გააზიარე სტატია

2026 წლის სექტემბრის თვის განმავლობაში
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

 

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2026 წლის სექტემბრის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

 

სარჩევი

  1.  ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში

    1.1. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე გაიზარდა.

  2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

    2.1. ცვლილება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში

  3. ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

 

 

 

1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში

1.1. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს 2026 წლის 30 სექტემბრის №1874-VIმს-XIმპ კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რის საფუძველზეც შეიცვალა ფიზიკური პირების ქონების გადასახადის შეღავათის აქამდე არსებული ზღვარი და ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება, გარდა მიწისა, გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან, თუ მისი და მისი ოჯახის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება.

ცვლილებამდე მოქმედი რეგულაციის მიხედვით, 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები თავისუფლდებოდნენ ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისგან, 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი მერყეობდა 0.05 პროცენტიდან 0.2 პროცენტამდე, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – 0.08 პროცენტიდან 1 პროცენტამდე.

განხორციელებული ცვლილების შედეგად, უქმდება 40 000 ლარიანი შემოსავლის ზღვარი და წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისგან. შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება სსკ-ის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

რაც შეეხება გადასახადის განაკვეთს, 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირების/ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი დარჩა უცვლელი და იგი შეადგენს დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე. 

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე — 2026 წლის 30 სექტემბრიდან და მისი მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება სსკ-ის შესაბამისად უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ნოემბრისა.


ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/7013098?publication=0

 

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

2.1. ცვლილება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 სექტემბრის №285 ბრძანებით ცვლილება შევიდა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, ხოლო №286 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

ცვლილების თანახმად, ადგილობრივი აქციზური ნაწარმის ჩამოწერის დადგენილი წესი ასევე გავრცელდა იმპორტისთვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოსაწერ აქციზურ საქონელზეც. კერძოდ კი, ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ადგილზე გასვლით ჩამოწერისა და სრული განადგურების მოთხოვნა ვრცელდებოდა მხოლოდ მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებულ აქციზური მარკით ნიშანდებულ ნაწარმზე. ცვლილების შედეგად კი აღნიშნული წესი გავრცელდა ზოგადად აქციზური მარკით ნიშანდებულ ნაწარმზე, მათ შორის, იმპორტირებულ ნაწარმზეც.

ჩამოწერის პროცედურა და საერთო რაოდენობის არანაკლებ 2%-ის შერჩევითი დათვალიერების წესი არ შეცვლილა და გავრცელდა მათ შორის იმპორტირებულ ნაწარმზეც.

აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა აქციზის დეკლარაციის III განაყოფის 7 და 71 სტრიქონებში, კერძოდ აღნიშნულ გრაფებში ასევე შეიტანება შესამცირებელი აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია შესაბამისად იმპორტისთვის და ადგილობრივი აქციზური საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე — 2026 წლის 17 სექტემბრიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/7000045?publication=0

 

3. ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

2026 წლის 16 სექტემბერს მიღებული №1861/1-VIმს-XIმპ, №1861/2-VIმს-XIმპ, №1861/3-VIმს-XIმპ და №1861/4-VIმს-XIმპ კანონებით შეიცვალა საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის გამოვლენის, პასუხისმგებლობის დაკისრების, გასაჩივრებისა და აღსრულების წესები.

როგორც მოგეხსენებთ, 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნულმა ცვლილებამ იმოქმედა გარკვეული კატეგორიის დამსაქმებლებზე, რომელთა მიერ დადგენილი წესით ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად გამოვლინდა გარკვეული სუბიექტების ზედიზედ რამდენიმეჯერ დაჯარიმების შემთხვევები. არსებული მონაცემებით, უმეტეს შემთხვევაში დაკისრებულ ჯარიმათა მოცულობა აღემატება, ამ დამსაქმებელთა მიერ განსახორციელებელი საპენსიო შენატანების მოცულობას. გარდა ამისა, საპენსიო შენატანის განხორციელების პროცესის კომპლექსურობის გამო, დამსაქმებელთათვის სირთულედ იქცა საპენსიო შენატანისა და საურავის ზუსტი მოცულობის განსაზღვრა, რასაც შედეგად მოჰყვება მცირე შეუსაბამობით გამოწვეული საპენსიო შენატანების განუხორციელებლობის და აღნიშნულის საფუძველზე დამსაქმებელთა დაჯარიმების ფაქტები, შედეგად კი მნიშვნელოვნად გაიზარდა დამსაქმებლების მხრიდან სასამართლო დავები, საპენსიო ფონდის მიმართ.

ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, მიღებულ იქნა კანონი, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებელთა ინტერესების მხედველობაში მიღებით და პროცესის უფრო გამარტივებული წესით, საპენსიო შენატანების განუხორციელებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობის – ჯარიმის დაკისრების წესის ცვლილებას, ასევე შემდგომი პროცესების გამარტივებას, მათ შორის შესაძლო დავებთან მიმართებით.

ცვლილებამდე საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს ეკისრებოდა განუხორციელებელი შენატანის გადახდა, საურავი და ადმინისტრაციული ჯარიმა. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევა იწვევდა 500 ლარის ოდენობის ჯარიმას, ხოლო განმეორებითი დარღვევა – 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმას.

პასუხისმგებლობის ძველი სისტემა შეიცვალა და საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს დაეკისრება:

  • 300 ლარის ოდენობის ჯარიმა;
  • განუხორციელებელი საპენსიო შენატანის სრულად გადახდა;
  • მონაწილის მიუღებელი სარგებლის (საურავის) ანაზღაურება.

 

მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაერიცხება საპენსიო შენატანის იმ ოდენობას, რომელიც არ განხორციელებულა ან დაგვიანებით განხორციელდა. დარიცხვა დაიწყება გადახდის ვადის მომდევნო დღიდან და გაგრძელდება შენატანის სრულად განხორციელებამდე. მისი ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტით.

დამსაქმებლისთვის ჯარიმის დაკისრება მას არ ათავისუფლებს საპენსიო შენატანისა და მონაწილის მიუღებელი სარგებლის გადახდისგან. ამ შემთხვევაში დამსაქმებელმა შესაბამისი საპენსიო შენატანი სრულად საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის ხელფასიდან თანხის გამოქვითვის გარეშე უნდა განახორციელოს.

თუ დამსაქმებელი 300 ლარიანი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად გადაიხდის განუხორციელებელ საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მონაწილის მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. ამასთან, საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევად არ მიიჩნევა საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება ან დაზუსტება, თუ დამსაქმებელი შესაბამის საპენსიო შენატანს დროულად და ჯეროვნად განახორციელებს. დამსაქმებლისთვის ჯარიმის დაკისრება შესაძლებელია დარღვევის გამოვლენის დღიდან 6 თვის განმავლობაში.

დარღვევის გამოვლენა და ინფორმაციის მიღება
საპენსიო ფონდი დარღვევას გამოავლენს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის მონაცემებთან შედარებით ან დამსაქმებლის შემოწმებისა და მონიტორინგის საფუძველზე.

მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ფონდს შეუძლია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და ბრძანებას მისი წარდგენიდან 14 დღის ვადაში გამოსცემს.

საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებების გასაჩივრება და აღსრულება
კანონით განისაზღვრა საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის უფლებამოსილებები და გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი. საჩივრის წარდგენის ვადა შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღეა. საჩივრის წარდგენა აჩერებს სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება საერთო სასამართლოში გასაჩივრდეს.

ჯარიმის, განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მონაწილის მიუღებელი სარგებლის დაკისრების შესახებ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები ექვემდებარება იძულებით აღსრულებას.

ასევე, დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე განიხილოს მის მიერ განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) საკითხი და აღნიშნულის შესახებ დამსაქმებელთან დადოს შეთანხმება. დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული ფარგლების გარეთ (ზემოთ) განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების დადების უფლებამოსილება აქვს მმართველობით საბჭოს. დამსაქმებელთან განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება ერთი და იმავე საპენსიო შენატანის/სარგებლის ოდენობაზე შეიძლება დაიდოს მხოლოდ ერთხელ. ამ პერიოდში შესაბამისი აქტის აღსრულება შეჩერებულია.

ცვლილებების ამოქმედება
მონაწილის მიუღებელი სარგებელი დამსაქმებელს დაეკისრება 2025 წლის 1 მაისის შემდგომ საანგარიშო პერიოდებთან დაკავშირებული დარღვევებისთვის, ხოლო ამ თარიღამდე პერიოდებზე არ გავრცელდება.

პასუხისმგებლობის ახალი სისტემა 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება, ხოლო განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების წესი – 2027 წლის 1 ივნისიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/7002663?publication=0

 

 

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                                                    დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                       რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია