ახალი საჯარო გადაწყვეტილება, ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე
2024 წლის 10 ივნისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ფინანსთა მინისტრის ახალი საჯარო გადაწყვეტილება _ „გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე, ამ ოპერაციის ფარგლებში უძრავი ნივთის მიწოდებისას“, რომელიც განმარტავს გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხს, როდესაც ამ გარიგების ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება.
როგორც მოგეხსენებათ:
- სსკ-ის 159-ე მუხლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას მიეკუთვნება დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
- სსკ-ის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
- სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის ოდენობა საბაზრო ფასით განსაზღვროს. ამ ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესებს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ეს ნაწილი არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. კერძოდ კი, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 483 მუხლის შესაბამისად, თუ გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე.
- ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. აღნიშნული წესი (2024 წლის 1 იანვრიდან დადებული გარიგებებისთვის) ვრცელდება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციებზე როგორც ფულადი, ასევე საქონლის/მომსახურების სახით ანაზღაურების გადახდის ნაწილში. აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 იანვრამდე დადებული გარიგებებისათვის, აღნიშნული წესი (ავანსის დაბეგვრის) ვრცელდება/ვრცელდებოდა გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციებზე მხოლოდ ფულადი სახით ანაზღაურების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული მუხლებისა და გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილების მიხედვით, თუ ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირი, საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, საწარმოსგან საკუთრებაში იღებს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილს, საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით (მიწის ნაკვეთის მიწოდების მომენტში), დღგ-ის გარეშე. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ნაწილობრივ, ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით, ხოლო ნაწილობრივ – ფულადი სახით, საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება საწარმოს მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ფულადი სახით ანაზღაურებული თანხის გამოკლებით.
ამასთან, თუ ზემოაღნიშნული ოპერაცია ხორციელდება 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ დადებული გარიგების მიხედვით, საწარმოს მიერ საქონლის (მიწის) ან/და ფულადი სახით მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება, მისთვის მიწის ნაკვეთის მიწოდების ან/და ფულის მიღების საანგარიშო პერიოდში. ხოლო, თუ ოპერაცია ხორციელდება 2024 წლის 1 იანვრამდე დადებული გარიგების მიხედვით, საწარმოს მიერ, აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ფიზიკური პირისთვის შენობა-ნაგებობის მიწოდების საანგარიშო პერიოდში და არა ე.წ. ავანსის მიღების მომენტში.
მაშასადამე, გადაწყვეტილების თანახმად:
ა) გარიგება, რომლის დროსაც, საქონლის/მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურება ხორციელდება ნაწილობრივ არაფულადი (საქონლის/მომსახურების) ან/და ნაწილობრივ ფულადი სახით, წარმოადგენს ბარტერულ ოპერაციას;
ბ) დღგ-ის მიზნისთვის, მხარეების მიერ ბარტერის საგნის (საქონლის/მომსახურების) ღირებულება განისაზღვრება ფულადი სახით;
გ) გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში უძრავი ნივთის მიწოდების შემთხვევაში, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე;
დ) ბარტერული ოპერაციის მონაწილე პირი დღგ-ის ჩათვლას ახორციელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით;
ე) 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ დადებულ ბარტერულ გარიგებებზე, თუ ანაზღაურება (ფულადი ან არაფულადი სახით) სრულად ან ნაწილობრივ მიღებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურების (როგორც, ფულადი, ისე არაფულადი) შესაბამისი დღგ-ის თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ანაზღაურების საანგარიშო პერიოდში;
ვ) 2024 წლის 1 იანვრამდე დადებულ ბარტერულ გარიგებებზე, შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში. ამასთანავე, ბარტერული ოპერაციის ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მხოლოდ თანხის ნაწილობრივ ანაზღაურების შემთხვევაში, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა თანხის ანაზღაურების საანგარიშო პერიოდში.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/d8f07cfc-ec99-4aa8-8063-2ab5aeba90dd