fbpx
გააზიარე სტატია

ცვლილება გადამხდელთა  სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განმსაზღვრელ კრიტერიუმებში

2023 წლის 30 ოქტომბრიდან ამოქმედდა შემოსავლების სამსახურის უფროსის №26626 ბრძანება „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ რისი მიხედვითაც შეიცვალა (გაუქმდა წინა ბრძანება და ამოქმედდა ახალი) გადასახადის გადამხდელთა ზომითი კატეგორიის განსაზღვრის წესი.

როგორც ცნობილია ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 61 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს მიერ განესაზღვრება კანონმდებლობით განსაზღვრული 3 კატეგორიიდან ერთ-ერთი:

ა) მცირე;

ბ) საშუალო;

გ) მსხვილი.

ხსენებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით ახლებურად ჩამოყალიბდა  მსხვილ გადამხდელთა კატეგორიისათვის დადგენილი ზღვრები. მაგალითისთვის, თუ კანონმდებლობის ძველი რედაქციის მიხედვით, მსხვილი კატეგორიის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ წინაპირობად განსაზღვრული იყო 12 კალენდარული თვის განმავლობაში დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების 80 მლნ ლარის ტოლობა ან მეტობა, ახალი რედაქციით მსხვილი კატეგორიის გადამხდელის ზომითი კატეგორიის მინიჭებისთვის დღგ-ს ბრუნვები 100 მლნ ლარის ტოლი ან მეტი უნდა იყოს. შედეგად მოხდა მსხვილი კატეგორიის გადამხდელის მინიჭების წინაპირობების ერთგვარი „გამკაცრება“ რაც გამოიწვევს ზღვართან ახლოს მყოფი პირებისთვის კატეგორიის ცვლილებას, კერძოდ ასეთ პირებს მსხვილი გადამხდელის კატეგორიის ნაცვლად მიენიჭებათ საშუალო გადამხდელის ზომითი კატეგორია. გარდა ამისა მსხვილი კატეგორია პირს შეიძლება მიენიჭოს ისეთი კრიტერიუმის მიხედვით როგორიცაა ექსპორტირებული საქონლის მოცულობა, ქონების გადასახადის დასაბეგრი თანხა, თანამშრომელთა რაოდენობა და სხვა, რა შემთხვევაშიც ასევე განხორციელდა დადგენილი ზღვრების ცვლილება, კერძოდ ისევე როგორც დღგ-ს ბრუნვების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც მოხდა კატეგორიის მინიჭებისთვის დადგენილი ზღვრების გაზრდა.

ცვლილების მიხედვით არ შეცვლილა საშუალო გადამხდელის ზომითი კატეგორიის წინაპირობები (ქვედა ზღვრები), ხოლო რაც შეხება მცირე გადამხდელის ზომითი კატეგორიის მინიჭებას უწინდელივით მცირე გადამხდელია პირი, რომელსაც არ განესაზღვრა მსხვილი ან საშუალო გადამხდელის კატეგორია.

აქვე, შეგახსენებთ, რომ კატეგორიის განსაზღვრა წარმოებს მოცემული კრიტერიუმების რიგითობის დაცვით და ერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილება საკმარისია კატეგორიის შეცვლისათვის. მსხვილ გადამხდელს, სტანდარტულ შემთხვევაში, კატეგორია განესაზღვრება ყოველ 2 (ორი) წელიწადში ერთხელ პირველიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში და ამოქმედდება შესაბამისი თვის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან. ხოლო, საშუალო გადამხდელს, სტანდარტულ შემთხვევაში, კატეგორია განესაზღვრება ყოველი კალენდარული თვის პირველიდან 15 რიცხვამდე.

შეგახსენებთ, რომ გადამხდელთა კატეგორია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს:

  1. სავარაუდო დარიცხვის თანხების მოცულობაზე;
  2. სალაროს ნაშთის დროს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის მინიმალური ზღვარის მოცულობაზე (მცირე – 1 000, საშუალო – 10 000, მსხვილი – 100 000);
  3. საეჭვო სამეურნეო ოპერაციების კვალიფიკაციის ცვლილების შედეგების არსებითობის მიზნით დადგენილ მოცულობებზე (მცირე – 1 000, საშუალო – 10 000, მსხვილი – 100 000);
  4. არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშების არსებითობაზე (მცირე – 1 000, საშუალო – 10 000, მსხვილი – 100 000);

წარმოგიდგენთ მსხვილი და საშუალო  სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განმსაზღვრელ წინაპირობებს, კანონმდებლობის როგორც ძველი ასევე ახალი რედაქციის შესაბამისად:

N კრიტერიუმის დასახელება მსხვილი გადამხდელი (ძველი რედაქციით) მსხვილი გადამხდელი (ახალი რედაქციით) საშუალო გადამხდელი (ორივე რედაქციით)
1 კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები, ჯამურად: მეტია ან ტოლი  80 000 000 ლარზე მეტია ან ტოლი  100 000 000 ლარზე მეტია ან ტოლი  1 000 000 ლარზე
2 კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის განმავლობაში ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო ღირებულება, ჯამურად: მეტია ან ტოლი 40 000 000 ლარზე მეტია ან ტოლი 50 000 000 ლარზე მეტია ან ტოლი 100 000 ლარზე
3 კატეგორიის განსაზღვრის წლის წინა კალენდარული წლის მიხედვით დეკლარირებული ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის (გარდა მიწისა) ღირებულება: მეტია ან ტოლი 150 000 000 ლარზე მეტია ან ტოლი 200 000 000 ლარზე  
4 პირი, რომელიც ეწევა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ საბანკო საქმიანობას. არ აქვს მნიშვნელობა მიღებული შემოსავლის მოცულობას არ აქვს მნიშვნელობა მიღებული შემოსავლის მოცულობას  
5 პირი, რომელიც ეწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებულ საქმიანობას (გარდა წამახალისებელი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა) და მის მიერ მსხვილი გადამხდელის კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის განმავლობაში, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების/მოსაკრებლების თანხების ჯამი: მეტია ან ტოლი 1 500 000 ლარზე მეტია ან ტოლი 2 000 000 ლარზე  
6 კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით საგადასახადო დეკლარაცი(ებ)ის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამსა და საბაჟო დეკლარაცი(ებ)ის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამს შორის უმაღლესი: მეტია ან ტოლი 20 000 000 ლარზე მეტია ან ტოლი 25 000 000 ლარზე მეტია ან ტოლი 100 000 ლარზე
7 კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით წარმოდგენილ წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების შესაბამისად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების საშუალო რაოდენობა: მეტია ან ტოლი 1 000-ზე მეტია ან ტოლი 1 300-ზე  

 

 


გააზიარე სტატია