
2021 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
Kreston Papiashvili გთავაზობთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში 2021 წლის თებერვალ-მარტში შესული ცვლილებების მიმოხილვას
სარჩევი:
- მნიშვნელოვანი ცვლილებები №996 ბრძანებაში.
- ცვლილება კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა ჩამონათვალში
- საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სასამართლოსადმი
- ცვლილება სმფ-ის ჩამოწერის დოკუმენტში
- დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორის შემოწმების პროცედურები
- ცვლილება მიკრობიზნესის სტატუსი მინიჭებამდე მიღებული შემოსავლის დაბეგვრის წესში
- ინფორმაციის კონფიდენციალობა
- საგადასახადო აღრიცხვის განხორციელება ვიდეოზარით
- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსება
1. მნიშვნელოვანი ცვლილებები №996 ბრძანებაში
2021 წლის 9 მარტს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა რიგი ცვლილებები საქართველოს ფინანსთან მინისტრის N996 ბრძანებაში:
1.1 ავანსის მიღების შემდგომ პირის რეგისტრაცია დღგ–ს გადამხდელად
ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 482 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე და ანაზღაურების მომენტში თანხის მიმღები პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
ცვლილების მიხედვით, თუ საქონლის ან მომსახურების მიმწოდებელმა მიწოდებამდე მიიღო ავანსი და ამ დროს იგი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, ავანსები არ შევა ამ პირის 100 000 ლარის სათვალავში და მისთვის დღგ-ს დასაბეგრი დრო იქნება ამ საქონლის ან მომსახურების მიწოდების მომენტი.
1.2 საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის გამოწერა დღგ ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში
ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 2-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა სავალდებულო არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.3 ბარტერული ოპერაციის დღგ–თი დაბეგვრა
ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 112-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 46-ე და 47-ე პუნქტები:
46. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
47. ამ მუხლის 46-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ორივე მხარე წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს და ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით, ამ ოპერაციის თითოეულ მხარეს უფლება აქვს, ჩაითვალოს მის მიერ მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე დარიცხული და შესაბამის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში. ამ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ ოპერაციაზე დარიცხული და შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რა დროსაც, დასაბეგრ პირებს შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება.
ცვლილების მიხედვით ბარტერული ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე. ხოლო 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდში ბარტერული ოპერაციების შემთხვევაში თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განმარტებულია ორაზროვნად (იკითხება ისე თითქოს) განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებული/მისაღები საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილი).
1.4 საქონლის იმპორტთან დაკავშირებული უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვის და მასთან დაკავშირებული მომსახურების დღგ–ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება.
ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 112-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 49-ე პუნქტი: საქონლის იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომელიც გაიწევა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე და შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების ნაწილად და ექვემდებარება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:
ვ) საქონლის იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
თ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია:
თ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება;
თ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;
თ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;
თ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისთვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
თ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
ცვლილების მიხედვით საქონლის იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომელიც გაიწევა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე და შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, ექვემდებარება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვის გარკვეულ შემთხვევებში დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას ასევე ითვალისწინებს სსკ-ის 172-ე მუხლის 4-ე ნაწილის ხ ქვეპუნქტი:
იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულებას მოიცავს ამ კოდექსის 164 1 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დასაბეგრი თანხა.
1.5 საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის დროს დღგ–ს ჩათვლა
ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 73-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი, XVIII თავის მიზნებისათვის განიხილება ძირითად საშუალებად და მასზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რაც გულისხმობს იმას რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ რემონტის ხარჯები არ დაიბეგრა (იმ მომენტისათვის არ ფიქსირდებოდა ჩ.უ.გ.გ. ბრუნვები) შემდგომ პერიოდებში მასზე ვრცელდება ძირითადი საშუალების დღგ-ს ჩათვლის 5 წლის განმავლობაში და 1/5-ის პრინციპით ჩათვლის წესი.
73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების ან/და მის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემთხვევებში, გავრცელდება ამ მუხლის დებულებები, იმ შემთხვევის მსგავსად, როცა შენობის/ნაგებობის ან სარემონტო მომსახურების შეძენა ხდება სხვა პირისგან. ხოლო ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ყოველწლიურად გასაუქმებელი ან ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გაიანგარიშება სხვა ძირითად საშუალებებზე – დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების დაწყების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით. აღნიშნული ნიშნავს იმას რომ საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემდგომ წლებში ჩ.უ.გ.გ. ბრუნვებში გამოყენების შემთხვევაში დღგ-ს ჩათვლებთან დაკავშირებით იმოქმედებს ე.წ. სხვა ძირითად საშუალებებზე დადგენილი ჩათვლის ნორმები რაც გულისხმობს დღგ-ს ჩათვლის მიღებას/აღდგენას 5 წლის განმავლობაში, 1/5-ების პრინციპით.
1.6 საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში და საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის დროს დღგ–ს ჩათვლა, რომლის დაბეგვრა არ მოხდა შესაბამის პერიოდში
ანალოგიური ჩანაწერი გაკეთდა შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში რაც გულისხმობს იმას რომ მაშინაც კი თუ შენობა ნაგებობის ექსპლუატაციაში გადაცემა არ დაიბეგრა (იმ მომენტისათვის არ ფიქსირდებოდა ჩ.უ.გ.გ. ბრუნვები) შემდგომ პერიოდებში მასზე ვრცელდება ძირითადი საშუალების დღგ-ს ჩათვლის 10 წლის განმავლობაში და 1/10-ის პრინციპით ჩათვლის წესი.
კერძოდ, დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (არ დაიბეგრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში) და აღნიშნული ძირითადი საშუალება გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელზეც დასაბეგრ პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, მიმდინარე და შემდგომი 9 წლის განმავლობაში დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე კორექტირებას/დარიცხვას ექვემდებარება დღგ-ის თანხა, რომელიც გამოითვლება ამ ძირითადი საშუალების წარმოების ფასის 1/10-დან იმ პროპორციული ნაწილის მიხედვით, რომელზეც დასაბეგრ პირს არ გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში. აღნიშნული ნიშნავს იმას რომ შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში შემდგომ წლებში აღნიშნული აქტივის ჩ.უ.გ.გ. ბრუნვებში გამოყენების შემთხვევაში დღგ-ს ჩათვლებთან დაკავშირებით იმოქმედებს შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი ჩათვლის ნორმები რაც გულისხმობს დღგ-ს ჩათვლის მიღებას/აღდგენას 10 წლის განმავლობაში, 1/10-ების პრინციპით.
1.7 უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ რეგისტრაციის გარეშე დღგ–ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესის ამოქმედების გადავადება
ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 112-ე მუხლის 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ ინსტრუქციის 471 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან. ცვლილებამდე რედაქციით ბრძანებაში 112-ე მუხლის 41-ე პუნქტის მიხედვით 471 მუხლი უნდა ამოქმედებულიყო 2021 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 471 მუხლი განსაზღვრავს უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესს. ცვლილებით გადავადდა ამ მუხლის ამოქმედების პერიოდი – პირველი აპრილიდან პირველ ივლისამდე.
1.8 სამშენებლო მომსახურების დღგ–თი დაბეგვრა
ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 112-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 48-ე პუნქტი: თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
2. ცვლილება კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა ჩამონათვალში
2021 წლის 5 თებერვლის თვეში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამში (დადგენილება N286).
აღნიშნული ცვლილების შედეგად გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე. 2021 წლის იანვრის თვიდან 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემას არ ზღუდავს თუ პირი 2020 წელს, საარჩევნო პერიოდში, დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და რომელზეც, ამ პერიოდის მიხედვით, ხელფასის გაცემა დაფიქსირდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.
კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის შეზღუდვას ასევე აღარ წარმოადგენს თუ დაქირავებული პირის სახელზე 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში გაიცა ხელფასი დაქირავებით შრომისთვის როგორც საარჩევნო პერიოდში დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე.
ამასთან, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს, დაქირავებულს (მათ შორის, პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა თიზ–ის საწარმოსი, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში 2020 წლის იანვარ − ნოემბრის საანგარიშო თვეების მიხედვით 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა პირის ორსულობისა, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ერთ ან მეტ თვეს არ იღებს ხელფასს, რომელიც არ აღემატება 10 ლარს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);
3. საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სასამართლოსადმი
2021 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს ფინანსთან მინისტრის N994 ბრძანებაში. კერძოდ 46-ე მუხლის „საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სასამართლოსადმი“ 1-ლი და მე-2 მუხლები ჩამოაყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის შედგენიდან/ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, თუ ჯამურად გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 ლარს, გარდა ამ წესის XVIII თავით გათვალისწინებული, დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადების შემთხვევისა.
2. საჯარო შეტყობინების შედეგად აღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გასვლიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადისა და გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.
4. ცვლილება სმფ-ის ჩამოწერის დოკუმენტში
2021 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს ფინანსთან მინისტრის N994 ბრძანებაში. კერძოდ შეტანილ იქნა ცვლილება 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმადაც თუ უფლებამოსილი პირის მიერ შეუძლებელია დანართ №24-ში (სმფ-ის ჩამოწერის დოკუმენტი) მითითებული სმფ-ის ფაქტობრივად არსებულთან შედარება, მას უფლება აქვს (გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს საკუთარი ხარჯებით შესაბამისი სპეციალისტის მოწვევა. აქვე ჩაემატა 31 პუნქტი, რომლის თანახმად ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს რაოდენობრივი/თანხობრივი ზღვარი, რომლის ფარგლებში, დანართ №24-ში მითითებული სმფ-ები ფაქტობრივად არსებულის შესაბამისად ჩაითვლება.
5. დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორის შემოწმების პროცედურები
2021 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებაში. კერძოდ დაემატა შემდეგი შინაარსის 3719 და 3720 მუხლები.
მუხლი 3719. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესი.
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სსკ-ის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს.
3.„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით.
4. დამქირავებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ახსნა–განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას, რაც აისახება „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში.
5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ განხორციელდა დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარება ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ის მოძიება, ამასთან, თუ დამქირავებელი უარს აცხადებს წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ახსნა–განმარტებები ან/და შესაბამისი დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე, ამ წესის II კარით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 3720. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმი
1. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს დანართი №246–ით გათვალისწინებულ „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმს.
2. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში აისახება შესწავლის შედეგად გამოვლენილ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაცია.
3. შესწავლის შედეგად მიღებული შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც თანხვედრაშია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ არსებულ ინფორმაციასთან, აღნიშნულ ოქმში არ აისახება, შეუვსებელი ველები გადაიხაზება და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმი შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.“
6. ცვლილება მიკრობიზნესის სტატუსი მინიჭებამდე მიღებული შემოსავლის დაბეგვრის წესში
2021 წლის 18 თებერვლის თვეში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის N999 ბრძანებაში. თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მიკრობიზნესის სტატუსის მიღებას ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრობიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით.
მაგალითი: გიორგიმ 2021 წლის 25 ივნისიდან მიიღო მიკრობიზნესის სტატუსი. მოცემული მომენტისათვის მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 15 000 ლარს, ბიუჯეტში კი მიმდინარე გადასახდელების სახით გადახდილი ჰქონდა 1000 ლარი. საანგარიშო წლის დასრულებამდე მან კიდევ მიიღო შემოსავალი 7000 ლარის ოდენობით.
ანალიზი: ვინაიდან გიორგიმ სტატუსი მიიღო 2021 წლის 25 ივნისიდან, მიკრობიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მის მიერ 2021 წლის 25 ივნისიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, ანუ 7000 ლარზე. ამასთან, მის მიერ სტატუსის მინიჭებამდე შემოსავლები (15 000 ლარი) დაექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას. გიორგის მიერ 2022 წლის 1 აპრილამდე წარსადგენ დეკლარაციაში სპეციალური რეჟიმით დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ნაწილში აისახება 7 000 ლარი. ამასთან, ფიზიკურ პირს სტატუსის მიღების შემდგომ მიმდინარე გადასახდელები აღარ დაერიცხება.
7. ინფორმაციის კონფიდენციალობა
2021 წლის 17 თებერვალს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს ფინანსთან მინისტრის N996 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოიჯარის ან/და მძღოლის მომართვის შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლება აქვს გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების შესახებ ინფორმაცია. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გასცეს ინფორმაცია აღნიშნულ პირთა სატრანსპორტო საშუალებით საქონლის ტრანსპორტირების მიზნით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში მითითებული გამყიდველის/გამგზავნის ან/და მყიდველის/მიმღების დასახელების/სახელის და გვარის, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის და ტრანსპორტირების თარიღის შესახებ.
8. საგადასახადო აღრიცხვის განხორციელება ვიდეოზარით
2021 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა და ძალაში შედის 20 მარტიდან ცვლილება საქართველოს ფინანსთან მინისტრის N996 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც, მე-3 მუხლის პირველ ნაწილს დაემატა ახალი 13 ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვა, შემოსავლების სამსახურისათვის განცხადების წარდგენის ნაცვლად, შესაძლოა განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით მიმართვის საფუძველზე. საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით მიმართვა ასევე წარმოადგენს ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. ცალკეულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით მიმართვის ნავლად, პირს მოსთხოვოს შესაბამისი განცხადების წარდგენა.
9. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსება
2021 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს ფინანსთან მინისტრის N996 ბრძანებაში, რომელიც შეეხო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესს. ცვლილების თანახმად, ანგარიშგების განხორციელების წესი და ვადა შესაბამისობაში მოდის ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტთან, რომლის თანახმადაც, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული წელი დაემთხვა კალენდარულ წელს. ამასთან, ცვლილების განხორციელების შედეგად ანგარიშგება გახდა ერთიანი, რაც გულისხმობს, რომ წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელებს დაუწესდათ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარმოდგენის და გადახდის კონკრეტული სავადო თარიღები და ამ თარღების მიხედვით წარმოდგენილი ერთი გაანგარიშებით გადამხდელებს საშუალება ეძლევათ შეასრულონ რამდენიმე ლიცენზიით მიმართ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში, რაც ამარტივებს მოსაკრელის გადამხდელებისათვის ანგარიშგების განხორციელების პროცესს. ასევე ცვლილებით, განისაზღვრა მოსაკრებლის გადამხდელის ანგარიშგების ახალ წესზე გადასვლა, იმ შემთხვევაში, როცა ანგარიშგება ხორციელდება ლიცენზიის მიღების თარიღის გათვალისწინებით.
1. გაანგარიშების პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია მოსაკრებლის გადამხდელის რეკვიზიტების, გაანგარიშების ტიპის (პირველადი/შესწორებული), საანგარიშო პერიოდის შესახებ, აგრეთვე, ეკონომიკური საქმიანობის (,,NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით.
2. გაანგარიშების ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
3. გაანგარიშების II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
4. გაანგარიშების III ნაწილის:
ა) პირველ სვეტში აისახება იმ ლიცენზიის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშგება;
ბ) მე-2 სვეტში აისახება პირველ სვეტში მითითებული ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსის სახეობა. თუ ლიცენზია მოიცავს რამდენიმე სახეობის რესურსს, მაშინ თითოეული სახეობა ცალ-ცალკე სტრიქონში აისახება;
გ) მე-3 სვეტში აისახება ზომის ერთეული (გრამი, კილოგრამი, ტონა, მ3) ბუნებრივი რესურსების სახეობათა მიხედვით;
დ) მე-4 სვეტში აისახება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ:
დ.ა) სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ წყალზე – წლის განმავლობაში გამოყენებული წყლის მოცულობა;
დ.ბ) ტყის ფონდის მერქნულ რესურსებზე – საანგარიშო თვის განმავლობაში ბუნებიდან ამოღებული რესურსების ოდენობა. ამასთან, თუ პირი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სისტემატურად (ყოველდღიურად) ახორციელებს ტყის ფონდის მერქნული რესურსების გარემოდან ამოღებას, უფლებამოსილია წინასწარ წარადგინოს მოსაკრებლის გაანგარიშება თვის მოსალოდნელი მოსაპოვებელი რესურსების მოცულობების მიხედვით, რომელიც შემდგომში ექვემდებარება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით განაშთვას;
დ.გ) მინერალურ წყლებსა და მიწისქვეშა მტკნარ ჩამოსასხმელ წყლებზე – კვარტლის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ¼-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ¼-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობა;
დ.დ) ნახშირორჟანგზე (გაზი CO2) – თვის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის შესაბამისად მოპოვებული რესურსის მოცულობა (ოდენობა);
დ.ე) იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) – 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობა, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ½-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ½-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია მოიცავს არასრულ წელს (დაიწყო, დასრულდა, გასხვისდა წლის შიგნით), გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება თვიურ ლიმიტს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.
შენიშვნები:
- იმ შემთვევაში თუ წლის შიგნით, რომელიმე საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმურ მოცულობას, გაანგარიშებაში უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მოცულობა.
- თუ ლიცენზია/მისი ნაწილი გაცემულია იჯარით, მოსაკრებლის გაანგარიშება და გადახდა ეკისრება ლიცენზიის მესაკუთრეს.
- იმ შემთხვევაში თუ, ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია განცხადებით მიმართოს ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
ზემოთ ხსენებული პუბლიკაციაში მოცემულია Kreston Georgia-ს პოზიცია საკანონმდებლო სიახლებთან დაკავშირებით, რომელიც სარენომენდაციო ხასიათს ატარებს, შესაბამისად კომპანია არ არის პასუხისმგებელი პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებზე მესამე პირების წინაშე.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ კომპანიის პარტნიორებს:
აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს (Kreston International-ის წევრი)
ლევან პაპიაშვილი, ტელეფონი 574 000 420, ელ ფოსტა: l.papiashvili@kreston.ge
დავით პაპიაშვილი, ტელეფონი 595 333 860, ელ ფოსტა: d.papiashvili@kreston.ge
ან დაგვეკონტაქტეთ ტელეფონის ნომერზე: 032 2 48 37 39