fbpx
saqartvelos sagadasaxado kanonmdeblobashi shesuli cvlilebebi oqtombris periodi 2021
გააზიარე სტატია

2021 წლის ოქტომბრის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2021 წლის ოქტომბრის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

შინაარსი

1.1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის განსაზღვრა

1.2. მეთოდური მითითება არაარსებითი დანაკარგების შესახებ

1.3. დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესში ცვლილება

1.4. ბრძანება მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე

1.5. საბაჟო ღირებულებაში შეტანილი სატრანსპორტო მომსახურების დღგ-სგან გათავისუფლება

1.1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის განსაზღვრა

2021 წლის 1 ოქტომბერს ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში, რომლის მოქმედება გავრცელდა 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ცვლილების საფუძველზე დაზუსტდა წესი რომლის მიხედვითაც დასაბეგრი პირის მიერ უნდა მოხდეს ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის განსაზღვრა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში. კერძოდ, დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში იმ ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე იყო შესყიდული და შესაბამისად არ იყო ჩათვლილი დღგ-ის თანხა, უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად, როგორც ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, მხოლოდ იმ წლების მიხედვით რაც დარჩა დადგენილი წლებიდან (უძრავ ნივთზე 10 წელი; სხვა ძირითად საშუალებებზე 5 წელი) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით.

ბ) თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად მხოლოდ ისეთ ოპერაციებში, რომლებზეც გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება, დასაბეგრ პირს უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, მხოლოდ იმ წლების პროპორციულად რაც დარჩა დადგენილი წლებიდან (უძრავ ნივთზე 10 წელი; სხვა ძირითად საშუალებებზე 5 წელი) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 1 იანვრამდე და რეგისტრაციის თარიღამდე ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე ვერ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, უფლება აქვს 2021 წლიდან ჩათვლისთვის განსაზღვრული დარჩენილი წლების პროპორციულად განსაზღვრული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს ყოველი წლის ბოლოს დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.

1.2. მეთოდური მითითება არაარსებითი დანაკარგების შესახებ

2021 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 მაისს მიღებული ბრძანება No15464 საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე. კერძოდ კი დამტკიცდა მეთოდური მითითება სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ, რომელიც გამოიყენება 2020 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისების მიმართ და რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული არაარსებითი დანაკარგი, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის არ განიხილება დანაკლისად.

მეთოდური მითითება განსაზღვრავს არაარსებითი დანაკარგის მოცულობას მხოლოდ იმ მაღაზიებისათვის (მარკეტი, სუპერმარკეტი ან ჰიპერმარკეტი), სადაც საქონლის (სურსათის) საცალო რეალიზაცია ხორციელდება „ღია საწყობის“ პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ იდენტიფიცირებულია მომხმარებელთა შესასვლელ-გასასვლელი, განკუთვნილი საქონელი (სურსათი) განთავსებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას და მომხმარებელი დამოუკიდებლად ან/და მოლარე-კონსულტანტის დახმარებით ირჩევს სასურველ საქონელს (სურსათს), ასევე საქონლის (სურსათის) შეძენა-რეალიზაცია აღირიცხება შტრიხ-კოდებითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.

არაარსებითი დანაკარგი კი თავის მხრივ არის გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) დანაკლისის ჯამი, რომლის საბაზრო ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი, საქონლის (სურსათის) სარეალიზაციო ღირებულებათა (დღგ-ის გარეშე) ჯამის 1%-ს. ამასთან, არაარსებითი დანაკარგი ექვემდებარება გადაანგარიშებას, თუ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში რეალიზებული, მათ შორის, დანაკლისად დაბეგრილი, საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამი (დღგ-ის გარეშე) არსებითად განსხვავდება წინა სრული კალენდარული წლის ანალოგიური მონაცემისაგან. კერძოდ, შესაბამისი თანხა (ბრუნვა) წინა წელთან შედარებით:

ა) თუ გაიზარდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაბეგრილი დანაკლისები ექვემდებარება იმავე კალენდარული თვეების დეკლარაციების დაზუსტების გზით შემცირებას, რომლებშიც მოხდა მათი ასახვა (დაბეგვრა);

ბ) თუ შემცირდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაუბეგრავი დანაკლისები ექვემდებარება ამავე წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შესაბამის დეკლარაციებში ასახვას (დაბეგვრას). ასევე საყურადღებოა ის, რომ თუ გამოვლენილი დანაკლისი მოიცავს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელს (სურსათს), თითოეულ დანაკლისში არაარსებით დანაკარგად პირველ რიგში ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრი საქონლის (სურსათის) დანაკლისი.

1.3. დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესში ცვლილება

2021 წლის 15 ოქტომბერს ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. კერძოდ, ცვლილება შეეხო საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესს.

როგორც აქამდე იყო ჩვენთვის ცნობილი, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო შემოწმებისას რიგ შემთხვევებში უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით და ასეთ შემთხვევებში, საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არანაკლებ 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.

ცვლილების საფუძველზე განისაზღვრა, რომ თუ საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ ქონების საბაზრო ფასი არანაკლებ 10%-ით ნაკლებია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების (აფასბეის კოეფიციენტებია: 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3; 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2; 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5; იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3) შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულებაზე, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს შეამციროს დასაბეგრი ბაზა და საგადასახადო ვალდებულება განისაზღვროს საბაზრო ფასით.

1.4. ბრძანება მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე

2021 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება No22708 ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ეხება შემდეგ საკითხებს:

დანართი No1: „დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრის შესახებ“

დანართი No2: „უიმედო ვალად აღიარებული დებიტორული დავალიანების დაბეგვრის შესახებ“

დანართი No3: „სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის შესახებ“

დანართი No4: „ანგარიშვალდებულ პირზე დაფიქსირებული ნაშთის დაბეგვრის შესახებ“

დანართი No5: „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“

დანართი No6: „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“

დანართი No7: „სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“

ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების გამოყენება სავალდებულოა 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ. აგრეთვე, სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის – საგადასახადო შემოწმების, საგადასახადო დავის განხილვის და საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში მითითებულია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშების ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებ(ებ)ით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მეთოდ(ებ)ი, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისთვის გამოიყენება საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში მითითებული მეთოდ(ებ)ი.

მეთოდური მითითების No1-No4 დანართები ამოქმედდა 2019 წლის 9 ივლისიდან, ხოლო No5- No7 დანართები 2019 წლის 12 ნოემბრიდან.

1.5. საბაჟო ღირებულებაში შეტანილი სატრანსპორტო მომსახურების დღგ-სგან გათავისუფლება

2021 წლის 21 ოქტომბერს ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში, რომლის მოქმედება გავრცელდა 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კერძოდ, დაზუსტდა ბრძანების 112-ე მუხლის 49-ე ნაწილის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა, რომლის ღირებულება შეიტანება საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებაში, ექვემდებარება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას, ვინაიდან იგი განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების ნაწილად, რომელიც თავის მხრივ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით ათავისუფლებს საქონლის იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს (წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში, საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე) შორის საქონლის გადაზიდვასა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურების გაწევას, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა.

ცვლილებამდე არსებული 112-ე მუხლის 49-ე ნაწილის ძველი რედაქციით, სატრანსპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების პრივილეგიის გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ საქონლის იმპორტის პროცედურაში მოქცევამდე და სხვა დანარჩენი რეჟიმების შემთხვევაში არ გამოიყენებოდა.

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი: დავით პაპიაშვილი

აუდიტის მენეჯერი: რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია