
კანონპროექტი საგადასახადო ამინისტიაზე და ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანასთან დაკავშირებულ საგადასახადო შეღავათებზე
პარლამენტის წევრებმა, ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან და ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანისას დაწესებულ შეღავათებთან დაკავშირებული კანონპროექტი დააინიცირეს. კერძოდ კი 309-ე მუხლის 37-ე ნაწილს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის (საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ზოგადი წესი) მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
საგადასახადო ამნისტიასთან ერთად, შემოდის დროებითი ნორმა, რომლის მიხედვითაც წახალისდება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესი, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით. კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათები შეეხება აქტივების ბენეფიციარ მესაკუთრე ფიზიკურ პირს/ პირებს, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოურ საწარმოს და საქართველოს საწარმოს, რომლის საკუთრებაშიც გადავა აქტივები.
კერძოდ კი, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება 146-ე ნაწილი. ცვლილების შედეგად, განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან. კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. ხოლო, საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ აქტივების გადაცემაზე, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია კანონპროექტის ამოქმედების დღისთვის. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობდეს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი). კანონპროექტის მიხედვით, შემდგომში გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის მიზნით განისაზღვრა, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში აქტივის მიმღები მხარისთვის აქტივის ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მისი ღირებულება ამ აქტივის გადაცემის მომენტისთვის.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/360253?