2023 წლის აპრილის თვის განმავლობაში
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2023 წლის აპრილის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.
შინაარსი
1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
1.1. მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
2. ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
2.1. „სიგარილების“ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესი
1.1 ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
1.1.1. მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
2023 წლის 18 აპრილს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში (სსკ). ცვლილების ძირითადი ნაწილი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის დაბეგვრასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელსაც ქვემოთ იხილავთ დეტალურად, ძალაში შედის 2024 წლის 1 იანვრიდან.
- საერთაშორისო კომპანია
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ–ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან, ნაცვლად ამ სტატუსის მინიჭების თარიღისა, როგორც ეს ცვლილებამდე არსებული რედაქციით იყო განსაზღვრული.
- ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი
სსკ–ის 135-ე და 153-ე მუხლებს დაემატა მე-5 და მე-12 ნაწილები, შესაბამისად. ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი გახდა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა. შესაბამისად, ასეთი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.
- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისათვის დღგ–ის რეგისტრაცია
სსკ–ის 165-ე მუხლს დაემატა 71–ე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ–ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება 100 000 ლარიან ზღვარში.
- საშემოსავლო გადასახადის შეღავათის სარგებლობის წესი
შეიცვალა სსკ–ის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილი. როგორც მოგეხსენებათ, სსკ–ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია 3000 და 6000 ლარამდე შემოსავლები, რომელიც საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება. ცვლილებამდე არსებული რედაქციით, ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელებულიყო შეღავათი, განსაზღვრავდა დაქირავებული პირი. ცვლილების შედეგად კი, საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. შედეგად, აღნიშნულ ცვლილებასთან მიმართებაში ველოდებით ცვლილებებს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.
- მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ–ის 89-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის შემდეგაც დაემატა კიდევ ახალი 31 ნაწილი. ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა სტატუსის გაუქმების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა კალენდარული წლის დასრულებამდე, მაშინ მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ნაცვლად კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისისა, როგორც ეს ცვლილებამდე არსებული რედაქციით იყო განსაზღვრული.
- დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ–ის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილი და შედეგად შეიცვალა საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
ფიზიკური პირის შემთხვევაში კი ეს წესი იგივე დარჩა, კერძოდ თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; და თუკი პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
- ცვლილებები საგადასახადო სანქციებში
კოდექსს დაემატა ახალი 2885–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
ამასთან, შეიცვალა სსკ–ის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი. კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით), ემატება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისა და დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევები.
გარდა ამისა, სსკ–ის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილს დაემატა „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები. კერძოდ, გაფართოვდა იმ მონაცემთა ჩამონათვალი, რომლის სასაქონლო ზედნადებში არ მითითების ან არასწორად მითითებულის შემთხვევაში გამოყენებულ იქნება საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და აღურიცხველობის შემთხვევებში განსაზღვრული სანქციები. ამ ჩამონათვალს დაემატა:
ე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე–მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი;
ვ) თითოეული მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე–მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური ფირნიშის ნომერი (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის).
- ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ–ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი. ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დასაბეგრი თანხის ოდენობა საბაზრო ფასით განსაზღვროს არა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ბარტერული ოპერაციის ღირებულება შემცირებულად არის ნაჩვენები გადამხდელი მიერ, როგორც ეს ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით იყო განსაზღვრული, არამედ ამ უფლების გამოყენების პირობებსა და წესებს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ეს ნაწილი არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
აგრეთვე აღნიშნულ 73-ე მუხლის მე-9 ნაწილს დაემატა ახალი „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ვფიქრობთ მნიშვნელოვანი საგადასახადო რისკის შემცველი გახდება სამომავლოდ ბევრი გადამხდელისათვის. კერძოდ, დღგ–ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, მათი ფორმალური და იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ მათ საქმიანობასთან და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამრიგად, ზემოხსენებულ მნიშვნელოვან და გადასახადის გადამხდელისათვის არც თუ ისე სასიკეთო ცვლილებებთან დაკავშირებით, ველოდებით შესაბამის ახალ ჩანაწერებს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.
- „დაშლილი საზოგადოება“
სსკ–ის მე-8 მუხლს დაემატა ახალი ტერმინის _ „დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება)“ განმარტება, ეს არის პირი (გარდა ფიზიკური პირის მიერ დაარსებული ფილიალისა, რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი), რომლის მიმართაც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაცია (რომლის ლიკვიდაციის პროცესიც მიმდინარეობს).
ამასთან დაკავშირებით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ–ის 55-ე _ „საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში)“ მუხლიც, რომლის მიხედვითაც, საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს/ვალდებულებებს ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ეს საწარმო/ორგანიზაცია, ხოლო ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს აღნიშნულ საწარმოს/ორგანიზაციას. ცვლილებამდე არსებული რედაქციით, სალიკვიდაციო კომისიაზე ხდებოდა საგადასახადო ვალდებულების დაკისრებაც და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაც.
აგრეთვე ცვლილება შევიდა სსკ–ის 153-ე და 205-ე მუხლებში. კერძოდ, დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს წლიური მოგებისა და ქონების გადასახადის დეკლარაციები.
- მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა
შეიცვალა სსკ–ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და 205-ე მუხლის 131–ე ნაწილი. კერძოდ, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის საგადასახადო ორგანოსთვის საფუძველს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ცვლილების შედეგად კი შემოსავლების სამსახურისათვის დარიცხვის საფუძველი ასევე გახდა სხვა მარეგისტრირებელი ორგანოსა და აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული მონაცემები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
- ხადაზმულობის ვადის შეჩერება
სსკ–ის 4-ე მუხლის მე-10 ნაწილს დაემატა „დ“-„ვ“ ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან და რომლის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება:
დ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;
ე) საგადასახადო შეთანხმების აქტის მოქმედების პერიოდში;
ვ) ღონისძიებები გაუქმდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
აგრეთვე შეიცვალა მე-4 მუხლის მე-11 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება არა მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში, როგორც ეს ცვლილებამდე იყო, არამედ ასევე არ გამოიყენება სსკ–ის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
- აქციზის გადასახადი
გარკვეული ცვლილებები შევიდა სსკ–ის აქციზის კარში, კერძოდ 188-ე, 189-ე, 194-ე და 198-ე მუხლებში. მთავარი ცვლილებები მდგომარეობს შემდეგში:
- − გაიზარდა სეს ესნ–ის 3824 90 980 01 (მოქმედი სასაქონლო კოდი – 3824 99 960 01) სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის) აქციზის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 მლ 1 ლარი, ნაცვლად 0.2 ლარისა;
- − აქციზით დაბეგვრადი გახდა და აქციზურ საქონელს დაემატა 3 დასახელების საქონელი. ესენია, 2909 19 100 00 – ტერტ–ბუტილეთილის მარტივი ეთერი და 2909 19 900 00 – დანარჩენი, 1ტ. 400 ლარი, ხოლო 2912 11 000 00 – მეთანალი (ფორმალდეჰიდი) 1ტ. 4 ლარი;
- − სეს ესნ–ის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლისთვის (სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით) 20 ღერზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 2.2 ლარის ოდენობით და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამით;
- − სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის 100 პროცენტის ოდენობით დაბრუნებისათვის დადგენილი, სეს ესნ–ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან ექსპორტის პროცედურაში მოქცევისა და საქართველოს ტერიტორიის დატოვების ვადა გაიზარდა 90 დღიდან 180 კალენდარულ დღემდე.
- • იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება
სსკ–ის 199-ე მუხლს დაემატა „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (კერძოდ, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის და ბაქო–თბილისი–ერზრუმის მილსადენების მშენებლობის) შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა.
- იმპორტის დღგ–სგან გათავისუფლება
სსკ–ის 173-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და იმპორტის დღგ–სგან გათავისუფლდა საქართველოს საბაჟო კოდექსის:
ფ.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით;
ფ.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებით მიღებული გადამუშავებული პროდუქტის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით.
- არ გასაჩივრებული დავალიანების ამოღება
საგადასახადო კოდექიდან ამოღებული იქნა 64-ე მუხლის 3 ნაწილი სადაც აღნიშნული იყო რომ ერთი საფუძვლით დამკვეთს წარედგინება მხოლოდ ერთი საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული ცვლილებით შესაძლებელი ხდება საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების იმ ნაწილზე რომელიც არ იქნება გასაჩივრებული გავრცელდეს იძულებითი ღონისძიებები და აღნიშნული დავალიანების ამოღება მოხდეს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.
1. 2. ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
1.2.1. „სიგარილების“ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესი
2023 წლის 20 აპრილს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 _ “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” ბრძანება. კერძოდ, კი შეიცვალა ბრძანების 771–ე მუხლი, რომელიც არეგულირებს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესს. ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული მუხლით დადგენილი ნორმები ვრცელდებოდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებსა, აგრეთვე საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდებში მითითებულ საქონელზე _ 2403 99 900 01 (კაფსულები და მსგავსი სახის პროდუქტები თამბაქოს შემცველობით) და 2403 99 900 02 (თამბაქოს ნაწარმი, წვის პროცესის გარეშე, ორთქლის მისაღებად გამოსაყენებელი), ცვლილების შედეგად კი აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატა 2402 10 000 02 (სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით) სასაქონლო კოდი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ცვლილება განხორციელდა ბრძანების 112-ე მუხლში გარდამავალი დებულებების შესახებ და დაემატა 55-ე – 63-ე პუნქტები, რომლის ძირითადი შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
-
- − 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის „სიგარილების“ (2402 10 000 02) საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 5 მაისისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია, მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის დასახელებისა და ქვედასახელების და საქონლის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასების შესახებ, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრი მითითებული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა.
- − ამასთან, თუ მწარმოებელი/იმპორტიორი „სიგარილების“ წარმოებას/იმპორტს გეგმავს 2023 წლის 1 ივნისამდე, იგი ვალდებულია აღნიშნული საქონლის წარმოებამდე/იმპორტამდე შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის დასახელების/ქვედასახელების და სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ, რის შედეგადაც 4 დღეში საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას, რომელიც საქონლის სავაჭრო ქსელში რეალიზაციის დაწყებამდე ეგზავნება მხოლოდ იმ მწარმოებელს/იმპორტიორს, რომლის ინფორმაციის საფუძველზეც განხორციელდა შესაბამისი ფასის დადგენა. ხოლო, თუ მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარდგენა არ მოხდა, შესაბამის საქონელზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენამდე, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნით მის მიმართ გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასი.
შპს კრესტონ ჯორჯია
მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი
საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან ჭაბუკიანი