
საშემოსავლო გადასახადში, დღგ-სა და ქონების გადასახადებში დაგეგმილი ცვლილებები
საგადასახადო შეღავათების მიმოხილვა კანონმდებლობის უკანასკნელი რედაქციიდან გამომდინარე
საქართველოს პარლამენტმა საშემოსავლო გადასახადში, დღგ-სა და ქონების გადასახადებში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა!
აუდიტორული კომპანია Kreston Georgia წარმოგიდგენთ აღნიშნული საგადასახადო შეღავათების მიმოხილვას კანონმდებლობის უკანასკნელი რედაქციიდან გამომდინარე.
- 1500 ლარამდე ხელფასის გაცემისას 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან განთავისუფლება – 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის გამავლობაში დამქირავებელი გათავისუფლებულია 1500 ლარამდე ხელფასის გაცემისას 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან.
აღნიშნული გულისხმობს იმას რომ 1500 ლარამდე ხელფასის გაცემისას 750 ლარამდე თანხაზე დამქირავებელი დაუკავებს საშემოსავლო გადასახადს დაქირავებულს თუმცა აღნიშნულ თანხას არ გადაიხდის ბიუჯეტში!
ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება:
ა) საბიუჯეტო ორგანიზაციაზე;
ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკზე;
გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;
დ) საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი;
ე) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებული/შვილობილი საწარმოს აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.
- იჯარის მომსახურების დაბეგვრა დღგ-ით მოხდება ე.წ. საკასო პრინციპით – დამტკიცებული კანონმდებლობის მიხედვით 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა მოხდება ამ მომსახურებისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდის (მიღების) მომენტში. აღნიშნული სიახლე საშუალებას მისცემს მეიჯარეებს არ დაბეგრონ ქონების იჯარით გაცემიდან მიუღებელი თანხა და მხოლოდ ის თანხები დაბეგრონ დღგ-ით რაც მათ მიერ მიღებული იქნა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
- ფინანსთა მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება საურავის დარიცხვის გარეშე გადაავადოს გადასახადებით – ცვლილების მიხედვით ფინანსთა მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა გაეგრძელებინა არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა იმ სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებითვის რომელებიც საქმიანობას ახორციელებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე ან მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში. იმ კომპანიებს ვისაც არ ეხება აღნიშნული შეღავათი გადასახადის გადავადება ძველებურად შეეძლებათ სსკ-ის 238-ე მუხლის მე-8 პრიმა ნაწილის მიხედვით შესაძლებელია ყოველგვარი უზრუნველყოფისა და საბანკო გარანტიების წარდგენის გარეშე 1 წლამდე ვადით თუ საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 50 000 ლარს, ან შესაბამისი უზრუნველყოფის წარდგენით (საბანკო გარანტია, ქონება და სხვა) 50 000 ლარზე მეტი დავალიანების არსებობის შემთხვევაში. ამ უკანასკნელ შემთხვევებზე განხორციელდება ე.წ. გრაფიკის შედგენა შემოსავლების სამსახურის მხრიდან და მოხდება გადასახადის გადანაწილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. უკანასკნელ შემთხვევებზე (გადასახადის გადავადება უზრუნველყოფით) შემოსავლების სამსახურის მხრიდან განხორციელდება საურავის დარიცხვა და მომავალში დასარიცხი საურავის გადანაწილება მოხდება ამავე პერიოდის განმავლობაში.
- ქონების გადასახადისგან განთავისუფლება – 2021 წელს დასადეკლარირებელი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა სასტუმროების, რესტორნების და ტურისტულ სექტორში დასაქმებული პირების (ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები) საკუთრებაში არსებული ქონება.
ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება
- ცვლილება იმპორტის დღგ-ს დასაბეგრ ბაზაში ჩართული ხარჯების (მიწოდებების) დღგ-სგან გათავისუფლებასთან დაავშირებით – 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდა 164(1) მუხლის მე-2 ნაწილი და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტით დადგენილი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებდა საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, უცხო ქვეყანაში ან/და საქართველოში გადახდილი იმპორტის დასაბეგრ თანხაში ჩართული თანმდევი ხარჯების (როგორებიცაა საკომისიო, შეფუთვის, სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, რომლებიც გაიწევა საქონლის დანიშნულების პირველ ადგილამდე, აგრეთვე, ხარჯები რომლებიც გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე, დანიშნულების სხვა ადგილზე ტრანსპორტირებისთვის) განთავისუფლებას დღგ-სგან.