fbpx
გააზიარე სტატია

2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2023 წლის იანვრის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

შინაარსი

  1. ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში.

1.1.  ცვლილება საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ.

1.2.  ცვლილება დღგ-ის დეკლარაციაში, ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირებისათვის.

1.3.  განისაზღვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის, საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების წესი 

  1. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში.

2.1.  ახალი მეთოდური მითითება „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“

2.2.  ახალი მეთოდური მითითება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“

2.3.  ახალი N2549 და N2550 სიტუაციური სახელმძღვანელოები, კაპიტალის გაზრდისა და შემცირების შესახებ.

2.4.  ახალი N1517 სიტუაციური სახელმძღვანელო, დაზარალებული პირების დაფინანსების დაბეგვრის შესახებ.

2.5.  ახალი N2432 სიტუაციური სახელმძღვანელო, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის დაბეგვრის შესახებ.

1.     ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

1.1.ცვლილება საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ

2023 წლის 24 იანვარს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებაში და ინსტრუქციას მე-381 მუხლის შემდეგ დაემატა ახალი მე-382 მუხლი, რომელიც შეეხება საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციულ ურთიერთდახმარებას, რაც გულისხმობს გადასახადების ამოღებაში დახმარებას, 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ან საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში.

კერძოდ, კი ცვლილებით განისაზღვრა, რომ „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ან საქართველოს მიერ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ხელშემკვრელი  სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ, ამავე სახელმწიფოში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ამოღების მიზნით წარდგენილი „დახმარების შესახებ მოთხოვნის“  შესრულებისას გამოიყენება  ამ წესის XIII თავით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება.

„დახმარების შესახებ მოთხოვნა“  ნიშნავს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ან სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიმართვას საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო დავალიანების ამოღებაში დახმარების მიღების მიზნით, რომელიც უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას როგორიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს დასახელება, მოთხოვნის მიმღები საგადასახადო ორგანოს დასახელება, ხელშემკვრელი სახელმწიფოს  გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტებს, იმ გადასახადების სახეებს და ოდენობას რომელიც ექვემდებარება ამოღებას და არ არის სადავო, „დახმარების შესახებ მოთხოვნის“ არსის მოკლე შინაარსს და სხვა დამატები ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამავე მუხლის მე-3 ნაწილით.

ამასთან, „დახმარების შესახებ მოთხოვნაში“ საგადასახადო დავალიანების თანხა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მოთხოვნის შესრულება, ასახული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში) და არ უნდა იყოს 1000 ლარზე ნაკლები, ამასთან, საგადასახადო დავალიანების (მათ შორის, საურავის მიხედვით) გაზრდის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხაზე  ხელშემკვრელი სახელმწიფო წარმოადგენს ახალ „დახმარების შესახებ მოთხოვნას“ ამავე პუნქტში აღნიშნული თანხის მინიმალური ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით.

„დახმარების შესახებ მოთხოვნის“ სრულად ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შემოსავლების სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება საგადასახადო დავალიანების  ამოღების თარიღის, ამოღებული თანხის (ლარში) ოდენობის და თანხის გადარიცხვის  თარიღის შესახებ.

1.2.ცვლილება დღგ-ის დეკლარაციაში, ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირებისათვის

2023 წლის 25 იანვარს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში, შედეგად კი დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართს დაემატა IV ნაწილი „დღგ-ით დასაბეგრი თანხა ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმებისას“, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე იურიდიული პირებისათვის.

დეკლარაციის აღნიშნული ნაწილის შევსების ვალდებულება ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებს  წარმოეშობათ სტატუსის ვადის ამოწურვის ან ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში. ამასთან, სტატუსის ვადის ამოწურვის შემთხვევაში ფორმა ივსება კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში (დეკემბრის თვეში), ხოლო სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვამდე გაუქმების შემთხვევაში ფორმა ივსება გაუქმების შესაბამის საანგარიშო პერიოდში.

დღგ-ის დეკლარაციის  „ა“ დანართის ახალ IV ნაწილში აისახება სტატუსის მოქმედების მთელ პერიოდში სასტუმროს ნომრების/აპარტამენტების მიწოდებიდან ბრუნვის თანხის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც არ დაიბეგრა დღგ-ით, ვინაიდან გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის.

ასევე, აღნიშნულ ფორმაში აისახება ინფორმაცია ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის მოწვეული პირების მიერ კონკრეტული სასტუმროს ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებული და საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხული თანხების შესახებ. მასში არ შეიტანება აქტივების (მ.შ სასტუმროს ნომრების/აპარტამენტების) მიწოდებით მიღებული კომპენსაცია.

1.3.განისაზღვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის, საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების წესი

2023 წლის 16 იანვარს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში და ინსტრუქციას მე-7 მუხლის შემდეგ დაემატა ახალი მე-71 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა წესი თუ როგორ უნდა განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება, რაც გულისხმობს  შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სტატუსის დაფიქსირებას. საგადასახადო ორგანო, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის, საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში. აღნიშნული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, თუ არ არსებობს ამავე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველი.

ქვემოთ კი დეტალურ ინფორმაციას წარმოგიდგენთ ზემოხსენებულ ცვლილებაში აღწერილი პირების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების წესის შესახებ:

  1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა უქმდება პირის გარდაცვალების თარიღიდან. საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების საფუძველი კი არის:
  • სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის მოწოდებული ინფორმაცია;
  • დაინტერესებული პირის მიერ გარდაცვლილი პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების შესახებ წარდგენილი განცხადება, პირის გარდაცვალების მოწმობასთან ერთად. გარდაცვალების მოწმობას, თუ იგი გაცემულია უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, უნდა ერთვოდეს ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  1. გაერთიანების, ამხანაგობის და სხვა მსგავსი წარმონაქმნის საგადასახადო აღრიცხვა უქმდება პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან, ხოლო საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების დასრულების თარიღიდან. საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:
  • საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მონაწილეთა გადაწყვეტილება ან/და;
  • საქმიანობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
  1. უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის, მისი მუდმივი დაწესებულების, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციების, კომპანიების, ფირმების და სხვა მსგავსი წარმონაქმნების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან, ხოლო საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების დასრულების თარიღიდან. საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:
  • ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დადასტურებული საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მისი ნოტარიულად დადასტურებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  1. დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვა უქმდება ამ პირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან. საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ფაქტი.

ამასთან, თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა ამ პირების საქმიანობის შეწყვეტის  შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირებს საგადასახადო აღრიცხვა გაუუქმოს საკუთარი ინიციატივით.

  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის და საბიუჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვა უქმდება ამ პირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან. საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ამასთან, თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა ამ პირების საქმიანობის შეწყვეტის  შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირებს საგადასახადო აღრიცხვა გაუუქმოს საკუთარი ინიციატივით.

2.     ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

2.1.ახალი მეთოდური მითითება „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის N33544 ბრძანებით  დამტკიცდა ახალი მეთოდური მითითება „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე საკითხზე 2022 წლის 25 მარტის შემოსავლების სამსახურის უფროსის N7547 ბრძანება და რომელშიც აისახა საგადასახადო ადმინისტრირების პრაქტიკაში გამოკვეთილი დამატებითი საკითხები.

მთავარი მიდგომა ვირტუალური ზონის პირების მოგების გადასახადით დაბეგვრასთან მიმართებაში უცვლელი რჩება. კერძოდ, მოგების გადასახადში სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნებისათვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდეს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მოგებას იღებდეს მის მიერ საქართველოში შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების) საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით (მათ, შორის მომსახურების სახით მიწოდებით).

თუმცა, შეიცვალა საგადასახადო ორგანოს მიდგომა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს პირის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობად და შესაბამისად ასეთი საქმიანობის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოში შექმნილად. ცვლილებამდე არსებული მიდგომით, დაბეგვრის მიზნებისათვის არსებითი იყო, რომ ვირტუალური ზონის პირს საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად გამოეყენებინა საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომა, მათ შორის აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით, ხოლო სახელფასო განაცემი არსებითად უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში შესაბამისი პროფესიების მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ ხელფასთან. საგადასახადო ორგანოს ასეთი მიდგომის გამო, არაერთ ვირტუალური ზონის პირს, რომელსაც არ ჰყავდა შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებული პირი (პროგრამისტები), ვინაიდან მხოლოდ რეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ ხდებოდა პროდუქტის შექმნა და შესაბამისად ხელფასის ნაცვლად გასცემდა დივიდენდს, შემოწმების შედეგად  დაერიცხა გადასახადები და სანქციები, ვინაიდან დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილი საგადასახადო ორგანოს მიერ გადაკვალიფიცირდა როგორც პროფილური განხრით დაქირავებული პირის მიერ მიღებული

ხელფასი და შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დივიდენდის 5%-იანი განაკვეთისა.

ახალი მეთოდური მითითებით საგადასახადო ადმინისტრირების პრაქტიკა ამ ნაწილში პოზიტიურად და ლოგიკურად შეიცვალა. კერძოდ კი, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები საქართველოში შექმნილად ჩაითვლება, თუ მისი შექმნა არსებითად ხორციელდება უშუალოდ დაქირავებულ(ებ)ის ან/და რეზიდენტი დამფუძნებლ(ებ)ის მიერ, მათ შორის, შესაძლებელია ვირტუალური ზონის პირი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შესაქმნელად ახორციელებდეს მომსახურების შეძენას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირი ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს მხოლოდ რეზიდენტი დამფუძნებელი პირის საშუალებით და არ ჰყავს დაქირავებული შესაბამისი პროფილური განხრით პირები, ჩაითვლება, რომ მისი საქმიანობა შეესაბამება „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე, კოდექსის მოთხოვნებს და შესრულებულია კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოგების გადასახადის შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, რეზიდენტ დამფუძნებელ პირზე გაცემული დივიდენდი აღარ დაექვემდებარება საგადასახადო ორგანოს მიერ ხელფასად გადაკვალიფიცირებას.

ახალი მეთოდური მითითებით ჩამოყალიბდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა. თუ ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ფარგლებს გარეთ ახდენს იმ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებას, რომელიც შექმნილი აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს გათავისუფლდება თუ არა მოგების გადასახადისგან აღნიშნული მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება. ძველ მეთოდურ მითითებაში ამასთან დაკავშირებით იყო ზოგადი ჩანაწერი, რომ საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის არსებითია საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა და მიწოდება ხდებოდეს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის პირობებში. ახალ მეთოდურ მითითებაში კი გამოიკვეთა გარემოება რა შემთხვევაშიც შეიძლება, რომ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიღებამდე შექმნილ პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის, პირის მიერ სტატუსის მიღების შემდგომ, საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებულ მოგებაზე გავრცელდეს კოდექსით დადგენილი მოგების გადასახადის შეღავათი. კერძოდ, ახალ მეთოდურ მითითებაში ასეთი მიდგომა გამოყენებულია იმ შემთხვევისათვის, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი პირის მიერ შეიქმნა ვირტუალური პირის სტატუსის მიღებამდე და სარგებლობის ლიცენზიით მიაწოდა საქართველოს ფარგლების გარეთ მოქმედ კლიენტებს, ამასთან პროგრამული უზრუნველყოფის დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შემდგომი მხარდაჭერის მომსახურება, რის სანაცვლოდაც კლიენტები იხდიან ყოველთვიურ სალიცენზიო საფასურს. რამდენადაც პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის

შემდგომი მხარდაჭერა და მომსახურება წარმოადგენს ამ პროდუქტით სარგებლობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, ჩაითვლება, რომ სტატუსის მიღების შემდგომ ასეთი პროდუქტით სარგებლობის ლიცენზიის სანაცვლოდ იურიდიული პირის მიერ მიღებული შემოსავლები სტატუსის მიღების შემდგომ მიწოდებული საინფორმაციო ტექნოლოგიების სანაცვლოდაა მიღებული და შესაბამისი მოგების განაწილება გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან.

2.2.ახალი მეთოდური მითითება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“

როგორც ვიცით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს (შემდგომში, თიზ-ის საწარმო) საქმიანობა რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით (შემდგომში, სსკ), საქართველოს საბაჟო კოდექსით, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის N463, N131  და N291 დადგენილებებით და ასევე, ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით. თუმცა დამატებითი განმარტებების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა ახალი მეთოდური მითითება ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ”, რომელიც განმარტავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის წესებს, მათ შორის, ნებადართული და აკრძალული საქმიანობის, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესებს, აგრეთვე, განსაზღვრავს ამ სტატუსის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებებსა და უფლებებს. ჩვენს პუბლიკაციაში შემოგთავაზებთ მეთოდური მითითების მნიშვნელოვან ასპექტებს, სრულად კი მეთოდური მითითება შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე https://rs.ge/OrdersoftheHeadoftheRevenueService?cat=1&tab=1

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით და სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. ხოლო, თიზ-ის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად. ამასთან, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოში რეგისტრირებული, ისე უცხოური საწარმოები) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების,

კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურებების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისა. ხოლო, თიზ-ის საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს, როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.

ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან მაგალითს, რომელიც მოცემულია ახალ მეთოდურ მითითებაში:

მაგალითი 1:

არარეზიდენტი საწარმო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოსათვის ნებადართულ საქმიანობას (პარფიუმერული ნაწარმის წარმოებას) ახორციელებს ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. არარეზიდენტი საწარმოს მუდმივმა დაწესებულებამ მისი საქმიანობიდან მიღებული მოგება ფულადი სახით გადაურიცხა არარეზიდენტ საწარმოს.

შეფასება:

სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს განაწილებული მოგება. ხოლო, სსკ-ის 981 მუხლის მე-3 ნაწილით, არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი (არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა). ამავე ნაწილის შესაბამისად, მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.

ვინაიდან, სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით, თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები გათავისუფლებული მოგების გადასახადისაგან და იმის გათვალისწინებით, რომ არარეზიდენტი საწარმო მუდმივი დაწესებულების მეშვეობით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახორციელებს თიზ-ის საწარმოსათვის ნებადართულ საქმიანობას, როგორც ეს მაგალითშია მოცემული, არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანაზე გავრცელდება სსკ-ის 99-ე მუხლით დადგენილი მოგების გადასახადის შეღავათი.

მაგალითი 2:

თიზ-ის საწარმომ სარეკლამო მომსახურება გაუწია არარეზიდენტ საწარმოს და აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული მოგება დივიდენდის სახით გაანაწილა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე.

შეფასება:

სსკ-ის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო შეღავათი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მომსახურებაზე, რომელიც განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის გასაწევი მომსახურების სახეების და შესაბამისად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევა არ უნდა იქნეს განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. ამდენად, მასზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 99-ე მუხლით დადგენილი მოგების გადასახადის შეღავათი.

მაგალითი 3:

თიზ-ის საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასაწყობებს შეძენილ საქონელს თიზ-ის ტერიტორიაზე და შემდეგ ახორციელებს აღნიშნული საქონლის რეალიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

შეფასება:

იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით თავისუფალ ზონაში ნებადართულად შესაძლებელია მიჩნეულ იქნას მაგალითად, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ნებადართული საქონლის შეტანა, შენახვა და ამავე საქონლის გატანა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან, მათ შორის, რაიმე სახის გადამუშავების ან საწარმოო პროცესის გავლის გარეშე, შესაბამისად, თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის შეტანა, შენახვა და ამავე საქონლის გატანა ზონიდან, განხილულ იქნება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე გავრცელდება სსკ-ის 99-ე მუხლით დადგენილი მოგების გადასახადის შეღავათი. 

მაგალითი 4:

თიზ-ის საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ისე, რომ საქონელი არ ექცევა თავისუფალი ზონის პროცედურაში.

შეფასება:

თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევის გარეშე უცხოური საქონლის შეძენა და მიწოდება საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის, სსკ-ის 99-ე მუხლიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და შესაბამისად, ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 99-ე მუხლით დადგენილი მოგების გადასახადის შეღავათი.

აგრეთვე, იგივე არგუმენტიდან გამომდინარე, ვერ გავრცელდება სსკ-ის 131-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და განაწილებული დივიდენდი დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

მაგალითი 5:

თიზ-ის საწარმომ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირისაგან, რომელიც არ წარმოადგენს თიზ-ის საწარმოს, შეიძინა საქონელი.

შეფასება:

სსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4% არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში კანონმდებლობის პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს თიზ-ის საწარმომ დაბეგროს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ მისთვის მიწოდებული საქონლის საბაზრო ღირებულება. ამასთან, სსკ-ის მე-18 მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თიზ-ის საწარმო ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ მისთვის მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი დაბეგროს 4%-იანი განაკვეთით

მაგალითი 6:

თიზ-ის საწარმომ გასცა ხელფასი საწარმოში დაქირავებით მომუშავე როგორც საქართველოს რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე.

შეფასება:

სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის N291 დადგენილების შესაბამისად, თიზ-ის საწარმო ვალდებულია საწარმოში დაქირავებით მომუშავე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემულ ხელფასთან მიმართებით შეასრულოს საგადასახადო აგენტის ფუნქცია – გადახდის წყაროსთან დააკავოს და ბიუჯეტში გადარიცხოს შესაბამისი გადასახადი და არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს შესაბამისი დეკლარაცია.

ამასთან, თიზ-ის საწარმოში დაქირავებით მომუშავე რეზიდენტი ფიზიკური პირი ვალდებულია თიზ-ის საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავალთან (ხელფასთან) მიმართებაში თავად შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება – გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა თიზ-ის საწარმო ნებაყოფლობითა და დაქირავებულის თანხმობით, თავად ასრულების საგადასახადო აგენტის ვალდებულებებს და ამის შესახებ გაცხადებული აქვს საგადასახადო ორგანოსთვის).

მაგალითი 7:

არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა მომსახურება გაუწია თიზ-ის საწარმოს და ამასთან, არარეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი სსკ-ის 104-ე მუხლის შესაბამისად, განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

შეფასება:

სსკ-ის 134-ე მუხლის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება

გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. ამასთან, კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც იხდის კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოს ევალება შეასრულოს საგადასახადო აგენტის ფუნქცია – გადახდის წყაროსთან დააკავოს და ბიუჯეტში გადარიცხოს შესაბამისი გადასახადი და არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია.

მაგალითი 8:

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულმა საწარმომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შერჩეულ 2000მ2 მიწის ნაკვეთზე ააშენა და წარმოებაში გაუშვა ავტომანქანების მექანიკური კომპონენტების საწარმო, რომლის შემადგენლობაშია საამქრო, საწყობი, ოფისი და სასადილო.

შეფასება:

თიზ-ის საწარმო ქონების გადასახადში ისარგებლებს შეღავათით, სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მაგალითი 9:

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორმა ქუთაისის თიზ-სთვის განკუთვნილ 230 000მ2 ტერიტორიაზე ააშენა შენობა-ნაგებობები და აღჭურვა შესაბამისი ტექნიკა-დანადგარებით. აგრეთვე, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორმა თიზ-ის საწარმოს იჯარით გადასცა ამ ინდუსტრიულ ზონაში არსებული სხვა შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად.

შეფასება:

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი ქონების გადასახადში პირველ ქონებაზე (აშენებული შენობა და მიწა) ისარგებლებს შეღავათით, სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება.

ხოლო, ორგანიზატორი მის მიერ იჯარით გადაცემულ ქონებაზე და მიწის ნაკვეთზე ვერ ისარგებლებს ქონების გადასახადის შეღავათით, სსკ-ის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილის

შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, სსკ-ის 206-ე მუხლით დადგენილი ქონების გადასახადის შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).

2.3. ახალი N2549 და N2550 სიტუაციური სახელმძღვანელოები, კაპიტალის გაზრდისა და შემცირების შესახებ

2023 წლის 12 იანვარს გამოქვეყნდა ორი ახალი სიტუაციური სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილია კაპიტალის გაზრდის/შემცირების ოპერაციების დაბეგვრის საკითხები, მაშინ როდესაც კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. მოკლედ მიმოვიხილოთ ორივე მათგანი:

1) 100% წილის მფლობელმა საწარმო A-მ 2021-2022 წლებში განახორციელა მის მიერ დაფუძნებულ შპს B-ს კაპიტალში თანხის შეტანა, ხოლო 2022 წელს განხორციელებული შენატანის ფარგლებში A-მ შეამცირა შპს B-ს კაპიტალი. კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, თუმცა შედგენილია პარტნიორის გადაწყვეტილებები და შესრულებულია შესაბამისი ბუღალტრული გატარებები.

ასეთ შემთხვევაში, განხორციელებული შენატანის ფარგლებში საწარმოს კაპიტალის შემცირება და თანხის გაცემა პარტნიორზე, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ არის რეგისტრირებული შესაბამის რეესტრში, არ განიხილება მოგების განაწილებად და შესაბამისად არ დაიბეგრება.

2) 100% წილის მფლობელმა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულმა ინდ. მეწარმე A-მ 2022 წელს განახორციელა მის მიერ 2021 წელს დაფუძნებული შპს B-ს კაპიტალში 120,000 ლარის ღირებულების კომერციული დანიშნულების უძრავი ქონების შეტანა, რომელიც შპს B-ს სახელზე დარეგისტრირდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. კაპიტალის გაზრდა არ არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, თუმცა შედგენილია პარტნიორის გადაწყვეტილება და შესრულებულია შესაბამისი ბუღალტრული გატარებები.

ასეთ შემთხვევაში, A-ს მიერ უძრავი ქონების შპს B-სთვის გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის გაზრდა არ არის რეგისტრირებული შესაბამის რეესტრში, არ განიხილა საქონლის მიწოდებად დღგ-ის მიზნებისათვის და ოპერაცია არ დაბეგრა დღგ-ით.

2.4.ახალი N1517 სიტუაციური სახელმძღვანელო, დაზარალებული პირების დაფინანსების დაბეგვრის შესახებ

2023 წლის 12 იანვარს გამოქვეყნდა კიდევ ერთი ახალი სიტუაციური სახელმძღვანელო, უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ფარგლებში.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხორციელდება საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების დაფინანსება.

თუკი აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაცია (ა(ა)იპ) ან უცხოური ა(ა)იპ-ის წარმომადგენლობა შეასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს, რაც გულისხმობს მის მიერ მიღებული თანხის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულებას და ამასთან, ფიზიკური პირები, რომლებიც საჭიროებენ ასეთ დახმარებას იდენტიფიცირებულნი არიან და აკმაყოფილებენ დახმარების მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს, მაშინ არც თანხის მიმღებ ფიზიკურ პირებს და არც თანხის გამცემ ა(ა)იპ-ს საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.

2.5.ახალი N2432 სიტუაციური სახელმძღვანელო, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის დაბეგვრის შესახებ

კიდევ ერთი ახალი სიტუაციური სახელმძღვანელო, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის 12 იანვარს და ეხება სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის დაბეგვრას.

ფაქტობრივი გარემოება არის შემდეგი: სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებში მონაწილე ფიზიკურმა პირმა მოიგო ჯეკპოტი. ამასთან, მას რეიტინგში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის (“ლიდერბორდის” შემთხვევაში) ფულადი პრიზი და ასევე ჯეკპოტ ბონუსი ჯეკპოტის ორმაგი ოდენობით, გადაეცა

თამაშობის მომწყობი პირის (ორგანიზატორის) მიერ საჯაროდ გაცხადებული აქციის ფარგლებში. როგორც მოგებული ჯეკპოტი, ასევე ჯეკპოტ ბონუსის თანხა და ლიდერბორდიდან მიღებული თანხები ჩაირიცხა ფიზიკური პირის სისტემურ-ელექტრონულ სათამაშო ანგარიშზე.

ასეთ შემთხვევაში, მოთამაშის მიერ შესრულებულ პირობებზე/მიღწეულ შედეგზე ჯეკპოტის სახით მიღებული შემოსავალი განიხილება შესაბამისი თამაშობიდან მიღებულ მოგებად. შესაბამისად, აღნიშნული თანხა სათამაშო ანგარიშიდან გატანის შემთხვევაში დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 2%-იანი განაკვეთით, სსკ-ის 81-ე მუხლის 32 ნაწილის მიხედვით.

რაც შეეხება აქციის ფარგლებში მოთამაშისათვის პრიზების (ჯეკპოტ ბონუსი, ასევე ლიდერბორდის ფულადი პრიზი) გადაცემას, აღნიშნული წარმოადგენს ჯილდოს, რომელსაც მიმღებისთვის აქვს უსასყიდლო ხასიათი. შესაბამისად, ასეთი პრიზების გადაცემა (თუკი აღემატება 1000 ლარს) ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან, სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 20%-იანი განაკვეთით. ამასთან, აღნიშნული თანხების სათამაშო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში მონაწილის მიერ მისი გატანა ასევე დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან 2%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

 

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი:  დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი : რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია