არამეწარმე ფიზიკური პირებისგან საქონელის შესყიდვის ელექტრონული აქტების გამოწერის დეტალები და Kreston Georgia-ს მოსაზრება რეფორმის ხარვეზებთან დაკავშირებით
2026 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის N24839 ბრძანება, რის საფუძველზეც 2026 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 12 ივნისის №13017 ბრძანებაში „ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული საქონლის მიწოდების/მოძრაობის/ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ“
ცვლილება რომელიც 2026 წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს ითვალისწინებს ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას ახალი ფორმის ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერის ვალდებულების დაწესებას, კერძოდ კი, არამეწარმე ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას მატერიალური (ქაღალდის) აქტების ჩანაცვლებას ელექტრონული შესყიდვის აქტით. ცვლილების მიხედვით არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, მყიდველი მხარე (მაგალითად შპს ან ი/მ) თავად აგენერირებს საქონლის შესყიდვის ელექტრონულ დოკუმენტს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტს გამყიდველი არამეწარმე ფიზიკური პირი ადასტურებს.
ვის ეხება ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერის ვალდებულება?
შესყიდვის აქტის გამოწერის ვალდებულება ფიზიკური პირისგან საქონლის შემსყიდველი მხარისთვის წესდება, ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდების ისეთ ოპერაციაზე რა დროსაც გამოწერილი არ არის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტი. გამომდინარე იქიდან რომ ელექტრონული სასაქონელო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა არამეწარმე ფიზიკურ პირებს არ შეუძლიათ (ვისაც არ გააჩნია rs.ge-ის ე.წ. პორტალი), აღნიშნული ვალდებულება პირველ რიგში არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ მეწარმე სუბიექტებზე (მაგალითად შპს-ზე ან ი/მ-ზე) საქონლის მიწოდებისას წესდება.
მაგალითი: თუ არამეწარმე ფიზიკური პირი მის მიერ მოყვანილ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ან მაგალითად სამშენელო მასალას შპს-ს ან ი/მ-ს მიჰყიდის, მყიდველი მხარე (შპს ან ი/მ) ვალდებული იქნება ახალი ფორმის ელ. აქტი გამოწეროს (გამოუწეროს საკუთარ თავს), რისი დადასტურებაც გამოწერის შემდგომ გამყიდველმა ფიზიკურმა პირმა უნდა მოახდინოს.
გამონაკლის შემთხვევებს რა დროსაც არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ მიწოდებულ საქონელზე ახალი ფორმის შესყიდვის აქტი არ გამოიწერება, წარმოადგენს:
1. შესაბამისი წესით აღრიცხვას დაქვემდებარებული ხე-ტყის შესყიდვები.
2. საქონლის შესყიდვა, რომელზეც საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება (მაგალითად, უძრავი ქონებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა)
გარდა ზემოთ აღნიშნულისა საქონლის შესყიდვის აქტის გამოყენება ნებაყოფლობითია:
1. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე პირებისთვის — მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებისთვის;
2. დღგ-ის გადამხდელი ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას.
გარდა ამისა სავალდებულო წესით არ მოითხოვება არამეწარმე ფიზიკური პირებისგან მომსახურების მიღების ოპერაციაზე ზემოთ ხსენებული ელ. შესყიდვის აქტის გამოწერა, თუმცა სურვილის შემთხვევაში მიღებულ მომსახურებაზე აღნიშნული დოკუმენტის გამოწერა შესაძლებელია.
როგორ უნდა გამოიწეროს ელექტრონული შესყიდვის აქტი?
1 დეკემბრიდან შესყიდვის აქტი ელექტრონულად, მყიდველი მხარის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან უნდა გამოიწეროს, არაუგვიანეს შესყიდვის ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა (2 კალენდარული თვის განმავლობაში).
დოკუმენტში აისახება საქონლის შესყიდვის თარიღი და ადგილი, გამყიდველი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ტელეფონის ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება, ანგარიშსწორების ფორმა (ნაღდი, უნაღდო ან შერეული), ანაზღაურების მდგომარეობა („ანაზღაურებულია“, „არ არის ანაზღაურებული“ ან „ნაწილობრივ ანაზღაურებულია“, შესაბამისი თანხის მითითებით) და სხვა მონაცემები.
გამოწერილი შესყიდვის აქტი (მათ შორის აქტის რედაქტირება და გაუქმება) ექვემდებარება გამყიდველი ფიზიკური პირის დადასტურებას ან უარყოფას, რაც შესაძლებელია განხორციელდეს 3 გზით:
1. შესაძლებელია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
2. ტელეფონზე გაგზავნილი SMS-კოდით.
3. სპეციალური ბმულით.
ამასთან, შესყიდვის აქტის დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია შესაბამისი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დაუდასტურებელ, გადაგზავნილ აქტს მიენიჭება სტატუსი „ვადაგასული-გადაგზავნილი“.
გარდა ამისა როგორც უკვე აღინიშნა გამოწერილი და დადასტურებული შესყიდვის აქტი ექვემდებარება შემდგომ რედაქტირებას ან გაუქმებას, თუმცა ზემოთ აღწერილი პროცედურის შესაბამისად იგი ექვემდებარება გამყიდველი ფიზიკური პირის მხრიდან დადასტურებას, რაც ასევე 2 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.
რა მოხდება თუ ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის ოპერაციაზე ახალი ფორმის ელ. შესყიდვის აქტი არ იქნება გამოწერილი?
2026 წლის 1 დეკემბრიდან არამეწარმე ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვის ოპერაციაზე ელ. ფორმის შესყიდვის აქტის ზემოთ ხსენებულ ვადაში გამოწერა და დადასტურება სავალდებულოა (მიუხედავად იმისა, რომ ამ ნორმის კანონიერებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს), ვინაიდან სხვა შემთხვევაში ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვის ოპერაცია ე.წ. უსაბუთო ხარჯად იქნება მიჩნეული.
მეწარმე იურიდიული პირების (მაგალითად შპს-ს ან სს-ის შემთხვევაში), თუ აღნიშნული პირები გადასული არიან ე.წ. ესტონურ მოდელზე და მათ მიერ მოხდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვა ახალი ფორმის ელ. შესყიდვის აქტის გარეშე, აღნიშნული ჩაითვლება დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და ზოგადად დაექვემდებარება დაბეგვრას მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით.
მეწარმე იურიდიული პირების (მაგალითად შპს-ს ან სს-ის შემთხვევაში), თუ აღნიშნული პირები არ არიან გადასული ე.წ. ესტონურ მოდელზე (მაგალითად ბანკები, მსო და სგს) და წლიური დასაბეგრი მოგებიდან 20%-იანი განაკვეთით იბეგრებიან, მათ მიერ ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვა ახალი ფორმის ელ. შესყიდვის აქტის გარეშე, ასევე ჩაითვლება დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად, რაც ნიშნავს იმას რომ მათი წლიური დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას აღნიშნული ხარჯების გამოქვითვა ვერ განხორციელდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაბეგვრა ამ უკანასკნელის გამო გაზრდილი დასაბეგრი მოგების 20%-ით.
მეწარმე ფიზიკური პირების ანუ ი/მ-ების შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები წლიური დასაბეგრი შემოსავლიდან (წლიური მოგებიდან) 20%-იანი განაკვეთით იბეგრებიან, უსაბუთო ხარჯით გამოწვეული დაბეგვრა ანალოგიურად მოხდება როგორც ბანკებისა და მსო-თვის აღწერილ შემთხვევაში (ხარჯების გამოქვითვის შესაძლებლობის არ ქონის გამო გაზრდილი წლიური მოგება შეიძლება დაიბეგროს 20%-იანი განაკვეთით).
სხვა სახის მეწარმე ფიზიკური პირების შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული პირები წლიური დასაბეგრი შემოსავლიდან არ იბეგრებიან (მაგალითად მცირე ან მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები), დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის არსებობა ზოგადად არ წარმოშობს რაიმე სახის დაბეგვრის ვალდებულებას, თუმცა ამის მიუხედავად ხარჯის დოკუმენტის არ არსებობამ გარკვეულ შემთხვევებში ასეთი პირების დაბეგვრაზეც შესაძლოა მოახდინოს გავლენა.
რამდენად კანონიერია საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების გარეშე შესყიდვის აქტის ელექტრონული ფომით გამოწერის/დადასტურების 2 თვიანი ვადისა და სხვა შეზღუდვების დაწესება?
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ, ამასთან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) ხორციელდება მიმღები ორგანოს მიერ, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით.
პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით ხორციელდება, სადაც მოცემულია ყველა ის მოთხოვნა რაც პირველადი დოკუმენტით (მ.შ. შესყიდვის აქტით) საქონლის შეძენისას უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ჩვენი აზრით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით არ არის გათვალისწინებული რაიმე სახის დამატებითი შეზღუდვების არსებობა ან ასეთი შეზღუდვების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაწესების შესაძლებლობა (მაგალითად ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის მიერ), მ.შ. აღნიშნული დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების ვადასთან მიმართებით, რაც პირდაპირ აჩენს კითხვებს შესყიდვის აქტის გამოწერის ვადის შეზღუდვის კანონიერებასთან მიმართებაში.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით ფინანსთა მინისტრის უფლებამოსილია, განსაზღვროს:
ა) ცალკეული შემთხვევები, როდესაც ხარჯის დოკუმენტურად დადასტურება სავალდებულო არ არის;
ბ) დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ჩაითვლება ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად.
ზემოთ ხსენებული კი იმაზე მიანიშნებს რომ ფინანსთა მინისტრსა და შემოსავლების სამსახურს არათუ რაიმე სახის დამატებითი მოთხოვნების დაწესების უფლება აქვთ, არამედ მათ აქვთ უფლება განსაზღვრონ ის შემთხვევები რა დროსაც არ გამოიყენება ხარჯის დოკუმენტის მიმართ სსკ-ით დადგენილი მოთხოვნები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს ნიშნავს იმას რომ ამ უკანასკნელ უწყებებს პირველად დოკუმენტთან მიმართებით სსკ-ით დადგენილი მოთხოვნების არათუ გამკაცრება, არამედ აღნიშნული მოთხოვნების შემსუბუქება უნდა შეეძლოთ.
ამას ემატება ის გარემოება რომ ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით თავად ფინანსთა მინისტრიც არანაირ დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს შესყიდვის აქტის გამოწერის ვადებთან მიმართებით, არამედ განსაზღვრავს მხოლოდ იმას რომ შემოსავლებსის სამსახურის უფროსმა უნდა უზრუნველყოს საქონლის მიწოდების/მოძრაობის/ნაშთების აღრიცხვის ფორმისა და წესის განსაზღვრა. ეს უკანასკნელი ჩანაწერიც უკიდურესად საინტერესოა გამომდინარე იქიდან რომ შემოსავლების სამსახურის უფროსზე არათუ დოკუმენტის გამოწერის ვადების განსაზღვრის უფლების დელეგირება ხდება, არამედ მხოლოდ საქონლის მიწოდების/მოძრაობის/ნაშთების აღრიცხვის ფორმის განსაზღვრის უფლებამოსილების გადაცემა.
აქედან გამომდინარე ჩვენთვის სრულიად გაუგებარია საგადასახადო კოდექსის რომელ ნორმაზე დაყრდნობით ხორციელდება ელ. შესყიდვის აქტის გამოწერასთან/დადასტურებათან მიმართებაში რაიმე სახის დამატებითი შეზღუდვების დაწესება მ.შ. 2 თვიანი ვადის განსაზღვრის ნაწილში, მით უფრო როდესაც ასეთი შეზღუდვების დაწესება არც საგადასახადო კოდექსის და არც ფინანსთა მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული, არამედ განსაზღვრულია მხოლოდ შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამის ბრძანებაში.
აქედან გამომდინარე მიგვაჩია რომ აღნიშნული ხარვეზი უნდა გამოსწორდეს და თუ საჭიროება მოითხოვს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებაც უნდა იქნეს შეტანილი, ასევე ჩვენი აზრით უნდა გადაიხედოს დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების 2 თვიანი ვადის შეზღუდვაც, ისევე როგორც უნდა დაზუსტდეს უსაბუთო ხარჯთან მიმართებით შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული მიდგომების მსგავს შემთხვევებზე გავრცელების საკითხიც (მ.შ. უსაბუთო ხარჯების 75%-ის ხარჯად აღიარების ნაწილში). მიგვაჩნია რომ ამ უკანასკნელი საკითხების წინასწარ დაზუსტების გარეშე საკანონმდებლო სიახლის 1 დეკემბრიდან ამოქმედებამ ძალიან ბევრი გაუგებრობა და ძალიან ბევრი ახალი საგადასახადო დავა შესაძლოა წარმოშვას, რის გამოც მიგვაჩნია რომ უმჯობესი იქნება თუ აღნიშნული რეგულაცია 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ნაცვლად 1 დეკემბრისა, მანამდე კი კარგად იქნება გააზრებული აღნიშნული ნორმის ამ ფორმით ამოქმედების ყველა შესაძლო რისკები და გამოსწორებული იქნება ხარვეზის შემცველი ყველა საკითხი.