2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2023 წლის თებერვლის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.
შინაარსი
1. ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში 2
1.1. ცვლილება საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ 2
1.2. ცვლილება დღგ–ის დეკლარაციაში, ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირებისათვის 3
2. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში 6
2.1. ახალი მეთოდური მითითება „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ 6
2.2. ახალი N2549 და N2550 სიტუაციური სახელმძღვანელოები, კაპიტალის გაზრდისა და შემცირების შესახებ 8
2.3. ახალი N1517 სიტუაციური სახელმძღვანელო, დაზარალებული პირების დაფინანსების დაბეგვრის შესახებ 9
1.1ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
1.1.1.ტერმინთა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში.
2023 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან.
განხორციელებული ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და განპირობებულია „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე და ითვალისწინებს აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ასახვას.
ცვლილების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოვიდა „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ძირითადი ცვლილება შეეხო ტერმინს _ „ტოტალიზატორის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობა“, რომელიც შეიცვალა ტერმინით „სისტემურ–ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება“.
1.1.2.საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
2023 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. ცვლილების შედეგად, სსკ–ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები. აღნიშნული მუხლით განისაზღვრება ის პირები, რომელთაც შესაძლოა გადაეცეს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. ცვლილებამდე არსებული პირების ჩამონათვალს კიდევ დაემატა შემდეგი პირები:
წ) სსიპ საჯარო შესყიდვების სააგენტო – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
ჭ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.
შედეგად, 2025 წლის 1 იანვრიდან, საჯარო შესყიდვების სააგენტო და მასთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, უფლებამოსილი ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს პირის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების მონაცემები, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.
1.2.ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
1.2.1.ცვლილება დღგ–ის თანხის კორექტირების წესში.
2023 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში და ინსტრუქციის 733–ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს დღგ–ის თანხის კორექტირების წესს, დაემატა მე-4 პუნქტის „დ“ ნაწილი, მე-10 და მე-11 პუნქტები.
ცვლილებამდე არსებული რედაქციით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა ექვემდებარებოდა კორექტირებას თუკი ადგილი ჰქონდა ერთ–ერთს შემდეგი გარემოებებიდან:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ–ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ–ის თანხა არასწორად არის მითითებული;
ბ) დღგ–ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ–ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ–ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ–ის თანხა არასწორად არის მითითებული.
ცვლილების შედეგად კი, არსებულ გარემოებებს დაემატა კიდევ ერთი გარემოება, რაც შემთხვევაშიც დღგ–ის თანხა ასევე ექვემდებარება კორექტირებას. ეს ახალი „დ“ გარემოება კი არის, როდესაც უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ–ის გადამხდელად რეგისტრაცია.
ამასთან, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოება დადგა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდში, დღგ–ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, კი დღგ–ის თანხის კორექტირების მიზნით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს თავად წარუდგენს №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაციას, რომელშიც მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, რასთან დაკავშირებითაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა. აღნიშნული დეკლარაციით მოთხოვნილი დღგ–ით დასაბეგრი თანხის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო, დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 2 თვის ვადაში. დღგ–ით დასაბეგრი თანხა დაკორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ხოლო, დღგ–ის თანხის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ეგზავნება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
გამოქვეყნებულ ცვლილებას თან ახლავს, დანართი №III-241, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს გადამხდელის მიერ დეკლარაციის წარდგენა. აღნიშნული დანართი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5712276?publication=0
1.2.2.ცვლილება სმფ–ის ჩამოწერის დადასტურების წესში.
2023 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებაში და ინსტრუქციის 33-ე მუხლს, რომელიც შეეხება განცხადება დოკუმენტის გაფორმებას, დაემატა მე-7 პუნქტი. აღნიშნული ახალი პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურების შესახებ“ განცხადების წარდგენამდე, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი საქონელი გამოაცალკევოს ვარგისი საქონლისგან. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების გამომრიცხველ გარემოებას.
შპს კრესტონ ჯორჯია
მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი
საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან ჭაბუკიანი