fbpx
გააზიარე სტატია

2024 წლის ივნისის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2024 წლის ივნისის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

 

  1. ცვლილებები საქართველოს კანონში

1.1. ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანასთან დაკავშირებით განისაზღვრა საგადასახადო შეღავათები

1.2. ფიზიკურ პირებს საგადასახადო დავალიანების ჩამოეწერებათ

1.3. შემცირდა აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზე

  1. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

2.1. ცვლილება სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით

2.2. დაშლის პროცესში მყოფი პირის საგადასახადო ვალდებულებები

2.3. ახალი საჯარო გადაწყვეტილება, ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე

2.4. განისაზღვრა მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესი

  1. ცვლილებები საქართველოს მთავრობის დადგენილებებში

3.1. მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესი

 

1. ცვლილებები საქართველოს კანონში

1.1 ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანასთან დაკავშირებით განისაზღვრა საგადასახადო შეღავათები

2024 წლის 4 ივნისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. ცვლილების შედეგად, წახალისდება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესი, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით. კერძოდ კი, სსკ-ის 309-ე მუხლს დაემატა ახალი 146-ე ნაწილი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან. ასევე, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისგან. ხოლო, საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.

საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ აქტივების გადაცემაზე, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოს საკუთრებაშია ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის. შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ ოფშორში რეგისტრირებული საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100% ფლობდეს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი). ამასთან, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის მიმღები მხარისთვის აქტივის ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მისი ღირებულება ამ აქტივის გადაცემის მომენტისთვის.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6158656?publication=0

1.2. ფიზიკურ პირებს საგადასახადო დავალიანების ჩამოეწერებათ

2024 წლის 4 ივნისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. ცვლილების შედეგად, განისაზღვრა საგადასახადო ამინისტია ფიზიკური პირების მიმართ. კერძოდ კი 309-ე მუხლის 37-ე ნაწილს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის (საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ზოგადი წესი) მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები ასევე შევიდა, ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებაში _ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ და შემოსავლების სამსახურის N13446 ბრძანებაში _ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე.

განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო დავალიანება პროგრამულად ჩამოეწერება, თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ჩამოწერის მომენტამდე, პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) არ უფიქსირდება გატარებული ოპერაციები. ჩამოწერას ექვემდებარება ჩამოწერის მომენტისთვის არსებული დავალიანება.

ხოლო იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი, ჩამოწერის მომენტისთვის გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და უფიქსირდებათ ოპერაციები 2021 წლის შემდგომ პერიოდზეც, საგადასახადო დავალიანება შესაძლოა ჩამოეწეროთ ინდივიდუალურად შესწავლის გზით, გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე (განცხადების ფორმა იხ. თანდართულ ბმულზე) ან დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6158656?publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6201107?publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6209236?publication=0

https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=487

1.3. შემცირდა აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზე

2024 წლის 13 ივნისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. ცვლილების შედეგად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ცხრილის მე-3 გრაფა, რომელშიც ასახულია თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის დადგენილი აქციზის განაკვეთები.

ცვლილების შედეგად, აქციზის განაკვეთი 30 ლარით შემცირდა თამბაქოს ისეთ ნაწარმზე, როგორიც არის თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები, ჩილიმით მოსაწევი თამბაქო, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო, საღეჭი ან საყნოსი თამბაქო. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ცხრილში.

ცვლილების მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.

 

N კოდი სეს ესნ- ის შესაბამისად საქონლის დასახელება ზომის ერთეული აქციზის განაკვეთი (ლარი)
გრაფა 3 თამბაქო , თამბაქოს ნაწარმი ძველი ახალი სხვაობა
 2401 თამბაქოს ნედლეული , თამბაქოს ნარჩენები 1 კგ     60.00      30.00      (30.00)
2402 10 000 01 – – სიგარები , სიგარები წაჭრილი ბოლოებით , თამბაქოს შემცველობით 1 ღერი       1.90        1.90                –   
2402 10 000 02 – – სიგარილები ( წვრილი სიგარები ), თამბაქოს შემცველობით 20 ღერი       2.20        2.20                –   
2402 20 – სიგარეტები , თამბაქოს შემცველობით 20 ღერი       1.70        1.70                –   
2403 11 000 00 − − ჩილიმით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისთვის 1- ელი შენიშვნის შესაბამისად 1 კგ     60.00      30.00      (30.00)
2403 19 − − დანარჩენი 1 კგ     60.00      30.00      (30.00)
2403 91 000 00 − − ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო 1 კგ     60.00      30.00      (30.00)
2403 99 100 00 − − − საღეჭი ან საყნოსი ( ბურნუთი ) თამბაქო 1 კგ     60.00      30.00      (30.00)
2404 11 000 00 – – თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით 20 ცალი/ღერი       1.70        1.70                –   
2404 12 000 00 – – დანარჩენი , ნიკოტინის შემცველობით 1 მლ       1.00        1.00                –   
2404 19 900 00 – – – დანარჩენი 1 მლ       1.00        1.00                –   

 

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6177582?publication=0

 

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

2.1. ცვლილება სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით

2024 წლის 11 ივნისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. კერძოდ კი, ცვლილება განხორციელდა XXV თავში, რომელითაც რეგულირდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ადმინისტრირება.

ცვლილება განპირობებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 9 თებერვალს შესული ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 1 ივნისიდან და რომლითაც განისაზღვრა ნებართვის ახალი სახეები, კერძოდ:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.

სწორედ ამ ახალი ნებართვის სახეებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების ზემოაღნიშნულ თავში განხორცილებული ცვლილების საფუძველზე, განისაზღვრა ნებართვებისა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის პროცედურები, სანებართვო მოწმობის ფორმები და ასევე ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6191141?publication=0

2.2. დაშლის პროცესში მყოფი პირის საგადასახადო ვალდებულებები

2024 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. ცვლილების შედეგად, ინსტრუქციას დაემატა ახალი 72 მუხლი, რომლითაც დამატებით განისაზღვრა დაშლის პროცესში მყოფი პირის საგადასახადო ვალდებულებები.

კერძოდ კი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია, განახორციელოს:

ა) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის რეგისტრაციიდან  მოხსნა;

გ) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტ(ებ)ის განაშთვა;

დ) ფინანსურ ინსტიტუტ(ებ)ში ბოლო საბანკო/საგადახდო ანგარიშის დახურვა;

ე) მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა;

ვ) მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, მათ შორის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება/განაშთვა;

ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.

შეგახსენებთ, რომ დაშლის პროცესში მყოფი პირის (დაშლილი საზოგადოება) განმარტება და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2023 წლის 18 აპრილის, გამოქვეყნებული საქართველოს კანონის _ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საფუძველზე, განისაზღვრა.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6204709?publication=0

2.3. ახალი საჯარო გადაწყვეტილება, ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე

2024 წლის 10 ივნისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ფინანსთა მინისტრის ახალი საჯარო გადაწყვეტილება _ „გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე, ამ ოპერაციის ფარგლებში უძრავი ნივთის მიწოდებისას“, რომელიც განმარტავს გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხს, როდესაც ამ გარიგების ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება.

როგორც მოგეხსენებათ:

  • სსკ-ის 159-ე მუხლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას მიეკუთვნება დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
  • სსკ-ის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
  • სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის ოდენობა საბაზრო ფასით განსაზღვროს. ამ ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესებს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ეს ნაწილი არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. კერძოდ კი, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 48​3 მუხლის შესაბამისად, თუ გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე.
  • ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 48​1 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. აღნიშნული წესი (2024 წლის 1 იანვრიდან დადებული გარიგებებისთვის) ვრცელდება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციებზე როგორც ფულადი, ასევე საქონლის/მომსახურების სახით ანაზღაურების გადახდის ნაწილში. აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 იანვრამდე დადებული გარიგებებისათვის, აღნიშნული წესი (ავანსის დაბეგვრის) ვრცელდება/ვრცელდებოდა გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციებზე მხოლოდ ფულადი სახით ანაზღაურების შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული მუხლებისა და გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილების მიხედვით, თუ ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირი, საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, საწარმოსგან საკუთრებაში იღებს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილს, საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით (მიწის ნაკვეთის მიწოდების მომენტში), დღგ-ის გარეშე. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ნაწილობრივ,  ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით, ხოლო ნაწილობრივ – ფულადი სახით, საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება საწარმოს მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე,  ფულადი სახით ანაზღაურებული თანხის გამოკლებით.

ამასთან, თუ ზემოაღნიშნული ოპერაცია ხორციელდება 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ დადებული გარიგების მიხედვით, საწარმოს მიერ საქონლის (მიწის) ან/და ფულადი სახით მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება, მისთვის მიწის ნაკვეთის მიწოდების ან/და ფულის მიღების საანგარიშო პერიოდში. ხოლო, თუ ოპერაცია ხორციელდება 2024 წლის 1 იანვრამდე დადებული გარიგების მიხედვით, საწარმოს მიერ, აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ფიზიკური პირისთვის შენობა-ნაგებობის მიწოდების საანგარიშო პერიოდში და არა ე.წ. ავანსის მიღების მომენტში.

მაშასადამე, გადაწყვეტილების თანახმად:

ა) გარიგება, რომლის დროსაც, საქონლის/მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურება ხორციელდება ნაწილობრივ არაფულადი (საქონლის/მომსახურების) ან/და ნაწილობრივ ფულადი სახით, წარმოადგენს ბარტერულ ოპერაციას;

ბ) დღგ-ის მიზნისთვის, მხარეების მიერ ბარტერის საგნის (საქონლის/მომსახურების) ღირებულება განისაზღვრება ფულადი სახით;

გ) გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში უძრავი ნივთის მიწოდების შემთხვევაში, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე;

დ) ბარტერული ოპერაციის მონაწილე პირი დღგ-ის ჩათვლას ახორციელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით;

ე) 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ დადებულ ბარტერულ გარიგებებზე, თუ ანაზღაურება (ფულადი ან არაფულადი სახით) სრულად ან ნაწილობრივ მიღებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურების (როგორც, ფულადი, ისე არაფულადი) შესაბამისი დღგ-ის თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ანაზღაურების საანგარიშო პერიოდში;

ვ) 2024 წლის 1 იანვრამდე დადებულ ბარტერულ გარიგებებზე, შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში. ამასთანავე, ბარტერული ოპერაციის ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მხოლოდ თანხის ნაწილობრივ ანაზღაურების შემთხვევაში, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა თანხის ანაზღაურების საანგარიშო პერიოდში.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/d8f07cfc-ec99-4aa8-8063-2ab5aeba90dd

2.4. განისაზღვრა მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესი

2024 წლის 6 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N188 ბრძანება, „მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვრიდან.

ბრძანებით დადგინდა მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის საგადასახადო ორგანოში დეკლარირების ვალდებულებასთან დაკავშირებული პირობები, ასევე განისაზღვრა მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის მომზადების წესი, შეტყობინების ვალდებულების პირობები, დეკლარირების დრო, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიერ ასეთი ანგარიშის გამოყენებისა და კონფიდენციალობის დაცვის ფარგლები.

შეგახსენებთ, რომ სსკ-ის 701-ე მუხლის მიხედვით, მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი არის ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც შეიცავს ორ ან ორზე მეტ საწარმოს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო რეზიდენტები არიან ან შეიცავს საწარმოს, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო მიზნისთვის ერთი ქვეყნის რეზიდენტს და ექვემდებარება დაბეგვრას სხვა ქვეყანაში/იურისდიქციაში, თავისი მუდმივი დაწესებულების საშუალებით განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, და არ წარმოადგენს გამონაკლის მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფს. დეტალური განმარტებები კი ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ სსკ-ის 701-ე მუხლში და ფინანსთა მინისტრის N188 ბრძანებაში.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6187508?publication=0

 

3. ცვლილებები საქართველოს მთავრობის დადგენილებებში

3.1. მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესი

2024 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის №194 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება და 309-ე მუხლის 144-ე ნაწილის მიხედვით, პირს ჩამოეწერება მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი, თუ პირს 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით არ უსარგებლია, კერძოდ მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს და ამასთან კმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

  1. პირი, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;
  2. პირმა 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართა ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ უსარგებლია აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოუსხამს მიწისქვეშა მტკნარი წყალი.

სწორედ აღნიშნული შეღავათის გამოყენების წესის დადგენის მიზნით, სსკ-ის 309-ე მუხლის 145-ე ნაწილის საფუძველზე, გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პირი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც ასახულ უნდა იქნას შემდეგი მონაცემები:

  • პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნო­მერი ან სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი და ტელეფონის ნომერი;
  • მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემული ლიცენზიის (რომლის საფუძველზეც წარმოშობილია მოსაკრებელი და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი) ნომერი და გაცემის თარიღი; 
  • პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის განცხადების წარდგენის თარიღის მდგომარეობით არსებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ოდენობა, რომელიც წარმოიშვა იმ ლიცენზიის საფუძველზე, რომლითაც გადამხდელს არ უსარგებლია, მტკნარი წყლის ჩამოსხმა არ განხორციელებულა;
  • პირველი პირობის შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთოდეს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ/ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;
  • მეორე პირობის შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის წარდგენილი შესაბამისი განცხადება.

საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო პირს განუსაზღვრავს ხარვეზს და მისი აღმოფხვრის ვადას არაუმეტეს 10 დღისა. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენს განცხადებაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6196956?publication=0

 

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                             დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                     რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია