტებს.

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 97-ე და 98-ე მუხლები, რომლის მიხედვითაც, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის დასაბეგრი მოგება 2023 წლის 1 იანვრიდან იბეგრება 20%-ით, ხოლო მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

აგრეთვე, სსკ-ის 130-ე მუხლს დაემატა მე-8 ნაწილი, რომლის მიხედვითაც საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ 2023 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ამასთან სსკ-ის 309-ე მუხლის 99-ე ნაწილში ჩაიწერა, რომ 2008 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან აღნიშნული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად არ ითვლება, ხოლო, მათზე დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად ითვლება.

ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 109-ე მუხლი და 141-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები. შედეგად კი, 2023 წლის 1 იანვრიდან საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვასა და სესხებზე დარიცხულ პროცენტებს შემოსავლად აღიარებს განახორციელებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, ნაცვლად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, როგორც ეს 2023 წლამდე ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით კი კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა სსკ-ის 309-ე მუხლში და დაემატა 134-ე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 109-ე მუხლის საფუძველზე, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის გაუქმების შედეგად, 2023  წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი რეზერვის ნაშთების სხვაობის შედეგად მიღებული დასაბეგრი მოგება/შემოსავალი იბეგრება 15%-ით. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ ნაწილის გამოყენების წესი.

3.სადაზღვევო ორგანიზაციების მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელზე გადასვლა გადავადდა 2024 წლის 1 იანვრამდე. ამასთან დაკავშირებით 309-ე მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტები:

941) სადაზღვევო ორგანიზაცია მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრება 2024 წლის 1 იანვრიდან.

951) 2024 წლის 1 იანვრამდე  სადაზღვევო ორგანიზაციის  მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

952) 2024 წლის 1 იანვრამდე იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს, საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გაანგარიშებული იმავე საანგარიშო პერიოდის „სადაზღვევო/დამდგარი ზარალები, ნეტო“, გარდა შემოსავლისა რეგრესიდან და გადარჩენილი ქონებიდან.

991) 2008 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციისგან მიღებული დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად არ ითვლება. ხოლო, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციაზე დივიდენდის განაწილება, აგრეთვე 2017 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციაზე დივიდენდის 2024 წლის 1 იანვრამდე განაწილება მოგების განაწილებად ითვლება.

1.2  განისაზღვრა სანქციები ფარმაცევტული პროდუქტის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლში (საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა) შეტანილ იქნა ცვლილება, რომელიც ამოქმედდება 2023 წლის 15 მარტიდან.

ცვლილება ეხება სამეწარმეო საქმიანობისთვის რეფერენტული ფასისადმი დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის („წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ასეთად განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების, მყიდველის მიერ სასაქონლო ზედნადების მოთხოვნისას მისი გაუცემლობის ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომებს. კერძოდ, კი ასეთი ქმედების ჩადენისათვის პირი დაჯარიმდება 1,000 ლარით, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 15,000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენის შემთხვევაში კი 30,000 ლარის ოდენობით.

აგრეთვე, რეფერენტული ფასისადმი დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში სანქცია გამოიყენება იმ შემთხვევაშიც თუკი სასაქონლო ზედნადებში არ არის ან არასწორად არის მითითებული ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი, ფარმაცევტული პროდუქტის ერთეულის ფასი ან/და სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის ფაქტობრივი მისამართი. ამასთან, როგორც ვიცით, ცვლილებამდე არსებული ჩანაწერით, რომელიც კვლავ უცვლელად ძალაში რჩება, სანქციის საფუძველი ასევე შესაძლოა იყოს ზედნადებში არ მითითებული ან არასწორად მითითებული: დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.

1.3 ცვლილება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაში

2022 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1 იანვრიდან სსკ-ის 82-ე მუხლიდან (საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება) ამოღებულ იქნება „კ“ ქვეპუნქტი, შედეგად კი საშემოსავლო გადასახადისგან აღარ გათავისუფლდება ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა. შესაბამისად ფიზიკური პირებისათვის ასეთი სახის კომპენსაცია 2025 წლის 1 იანვრიდან დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. 

1.4 დღგ-ის ავტომატური დაბრუნების გაანგარიშებაში ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული თანხები ნულდება.

2022 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნდა და ამოქმედდა მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის N405-ე ბრძანებაში „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“.

ცვლილება შეეხო ავტომატური წესით დასაბრუნებელი დღგ-ის გაანგარიშების წესს. კერძოდ, კი გაანგარიშებაში ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა დაექვემდებარება გაანგარიშებაში განულებას, არაუგვიანეს მომდევნო წლის პირველი სამუშაო დღისა.

აღნიშნული ცვლილება თავისი შინაარსით გულისხმობს, რომ თანხების დღგ-ის გაანგარიშებაში ასახვის შემთხვევაში თუ პირს წლის დასრულებამდე ანუ 31 დეკემბრამდე ავტომატურად არ დაუბრუნდა დღგ-ის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა, აღნიშნული თანხა წლის ბოლოსთვის ავტომატურად განულდება და მომდევნო წლიდან მისი ავტომატური წესით დაბრუნება აღარ მოხდება. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში პირს აღნიშნული ზედმეტობის დაბრუნებისთვის რჩება მხოლოდ ერთი გზა, რომ „ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ“ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, რაც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სირთულეებს იწვევს პირისათვის.

2.    ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

2.1.        საჯარო გადაწყვეტილება, მარცვლეულის იმპორტისას საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის თაობაზე.

2022 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ახალი საჯარო გადაწყვეტილება მარცვლეულის იმპორტისას საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის თაობაზე. კერძოდ კი საჯარო გადაწყვეტილება განსაზღვრავს მარცვლეულის საქართველოში CIF პირობით იმპორტისას, დაცლის პორტსა და დატვირთვის პორტში საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის საკითხს.

სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

სსკ-ის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

სსკ-ის 98​3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და, შესაბამისად, სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იბეგრება მოგების გადასახადით, ხოლო სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის დანაკლისი განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

მიუხედავად იმისა, რომ საქონლის გემში დატვირთვის დასრულებისას დატვირთვის პორტში ხორციელდება გემის ტრიუმების დალუქვა, საქონელი იწონება პორტში არსებულ დაკალიბრებულ სასწორზე და ტვირთის ამოტვირთვას პორტის ტერიტორიაზე აწარმოებს ექსპედიტორი საბაჟო კონტროლის ქვეშ, მარცვლეულის საქართველოს პორტებში CIF პირობით იმპორტისას, დატვირთვისა და დაცლის პორტებში დაფიქსირებულ წონებს შორის შესაძლოა მაინც არსებობდეს სხვაობა. საქონლის წონებს შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყო როგორც

ტექნიკური, ასევე ბუნებრივი, როგორებიცაა საქონლის სხვადასხვა სასწორზე აწონვა, ამ სასწორების დაკალიბრების მეთოდი, მარცვლეულის ბუნებრივი თვისებები, როგორიც არის შრობა, ტენიანობის ცვლილება და სხვა.

სწორედ ასეთი სხვაობის დანაკლისად არ აღიარებას ეხება აღნიშნული საჯარო გადაწყვეტილება. კერძოდ, როდესაც მიმწოდებელთან საქონლის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია ინკოტერმსის CIF პირობით და საქონლის მიწოდებას მიმღების გადმოცლის პორტამდე უზრუნველყოფს მომწოდებელი, საქონლის განკარგვა მისი მიმღების მიერ ხორციელდება მხოლოდ საქონლის ამოტვირთვის შემდგომ, გენერალურ აქტში დაფიქსირებული წონის ოდენობით, რის გამოც აღნიშნული საქონელი, მისი მიმღების მიერ მის განკარგვამდე/საქონლის ამოტვირთვამდე, არ უნდა იქნეს განხილული ამ საქონლის მიმღების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად.

მაშასადამე, მარცვლეულის CIF პირობით იმპორტისას, დატვირთვისა და დაცლის პორტებში საქონლის წონებს შორის დაფიქსირებული ნაკლებობის გამო, საქონლის მიმღებს არ წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ან დღგ-ის ნაწილში.

1.2 საჯარო გადაწყვეტილება, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის შესახებ.

2022 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთი ახალი საჯარო გადაწყვეტილება, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით სსკ-ის 172- მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათავისუფლებული საქონლის შესახებ. კერძოდ კი აღნიშნული მუხლით, როგორც უკვე ვიცით, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება  საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა კვერცხისა და აუქნელი, ახალი ან გაცივებული შინაური ქათმისა) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საჯარო გადაწყვეტილებაში განხილულია შემდეგი სახის საქონლის მიწოდების ოპერაციის დღგ-სგან გათავისუფლების საკითხი:

ა) დაკლული ცხოველის მიწოდება _ ვინაიდან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა არის ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღების ერთ-ერთი

შემთხვევა, თავის მხრივ კი, ნაყოფის მიღება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ერთ-ერთ შედეგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხოველის, როგორც ბიოლოგიური აქტივის, სიცოცხლის პროცესის შეწყვეტით მიღებული პროდუქცია განიხილება სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ამდენად, დაკლული ცხოველის მიწოდება სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით.

1) გამოშიგნული (ახალი), ცოცხალი, გაცივებული თევზის მიწოდება _ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მოიცავს ასევე აკვაკულტურასაც, მათ შორის, თევზის მოშენებას. შესაბამისად, გამოშიგნული თევზი წარმოადგენს ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტის (ნაყოფის მიღება) შედეგად მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) მიღებულ პროდუქტს. ამასთან, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, გაცივებულ თევზს მინიჭებული აქვს იგივე სასაქონლო კოდი, რაც ახალ თევზს. ამდენად, გამოშიგნული (ახალი) და გაცივებული თევზის მიწოდება სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით.

2) გაყინული თევზის მიწოდება _ ეს პროდუქტი მიიღება სამრეწველო გადამუშავების შედეგად (იცვლება სასაქონლო კოდი), შედეგად მასზე არ ვრცელდება სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, გაყინული თევზის მიწოდება არ არის გათავისუფლებული დღგ-სგან.

გ) იმპორტირებული ბიოლოგიური აქტივის ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება _  სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის პროდუქცია, რომელიც მიიღება ნებისმიერი ბიოლოგიური აქტივის ტრანსფორმაციისა და ნაყოფის მიღების მართვის საქმიანობის შედეგად. ხოლო, საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციად მიიჩნევა საქართველოში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი, კერძოდ, ბიოლოგიური აქტივის საქართველოში განხორციელებული ბიოლოგიური ტრანსფორმაციის, ასევე, მისგან პროდუქციის მოცილების ან მისი სიცოცხლის პროცესის შეწყვეტის მართვის შედეგად მიღებული პროდუქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იმპორტირებული ბიოლოგიური აქტივის საქართველოში განხორციელებული

ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზეც და აღნიშნული გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით.

დ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეფუთული/დაფასოებული სახით მიწოდება _ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეფუთვა/დაფასოება, როდესაც შესაფუთი მასალა ძირითადი ოპერაციის – პროდუქციის მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათს ატარებს, არ განიხილება სამრეწველო გადამუშავებად სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის და შესაბამისად, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეფუთული/დაფასოებული სახით (როგორც ინდივიდუალურად, ასევე რამდენიმე სახის პროდუქტის ერთად) მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით.

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი / დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი / რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია