- October 28, 2022
- kreston admin
- 0
2022 წლის სექტემბრის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
შინაარსი:
- ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
1.1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესახებ.
- ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში.
2.1. განახლდა საერთაშორისო ხელშეკრულებების ელ.საძიებელი.
2.2. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოჩნდა გადამხდელთა კატეგორია.
2.3. 25,000 ლარის დავალიანების მქონე პირები გადავლენ ა/ფ-ს გამოწერის სპეციალურ წესზე.
- ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში.
3.1. ცვლილებები ხე-ტყის ზედნადების შევსების წესში.
3.2. ცვლილებები ნსაფ-ის შევსების წესში.
3.3. ცვლილებები მივლინების ნორმებში.
1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
1.1.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესახებ
2022 წლის 23 სექტემბრის გამოქვეყნდა და 2022 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. ცვლილების შედეგად, სსკ-ის მე-7 მუხლის შემდეგ დაემატა 71 მუხლი, რომლის თანახმად საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ ვრცელდება საბანკო დაწესებულებისთვის საბანკო ანგარიშის სსკ-ით განსაზღვრული შესაბამისი დებულებები თუ მან ელექტრონული ფულის სქემაში იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ჩართო როგორც გადამხდელი.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 283-ე მუხლით (ბანკის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა) განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
აღნიშნული ცვლილება განპირობებულია „საგადახდო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებით.
2. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში
2.1.განახლდა საერთაშორისო ხელშეკრულებების ელ.საძიებელი
შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განახლდა კანონმდებლობის მოდულში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საძიებელი ველი. კერძოდ კი ცალ-ცალკე განთავსდა საგადასახადო, საბაჟო და SPS (სანიტარული ფიტოსანიტარული ზომები) საერთაშორისო ხელშეკრულებები. იხ.ბმული
2.2.ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოჩნდა გადამხდელთა კატეგორია
გადასახადის გადამხდელებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უკვე გამოუჩნდათ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელთა სიდიდის კატეგორიის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 61-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს მიერ განესაზღვრება სიდიდის შესაბამისი კატეგორია, რომელთა განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესს ადგენს შემოსავლების სამსახურის უფროსის N29355 ბრძანება და რომელიც ზოგადად შეიძლება იყოს:
- მსხვილი – 12 კალენდარული თვის მიხედვით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები ჯამურად ტოლია ან მეტია 80 მლნ. ლარზე.
- საშუალო – 12 კალენდარული თვის მიხედვით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები ჯამურად ტოლია ან მეტია 1 მლნ. ლარზე.
- მცირე – მცირე გადამხდელია პირი, რომელსაც არ განესაზღვრა მსხვილი ან საშუალო გადამხდელის კატეგორია.
2.3. 25,000 ლარის დავალიანების მქონე პირები გადავლენ ა/ფ-ს გამოწერის სპეციალურ წესზე
ცვლილება შევიდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელები, რომელთა დავალიანებაც შეადგენს 25 000 ლარს (აღიარებული საგადასახადო დავალიანება), მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან, სავალდებულო წესით გადავლენ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალურ წესზე.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალური წესი გულისხმობს, რომ აღნიშნული წესით მოსარგებლე პირების მიერ გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხა გადახდილია ბიუჯეტში მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ ან მიმღების (მყიდველის) მიერ მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელით.
3. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
3.1. ცვლილებები ხე-ტყის ზედნადების შევსების წესში
2022 წლის 19 სექტემბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. ცვლილება შეეხო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსების წესს. კერძოდ კი ის ჩანაწერები, რომლებიც ეხებოდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეს (მორს) შეიცვალა და ახალი რედაქციით იგივე ჩაიწერები შეეხო 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეს (მორს). კერძოდ, ეს ჩანაწერები არის:
- 252 მუხლის შემდეგი პუნქტები:
- 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი: ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსება სავალდებულოა 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.
- მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი: 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის შემთხვევაში, ზედნადებში უნდა მიეთითოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობის ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადების დასახელება, თარიღი და ნომერი.
- 41-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება.
- 561 მუხლის შემდეგი 2 პუნქტები (საგადასახადო დოკუმენტის შევსების წესი):
- ,,მ.კ.ბ“ ქვეპუნქტი: სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება.
- „ღ.ზ“ ქვეპუნქტი: 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის შემთხვევაში 24-ე სტრიქონში მიეთითება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ან ამ ინსტრუქციის დანართი №III-071 ფორმის საგადასახადო დოკუმენტი.
3.2.ცვლილებები ნსაფ-ის შევსების წესში
2022 წლის 19 და 27 სექტემბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ორი ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. ორივე ცვლილება შეეხო ნავთობპროდუქტების საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისა და შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესს.
კერძოდ, ნავთობპროდუქტების საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისა და შვიდნიშნა კოდების მინიჭების შესახებ, ტექნიკური ხასიათის ცვლილები შევიდა N996 ბრძანების შემდეგ მუხლებში: 561-საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა; 58-ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა; 61-ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების აღრიცხვიანობა.
ამასთან, 61-ე მუხლის შემდეგ დაემატა ახალი 611 და 612 მუხლები, რომლებითაც განისაზღვრა ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭებისა და სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება/გაუქმება წესი.
გარდა ამისა, 58-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატა ახალი 91 და 92 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც, ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებით მიწოდებისას გამოწერილი ელექტრონული ფორმის ნსაფ-ის გაუქმება შესაძლებელია მყიდველის (მიმღების) მიერ ნსაფ-ის დადასტურების შემთხვევაში ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყებამდე. ხოლო, ტრანსპორტირების გარეშე მიწოდებისას გამოწერილი ელექტრონული ფორმის ნსაფ-ი უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, როგორც გამყიდველის (გამგზავნის), ისე მყიდველის (მიმღების) ერთდროულად მიმართვის შემთხვევაში. ამასთან, დაუშვებელია არასწორად შევსებული ნსაფ-ის გადაცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). ხოლო, გაუქმების მიზნით, არასწორად შევსებული ნსაფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა) ყველა ეგზემპლარი გადასახადის გადამხდელის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ამ ორგანოდან ნსაფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
3.3.ცვლილებები მივლინების ნორმებში
2022 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N220 ბრძანებაში, რომლითაც განისაზღვრება დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმები. კერძოდ ბრძანებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
- ცვლილების საფუძველზე ბრძანებას დაემატა ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ა) მივლინება – დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ. ქვეყნის ფარგლების გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი;
ბ) გრძელვადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;
გ) მოკლევადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 ან ნაკლები კალენდარული დღის ვადით;
დ) დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული – დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად;
ე) მუდმივი სამუშაო ადგილი – ტერიტორია, სადაც დაქირავებული, შრომითი ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული სამუშაო დროის პერიოდში (ფიქსირებულ სამუშაო საათებში) დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს, რომელიც რეგულარულ და არაერთჯერად ხასიათს ატარებს;
ვ) უქმე დღე – საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
ზ) მივლინებაში გამგზავრების დღე, მივლინებიდან დაბრუნების დღე – დღე, რომლის 24 საათამდე განხორციელდა შესაბამისი მოქმედება (გამგზავრება ან დაბრუნება).
- ქვეყნის ფარგლებში დაქირავებულის მივლინებისას მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 ლარისა. გაიანგარიშება ხდება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. ხოლო, მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები ძველებურად განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.
- ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას, მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები კვლავინდებურად განისაზღვრება თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად. ხოლო, მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა.
- მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც, გრძელვადიანი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვრა დანართი №1-ის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით (სვეტი №3), ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მომსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით. დამქირავებლის მიერ იმ დაქირავებულის საქართველოში მივლინებისას, რომლის მუდმივი სამუშაო ადგილი მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამივლინებო ხარჯების განსაზღვრისათვის გამოიყენება ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისათვის ამ ბრძანებით დადგენილი ნორმები.
- შეიცვალა ბრძანების დანართი N1, რომლითაც განისაზღვრება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მივლინების ნორმები. ქვემოთ თანდართულ ცხრილში (იხ. დანართი N1) წარმოდგენილია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების ძველი და ახალი ნორმების შედარება.
შპს კრესტონ ჯორჯია
მმართველი პარტნიორი: დავით პაპიაშვილი
საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: რუსუდან ჭაბუკიანი