fbpx
kreston Georgia official logo
გააზიარე სტატია

2024 წლის თებერვლის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2024 წლის თებერვლის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

 

სარჩევი

1. ცვლილებები საქართველოს კანონში 

1.1. საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ 

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში 

2.1. საგადასახადო შემოწმებისას პირის დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმება 

2.2. ცვლილება უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით 

2.3. ცვლილებები იმ საქონლის ნუსხაში, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-სგან 

2.4. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების წესებიდან გამომდინარე საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება 

3. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში 9

3.1. ცვლილება სსკ-ის 274-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე შეფარდებული სანქციებისგან პირის გათავისუფლების წესში 

3.2. დღგ-ის მეთოდური მითითების ახალი მაგალითი (საგარანტიო ვალდებულება) 

 

1. 1. ცვლილებები საქართველოს კანონში

1.1.1. საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ

2024 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ცვლილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონის მე-5 მუხლს დაემატა ახალი 123 მუხლი და განისაზღვრა ახალი ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები _ „საკონტეინერო მოსაკრებელი“.

საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.

საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

გადამზიდავი თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის:

  • რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;
  • რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი.
  • საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 თებერვლის №2 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს საკონტეინერო მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი 1 კონტეინერისთვის განისაზღვრა 30 ლარის ოდენობით.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6003342?publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6115191?publication=0

1.2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

1.2.1. საგადასახადო შემოწმებისას პირის დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმება

2024 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. კერძოდ კი, ბრძანების 47-ე მუხლს, რომელიც არეგულირებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესს, დაემატა ახალი მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმებისას, პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის შემდგომ, რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ასეთი უფლების წარმოშობის მომენტში, გადასახადის გადამხდელის შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების 100 000 ლარზე გადამეტება. ხოლო, რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს უკანასკნელ 12 უწყვეტ კალენდარულ თვეში აღნიშნულ ზღვარზე (100 000 ლარი) ნაკლები ბრუნვების განხორციელება და დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციიდან არანაკლებ 1 წლის გასვლა. როგორც ცნობილია, შემოსავლების სამსახურის ძველი მიდგომით, თუ საგადასახადო შემოწმების დროს პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის შემდგომ, ასევე წარმოეშობოდა რეგისტრაციის გაუქმების უფლებაც, საგადასახადო ორგანო მოახდენდა მხოლოდ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და არ მოხდებოდა რეგისტრაციის გაუქმება. შესაბამისად, მთელ შესამოწმებელ პერიოდზე პირი განიხილებოდა დღგ-ის გადამხდელად, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას რეგისტრაციის გაუქმების უფლება.

მაგალითი: პირის შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. შემოწმების მონაცემებით, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგა 2021 წლის მაისის თვეში. ასევე, შემოწმების მონაცემებით, 2023 წლის თებერვლის თვეში, პირისთვის დადგა დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველიც (წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვები არ აღემატება 100 ათას ლარს და დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციიდან, 2021 წლის მაისიდან, გასულია 1 წელზე მეტი).

ძველი მიდგომა: შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი (აუდიტორი) მოახდენს პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მას განიხილავს დღგ-ის გადამხდელად. შესაბამისად, 2021 წლის მაისიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე აუდიტორი განსაზღვრავს პირის საგადასახადო ვალდებულებების დღგ-ის ნაწილში.

ახალი მიდგომა: აუდიტორი შესამოწმებელ პირს 2021 წლის მაისის თვეში სავალდებულო წესით დაარეგისტრირებს დღგ-ის გადამხდელად. თუმცა, ის ასევე პირის თანხმობის შემთხვევაში მოახდენს მისი დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმებას 2023 წლის თებერვლის თვიდან (რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტი). შესაბამისად, განხილული მაგალითის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, პირის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ს ნაწილში განისაზღვრება მხოლოდ 2021 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლის თვემდე პერიოდში, ნაცვლად სრული შესამოწმებელი პერიოდისა,  რაც გამოიწვევს ნაკლები გადასახადისა და სანქციის თანხების დარიცხვას.

მაშასადამე, ზემოაღნიშნული ცვლილების შემდგომ, საგადასახადო შემოწმებისას შემმოწმებლის მიერ პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტაციის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6097258?publication=0

1.2.2. ცვლილება უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით

2024 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში, რომელიც ეხება უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლას.

ცვლილების მიხედვით, ინსტრუქციის 732-ე მუხლს, რომელიც არეგულირებს  ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით, დაემატა ახალი ,,ზ“ ქვეპუნქტი.

განხორციელებული ცვლილებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს ჩაითვალოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციამდე უკუდაბეგვრის წესით დარიცხული და გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, თუ პირს აღნიშნული თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება (დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება ხდება) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან ჩათვლა არ ხორციელდება იმ გაანგარიშების მიხედვით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი.

შესაბამისი ცვლილებები ასევე განხორცილდა დღგ-ის დეკლარაციის დანართებსა და შევსების წესში. კერძოდ კი, დღგ-ის დეკლარაციის დანართი №III-25-ის:

  • დანართი „ა“-ს ნაწილი III-ს (დღგ-ის ჩასათვლელი თანხა) დაემატა 41 სტრიქონი, რომელშიც მიეთითება უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ;
  • დანართ „ბ“-ს დაემატა IX ნაწილი, რომელშიც აისახება უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6097207?publication=0

1. 2.3. ცვლილებები იმ საქონლის ნუსხაში, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-სგან

2024 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნდა, გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა და გავრცელდება 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-132/ნ ერთობლივ ბრძანებაში „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“.

როგორც მოგეხსენებათ, სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება, აღნიშნული საქონლის ნუსხა კი განისაზღვრება ზემოაღნიშნული N01-132/ნ ბრძანებით.

ასევე, N01-132/ნ ბრძანებით განისაზღვრება იმ საქონლის ნუსხაც, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-სგან, მიწოდება კი დღგ-სგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამკურნალო /ფარმაცევტული მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხას, რომელთა იმპორტი და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან (ჩათვლის უფლების გარეშე), გარკვეული სასაქონლო კოდები დაემატა, ზოგიერთი მათგანი კი ამოღებულ იქნა ნუსხიდან:

ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის, რომელთა იმპორტი და მიწოდება ასევე გათავისუფლებულია დღგ-სგან (ჩათვლის უფლების გარეშე),  პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტები:

ა) 3822 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;

დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნიტრილის ხელთათმანები;

ი) 9025 19 000 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;

ლ.ა) 3822 19 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნერწყვის/ნაცხის შესაგროვებელი აპლიკატორის რეაგენტი.

გარდა ამისა, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხის, რომელთა მხოლოდ მიწოდება არის გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტები:

ა) 3822 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;

დ) 4015 12 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნიტრილის ხელთათმანები;

ი) 9025 19 000 09  სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;

ლ.ა) 3822 19 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნერწყვის/ნაცხის შესაგროვებელი აპლიკატორის რეაგენტი.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6105097?publication=0

1.2.4. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების წესებიდან გამომდინარე საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება

2024 წლის 16 თებერვალს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა ცვლილება   საქართველოს ფინანსთა მინისტრის ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ №257 ბრძანებაში. კერძოდ, ბრძანების №8 დანართის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ასევე, დაემატა ახალი ,,გ“ ქვეპუნქტი, რის საფუძველზეც  საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციის არსებობის შემთხვევაში საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირებისა და გადასახადის დარიცხვის შესაბამისი ვალდებულება დაწესდა.

როგორც მოგეხსენებათ, საგადასახადო კოდექსის XVI-ე თავის მიხედვით, საერთაშორისო კონტროლირებად ოპერაციად (ე.წ. Transfer pricing) ითვლება ოპერაცია, რომელიც დადებულია:

  1. საქართველოს რეზიდენტ პირსა და მის ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ პირს შორის;
  2. საქართველოს რეზიდენტ პირსა და შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტ პირს შორის (ე.წ. ოფშორი).

როგორც ცნობილია, ასეთი გარიგებების დროს საქართველოს რეზიდენტი პირი, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნიდან 30 დღეში, ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ დადებული გარიგების ფასი შეესაბამება ე.წ. საბაზრო პრინციპს ანუ უხეშად, რომ ვთქვათ საბაზრო ფასს. იმ შემთხვევაში თუ არ დასტურდება აღნიშნული გარიგების ფასის შესაბამისობა საბაზრო პრინციპთან, შემოსავლების სამსახურს შეუძლია კომპანიისათვის მოგების გადასახადისა და სანქციის თანხის დაკისრება, მაგალითისთვის იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა ზემოთ ხსენებული პირებისგან შეძენილი საქონლის/მომსახურების „ძვირად შეძენა“ ან ასეთ პირზე საქონლის/მომსახურების „იაფად გაყიდვა“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში,  აღნიშნული მიდგომის მაგალითად იმპორტის დღგ-სთან მიმართებაში  გამოყენებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში პირდაპირი მინიშნება არ იყო.

განხორციელებული ცვლილების მიხედვით, კონტროლირებადი ოპერაციის საბაზრო ფასისგან განსხვავებული ფასით დადებული გარიგების შემთხვევაში პირისთვის გადასახადისა და სანქციის დაკისრება შესაძლებელია მოხდეს მ.შ. სასაქონლო ოპერაციის, მაგალითად იმპორტის ოპერაციის შემთხვევაშიც.

კერძოდ კი, ცვლილების მიხედვით, ურთიერთდამოკიდებული პირისაგან საქონლის შეძენის შემთხვევაში, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების წესებიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ:

  • თუ იზრდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, მაშინ საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება უნდა დაკორექტირდეს შესაბამის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის გზით. ამასთან, როდესაც საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოს ინიციატივით, დეკლარანტს დაეკისრება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო როდესაც ასეთი კონტროლი ხორციელდება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
  • თუ მცირდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, მაშინ საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება არ ექვემდებარება კორექტირებას და დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
  • გამოდის რომ თუ იმპორტიორ პირს  საქონელი შეძენილი აქვს ურთიერთდამოკიდებული პირისგან ან ე.წ. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირისგან და იმპორტის შემდგომ დადგინდება რომ ამ საქონლის შესყიდვის ღირებულება ნაკლებია კონტროლირებადი ოპერაციის თავის მიხედვით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებაზე, იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელი არ დააკორექტირებს საბაჟო დეკლარაციას შემოსავლების სამსახური მოახდენს მაგალითისთვის იმპორტის დღგ-ისა  და შესაბამისი სანქციის თანხის დარიცხვას სხვაობის თანხიდან.

აღსანიშნავია, რომ ბრძანების ცვლილებამდე არსებულ ვერსიაში, ცალკე არ იყო განხილული კონტროლირებადი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ყიდვის შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების გაზრდის/შემცირების და შესაბამისად იმპორტთან დაკავშირებული გადასახადების/სანქციების დარიცხვის საკითხი. თუმცა, განხილული იყო ზოგადი შემთხვევა, რომლის მიხედვითაც, პირი ვალდებული იყო მიემართა საბაჟო ორგანოსთვის საქონლის საბაჟო ღირებულების შეცვლის მიზნით.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6105465?publication=0

1.3. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

1.3.1. ცვლილება სსკ-ის 274-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე შეფარდებული სანქციებისგან პირის გათავისუფლების წესში

2024 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ცვლილება შევიდა ,,საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №9021 ბრძანებაში.

როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია, ზემოაღნიშნული მეთოდური მითითება არეგულირებს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის სსკ-ის 274-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე, კერძოდ, დეკლარაციის/გაანგარიშების ვადის დარღვევისა და დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის  განსაზღვრული სანქციებისგან  გათავისუფლებას, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხო ბრძანების დანართ №2-ს, კერძოდ, პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატა შენიშვნა, რომლის მიხედვითაც პირის 274-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლების მიზნებისთვის 1 ლარამდე არსებული დავალიანება/მოსაკრებელი მხედველობაში არ მიიღება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზუსტდა სანქციის გამოანგარიშების წესი იმ შემთხვევაში, როცა პირი თავისუფლდება 274-ე და 282-ე მუხლით განსაზღვრული სანქციებისგან და იგი შემდგომ წარადგენს დაზუსტებულ დეკლარაციებს, სადაც გადასახდელი გადასახადი/მოსაკრებელი 50%-ზე მეტად ზუსტდება. მეთოდური მითითების მიხედვით, პირს სანქცია დაერიცხება  დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებასა და ამავე საანგარიშო პერიოდზე მის წინ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას შორის სხვაობის თანხიდან. აღსანიშნავია, რომ ცვლილებამდე ბრძანებაში სანქციის დაანგარიშების წესში მოხსენიებული იყო სიტყვა ,,სხვაობის თანხა“, რაც თავის თავში ასევე გულისხმობა დაზუსტებულ და წინა დეკლარაციას შორის არსებულ სხვაობის თანხას. თუმცა, ზემოაღნიშნულმა ცვლილებამ ორაზროვნების გამორიცხვის მიზნით დააზუსტა დასარიცხი სანქციის გამოანგარიშების აღნიშნული წესი.

ამასთან, შეიცვალა დანართის მე-5 მუხლი და დაემატა ახალი 51 მუხლი. კერძოდ კი, ცვლილებამდე არსებული მიდგომით, თუ დღის ჭრილში წარმოდგენილია რამდენიმე, ერთიდაიგივე სახის და საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, პირველად საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას წარმოადგენდა დღის 24:00 საათის მდგომარეობით ბოლოს წარმოდგენილი. ცვლილების მიხედვით, აღნიშნული მიდგომა შეიცვლა და თუ წარმოდგენილია რამდენიმე, ერთიდაიგივე სახის და საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, პირველად საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას/პირველად მონაცემებს წარმოადგენს ის საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/პირველადი მონაცემები, რომლის მიმართ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებულ იქნა ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ პირველი გადაწყვეტილება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ერთი და იმავე საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილია რამდენიმე საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/მიმართვის განცხადება და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის არ არის გასული საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადა, მომსახურების დეპარტამენტი ამ დანართით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს, როგორც იმ დეკლარაციით/გაანგარიშებით/მიმართვის განცხადებით განსაზღვრული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, რომელზეც წარდგენილია საჩივარი, ასევე, დამატებით დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდური მითითების საფუძველზე, პირის 274-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევის სანქციისგან გასათავისუფლებლად აუცილებელი მოთხოვნებია:

  1. სამართალდარღვევის ოქმის ან ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში პირს არ უნდა უფიქსირდებოდეს აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი
  2. პირს, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იგივე ქმედება არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი

ხოლო, 282-ე მუხლით განსაზღვრული  დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის სანქციისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია:

  1. დღგ-ის გადამხდელად  სავალდებულო  რეგისტრაციის  გარეშე  საქმიანობა გამოვლენილი უნდა იყოს უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე
  2. სამართალდარღვევის ოქმის ან ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში პირს არ უნდა უფიქსირდებოდეს აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი
  3. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების (ამ დანართის მიზნებისთვის შემდგომში – მიმართვის განცხადება) წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი უნდა ჰქონდეს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია
  4. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში პირმა უნდა დააფიქსიროს ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6094770?publication=0

1.3.2. დღგ-ის მეთოდური მითითების ახალი მაგალითი (საგარანტიო ვალდებულება)

2024 წლის 12 თებერვალს ცვლილება შევიდა შემოსავლების სამსახურის N 2681 ბრძანებაში _ „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ და მეთოდური მითითების მე-9 დანართის _ „საქონლის მიწოდება“ ზოგად ნაწილს დაემატა ახალი მაგალითი N3, სადაც განხილულია საგარანტიო ვალდებულების პირობებში წუნდებული საქონლის შეკეთების ან ჩანაცვლების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი.

მაგალითის პირობის მიხედვით, დასაბეგრი პირი A წარმოადგენს დასაბეგრი პირი B-ს მიერ წარმოებული კომპიუტერული ტექნიკის საცალო მიმწოდებელს საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით რეალიზებულ პროდუქციაზე ვრცელდება მწარმოებლის გარანტია. A-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება დასაბეგრ პირ C-სთან კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებაზე, იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩნდება წუნი. A-ს მიერ მომხმარებელზე მიწოდებულია პერსონალური კომპიუტერი 5900 ლარად, რომელიც მიწოდების მომენტში დაექვემდებარება A-ს მიერ დღგ-ით დაბეგვრას. აღნიშნულ კომპიუტერს აღმოაჩნდა წუნი და გავრცელდა გარანტიის პირობები, ხოლო გარანტიის ფარგლებში გაწეული ხარჯები აანაზღაურა მწარმოებელმა – B-მ. კერძოდ განვიხილოთ ორი შემთხვევა, როდესაც კომპიუტერი დაექვემდებარა:

ვარიანტი I: შეკეთებას, რომელიც განახორციელა C-მ 1180 ლარად (შეიცვალა დედაპლატა).

  • C-ს მიერ A-ზე გაწეულია კომპიუტერის შეკეთების მომსახურება, რომელიც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (დღგ – 180 ლარი). ხოლო, A უფლებამოსილია განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა 180 ლარის ოდენობით.

ვარიანტი II: ახალი კომპიუტერით ჩანაცვლებას, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

  • წუნდებული კომპიუტერის ახალი კომპიუტერით ჩანაცვლება არ წარმოადგენს დამატებით დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რადგან აღნიშნული მიწოდება გამომდინარეობს საგარანტიო ვალდებულებიდან და მისი ღირებულება ასახულია მომხმარებელზე წუნდებული კომპიუტერის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/48ebe7c1-497c-448b-8f2f-72d2689f9ef0

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                             დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                     რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია