fbpx
გააზიარე სტატია

საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლო მიწოდება მოგების გადასახადითა და დღგ-ით აღარ დაიბეგრება

2023 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრება და ასევე, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება, „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება (გადაცემა).

„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონი გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა 2023 წლის 24 ოქტომბრიდან. ეს კანონი უზრუნველყოფს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებას, ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის გადაცემის (მიწოდების) წახალისებისა და მათთვის უვნებელი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. კერძოდ კი, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს უფლება აქვს, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს ან უშუალოდ ბენეფიციარს გადასცეს ჭარბი სურსათი შეწირულების სახით, თუ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, რომელიც სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილეობს, სურსათის გადაცემა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის ან/და სურსათის ბანკისთვის, გათავისუფლდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრისგან, სსკ-ის 983-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით და ასევე, გათავისუფლდება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრისგან ჩათვლის უფლებით, სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

საქართველოს მთავრობამ, „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან, 6 თვის ვადაში დადგენილებით უნდა დაამტკიცოს, სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი და სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი, ამასთან არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა ასევე უნდა დაამტკიცოს სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია. ამ სფეროსთვის შეღავათიანი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმიც 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.


გააზიარე სტატია