fbpx
გააზიარე სტატია

2022 წლის ოქტომბრის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

შინაარსი

  1. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში.

       1.1. ცვლილება ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის ნაწილში. 

  1. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში.

     2.1. მეთოდური მითითება არაარსებითი დანაკარგების შესახებ.

     3. ცვლილებები მთავრობის დადგენილებებში. 

     3.1.        საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა. 

 

1.     ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

1.1.ცვლილება ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის ნაწილში

2022 წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. ცვლილება შეეხო ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის საკითხს, კერძოდ კი, შეიცვალა ბრძანების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი და ჩაიწერა, რომ rs.ge-დან პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს ხელმოწერას, მათ შორის არც კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას. უფრო დეტალურად კი, აღნიშნული მუხლის ახალი რედაქცია ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

  1. სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს ხელმოწერას/კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას. ამასთან, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს/წერილს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.

2.     ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

2.1.მეთოდური მითითება არაარსებითი დანაკარგების შესახებ

2022 წლის 13 ოქტომბერს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით დამტკიცდა ახალი მეთოდური მითითება, სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ, რომელიც გამოიყენება 2022 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი არასასურსათო საქონლის დანაკლისების მიმართ.

აღნიშნული მეთოდური მითითების მიხედვით, არაარსებითი დანაკარგი, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის არ განიხილება დანაკლისად და არ ექვემდებარება დაბეგვრას,  არის გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში

მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის დანაკლისის ჯამი, რომლის საბაზრო ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი, არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა (დღგ-ის გარეშე) ჯამის 0.5%-ს.

წარმოდგენილი მეთოდური მითითების მიზნებისათვის:

  • სავაჭრო ობიექტი – მაღაზია (მარკეტი, სუპერმარკეტი ან ჰიპერმარკეტი), სადაც არასასურსათო საქონლის საცალო რეალიზაცია ხორციელდება „ღია საწყობის“ პრინციპით (ანუ სადაც იდენტიფიცირებულია მომხმარებელთა შესასვლელ-გასასვლელი, საქონელი განთავსებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, მომხმარებელი მათ შორის დამოუკიდებლადაც ირჩევს სასურველ საქონელს, საქონლის შეძენა-რეალიზაცია აღირიცხება შტრიხკოდებით).
  • არასასურსათო საქონელი – ნებისმიერი პროდუქტი (მაგ: ჰიგიენური და სარეცხი საშუალებები, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ქიმია და სხვა) – გარდა სურსათისა; აქციზური საქონლისა; ღვინისა; მარკირებას დაქვემდებარებული სასმელებისა; ფარმაცევტული პროდუქტისა; საკვები დანამატებისა; საყოფაცხოვრებო/სამშენებლო და სხვა დანიშნულების საქონლისა; ტანსაცმელი/ფეხსაცმელისა ან/და სხვა სამოსისა და შესაბამისი აქსესუარებისა; კოსმეტიკასა ან/და პარფიუმერიისა.

თუ არ არსებობს ან არსებობს არასრული წინა კალენდარული წელი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან პირველივე სრული კალენდარული წლის ბოლომდე, არაარსებითი დანაკარგი დგინდება ამ პერიოდის თითოეული კალენდარული თვის მიმართ ცალ-ცალკე და დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის მიმართ არაარსებითი დანაკარგი არის არასასურსათო საქონლის დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან ამ დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის ჩათვლით, გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამის 0.5%-ს. ხოლო ყოველ შემდგომ ჯერზე პრინციპი იგივე დარჩება, თუმცა გაანგარიშებული თანხა უნდა შემცირდეს წინა კალენდარულ თვეებში გამოყენებული არაარსებითი დანაკარგებით.

არაარსებითი დანაკარგი ექვემდებარება გადაანგარიშებას, თუ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი, არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამი (დღგ-ის გარეშე) არსებითად განსხვავდება

წინა სრული კალენდარული წლის ანალოგიური მონაცემისაგან. კერძოდ, შესაბამისი თანხა (ბრუნვა) წინა წელთან შედარებით თუ გაიზარდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაბეგრილი დანაკლისები ექვემდებარება იმავე კალენდარული თვეების დეკლარაციების დაზუსტების გზით შემცირებას, რომლებშიც მოხდა მათი ასახვა დაბეგვრა. ხოლო, თუ შემცირდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაუბეგრავი დანაკლისები ექვემდებარება ამავე წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შესაბამის დეკლარაციებში ასახვას. ახლად რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელსაც აქვს აღნიშნული გადაანგარიშების უფლება.

წინამდებარე მეთოდური მითითება გამოიყენება იმ არასასურსათო საქონლის დანაკლისის მიმართ, რომლის ქურდობის ან/და უკანონო მოხმარების განმახორციელებელი პირი არ არის იდენტიფიცირებული და არ გამოიყენება თუ განხორციელდა არაარსებითი დანაკარგის ფარგლებში შესაბამისი ზიანის/კომპენსაციის ვინმესთვის დაკისრება ან თუ არსებობს დანაკლისის გამომრიცხავი სხვა მტკიცებულება. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელს სურს, რომ საქონლის საბითუმო რეალიზაცია მოახდინოს იმავე ტერიტორიიდან (შენობა-ნაგებობიდან), სადაც განთავსებულია „ღია საწყობი“, აღნიშნული რეალიზაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი საქონლის „ღია საწყობში“ შეტანის გარეშე.

თუ გამოვლენილი დანაკლისი მოიცავს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებულ არასასურსათო საქონელს, თითოეულ დანაკლისში არაარსებით დანაკარგად პირველ რიგში ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრი არასასურსათო საქონლის დანაკლისი. ამასთან, წლიური გადაანგარიშების შემთხვევაში, აღნიშნული რიგითობა შენარჩუნდება კვლავ თითოეული დანაკლისის მიმართ

3.  ცვლილებები მთავრობის დადგენილებებში

3.1.საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა

2022 წლის 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ახალი №479 დადგენილება, საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ.

დადგენილების მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში 1,117,450 მ2 მიწის ნაკვეთზე უნდა შეიქმნას საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, 50 წლის ვადით, რომლის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს „ასი გრუპ ჯორჯია“.

საგარეჯოს თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვრა არაუგვიანეს 2023 წლის 1 სექტემბერი.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს სტატუსი მთელი რიგი გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, კერძოდ საწარმო თავისუფლდება ისეთი გადასახადებისგან როგორიცაა:

  1. განაწილებული მოგების გადასახადი;
  2. გადახდილი დივიდენდის საშემოსავლო/მოგება;
  3. გადახდილი პროცენტის საშემოსავლო/მოგება;
  4. ხელფასის საშემოსავლო (იხდის დაქირავებული);
  5. ქონების გადასახადი;
  6. უკუდაბეგვრის დღგ.

 

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი: დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია