სამშენებლო კომპანიების დღგ-ით დაბეგვრის წესი მნიშვნელოვნად იცვლება
ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების 48 პრიმა მუხლში შესული ცვლილების მიხედვით ძირეულად იცვლება ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის წესი, რისი მიხედვითაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიებთან ერთად მნიშვნელოვანად იცვლება სამშენებლო კომპანიების დღგ-ით დაბეგვრაც.
ცვლილების მიხედვით კანონდებლობაში მანამდე გაჟღერებული ტერმინი „საკომპენსაციო თანხა“ ჩანაცვლდა ტერმინით „ანაზღაურება“, რაც იმაზე მიანიშნებს რომ ბარტერული ოპერაციის შემთხვევაში საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე ანაზღაურებული საქონლიც ან მომსახურებაც მიღების შემთხვევაში განიხილება ე.წ. ავანსად და უნდა დაიბეგროს დღგ-ით ასეთი საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში.
საკანონმდებლო ცვლილებამდე ბარტერული ოპერაციების მქონე დასაბეგრი პირების დღგ-ით დაბეგვრის დრო იყო:
- ბარტერული ოპერაციისას საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტი (ამ დროს იბეგრებოდა/იბეგრება გადაცემული ან მიღებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი).
- ბარტერული ოპერაციისას საქონლის/მომსახურების სანაცვლოდ მხოლოდ თანხის მიღების მომენტი (თუ მაგალითისთვის საქონელი იცვლებოდა საქონელში და მეორე მხარის მიერ ხდებოდა ე.წ. თანხის დამატება).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ კანონის ძველი რედაქციის მიხედვით ბარტერის შემთხვევაში მიწოდების ოპერაციამდე ანაზღაურების საქონლის ფორმით მიღების შემთხვევაში აღნიშნული ოპერაცია არ ითვლებოდა ე.წ. ავანსად და საქონლის მიღება არ ითვლებოდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ბარტერისას მიღებულ ავანსად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა ხდებოდა ანაზღაურების მხოლოდ ფულადი ფორმით მიღების შემთხვევაში.
მაგალითი: თუ სამშენელო კომპანია 2021 წელს ფიზიკური პირებისგან მიიღებდა 1 000 000 ლარის საბაზრო ღირებულების მიწას და 200 000 ლარს ნაღდი ფულის სახით, აღნიშნული ფიზიკური პირისთვის 2023 წლისთვის ბინების გადაცემის სანაცვლოდ – სამშენებლო კომპანია 2021 წელს მიღებული მიწის საბაზრო ფასს (1 000 000 ლარს) არ განიხილავდა ავანსად და მიწის მიღების მომენტში არ ბეგრავდა დღგ-ით. სამშენებლო კომპანია 2021 წელს ვალდებული იყო დაებეგრა მხოლოდ მიღებული ავანსის თანხები ფულადი ფორმით (200 000 ლარი) თუ სახეზე იყო ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების 48 პრიმა მუხლით დადგენილი მოთხოვნები (ცნობილი იყოს საქონლი/მომსახურების დასახელება, ღირებულება, რაოდენობა და ა.შ.).
2023 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული ცვლილების მიხედვით პირდაპირ ჩაიწერა რომ დღგ-ით ავანსების დაბეგვრის წესი ვრცელდება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციებზეც როგორც ფულადი, ასევე საქონლის/ მომსახურების სახით ანაზღაურების გადახდის ნაწილში, რაც იმას ნიშნავს რომ დღგ-ით დაბეგვრა ბარტერის დროს მოხდება ანაზღაურების როგორც ფულადი, ასევე საქონლის/მომსახურების სახით მიღების შემთხვევაშიც.
აღნიშნული კი იმას ნიშნავს რომ ზემოთ ხსენებული მაგალითის მიხედვით სამშენელო კომპანიას დასაბეგრი ექნება მიღებული მიწის ნაკვეთი და იგი მისი მიღების მომენტში დაიბეგრება მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებით (1 000 000 ლარი), ისევე როგორც ფულადი ფორმით მიღებული თანხების ნაწილშიც (200 000 ლარი), რაც იმას მიშნავს რომ სამშენებლო კომპანიების მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დაბეგვრა დღგ-ით თავიდანვე მიწის ნაკვეთის მიღების მომენტშივე მოხდება, როგორც სამომავლოდ მისაწოდებელი ბინების ავანსის ანაზღაურება.
ბუნებრივია აღნიშნული ცვლილება შეეხება არა მხოლოდ სამშენებლო კომპანიებს არამედ ნებისმიერ დასაბეგრ პირს რომელიც ახორციელებს ბარტერულ ოპერაციას, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან და იგი არ გავრცელდება 2024 წლის 1 იანვრამდე დადებულ ხელშეკრულებებზე.
საკანონმდებლო ცვლილების წასაკითხათ გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემული ბმული:
https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/b6b1f3ad-40a2-4b92-bdfc-c26aafc100b7