fbpx
გააზიარე სტატია

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების არსებობისას საქონელის საბაჟო ღირებულების კორექტირების ვალდებულება დაწესდა

 

ფინანსთა მინისტრის შესაბამის ბრძანებაში განხორციელებული შესაბამისი ცვლილების შედეგად  საერთაშორისო კონტროლიბადი ოპეარციის არსებობის შემთხვევაში საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირებისა და გადასახადის დარიცხვის შესაბამისი ვალდებულება დაწესდა.

საგადასახადო კოდექსის XVI-ე თავის მიხედვით საერთაშორისო კონტროლიბად ოპერაციად (Transfer pricing) ითვლება ოპერაცია რომელიც დადებულია:

  1. საქართველოს რეზიდენტ პირსა და ურთიერთდამოკიდებულ პირს შორის.
  2. საქართველოს რეზიდენტ პირსა და შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნის რეზიდენტ პირს შორის (ე.წ. ოფშორი).

როგორც ცნობილია ასეთი გარიგებების დროს საქართველოს რეზიდენტი პირი საგადასახადო ორგანოს მხრიდან მოთხოვნიდან 30 დღეში ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია რომელიც დაადასტურებს იმას რომ დადებული გარიგების ფასი შეესაბამება ე.წ. საბაზრო პრინციპს ანუ უხეშად რომ ვთქვათ საბაზრო ფასს. იმ შემთხვევაში თუ არ დასტურდება აღნიშნული გარიგების ფასის შესაბამისობა საბაზრო პრინციპთან შემოსავლების სამსახურს შეუძლია კომპანიისათვის მოგების გადასახადისა და სანქციის თანხის დაკისრება მაგალითისთვის იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა ზემოთ ხსენებული პირებისგან შეძენილი საქონლის/მომსახურების „ძვირად შეძენა“ ან ასეთ პირზე საქონლის/მომსახურების „იაფად გაყიდვა“, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მაგალითად იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში  აღნიშნული მიდგომის მაგალითად იმპორტის დღგ-სთან მიმართებაში  გამოყენებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში პირდაპირი მინიშნება არ იყო.

2024 წლის 16 თებერვალს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ინსტრუქციაში სადაც აღნიშნულია რომ კონტროლირებადი ოპერაციის საბაზრო ფასისგან განსხვავებული ფასით დადებული გარიგების შემთხვევაში პირისთვის გადასახადისა და სანქციის დაკისრება შესაძლებელია მოხდეს მ.შ. სასაქონლი ოპერაციის,  მაგალითად იმპორტის ოპერაციის შემთხვევაშიც.

ცვლილების მიხედვით, ურთიერთდამოკიდებული პირისაგან საქონლის შეძენის შემთხვევაში, თუ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების წესებიდან გამომდინარე:

–  თუ იზრდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, მაშინ საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება უნდა დაკორექტირდეს შესაბამის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის გზით. ამასთან, როდესაც საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოს ინიციატივით, დეკლარანტს დაეკისრება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო როდესაც ასეთი კონტროლი ხორციელდება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

–  თუ მცირდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, მაშინ საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება არ ექვემდებარება კორექტირებას და დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

გამოდის რომ თუ იმპორტიორ პირს  საქონელი შეძენილი აქვს ურთიერთდამოკიდებული პირისგან ან ე.წ. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირისგან და იმპორტის შემდგომ დადგინდება რომ ამ საქონლის შესყიდვის ღირებულება ნაკლებია კონტროლირებადი ოპერაციის თავის მიხედვით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებაზე, იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელი არ დააკორექტირებს საბაჟო დეკლარაციას შემოსავლების სამსახური მოახდენს მაგალითისთვის იმპორტის დღგ-ისა  და შესაბამისი სანქციის თანხის დარიცხვას სხვაობის თანხიდან.

აღსანიშნავია, რომ ბრძანების ცვლილებამდე არსებულ ვერსიაში, ცალკე არ იყო განხილული ურთიერთდამოკიდებული პირისგან (კონტროლირებადი ოპერაცია) საქონლის ყიდვის შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების გაზრდის/შემცირების და შესაბამისად იმპორტთან დაკავშირებული გადასახადების/სანქციების დარიცხვის საკითხი, თუმცა განხილული იყო ზოგადი შემთხვევა, რომლის მიხედვითაც, პირი ვალდებული იყო მიემართა საბაჟო ორგანოსთვის საქონლის საბაჟო ღირებულების შეცვლის მიზნით.

 

მეტი დეტალებისთვის იხილეთ ცვლილება  შემდეგ ბმულზე:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/788b2f29-805e-4f84-b26b-6a2f006a83b2


გააზიარე სტატია