მიკრო, მცირე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელების სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა დაბეგვრის წესში ცვლილებები განხორციელდა
2026 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N38 ბრძანება, რის საფუძველზეც ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N999 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილება შეეხო, როგორც მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი მქონე პირებს, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს. წარმოგიდგენთ თითოეული სტატუსის მიხედვით განხორციელებული ცვლილებების მიმოხილვას.
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირების დაბეგვრა აღნიშნული სტატუსის გაუქმებისას
ცვლილებამდე არსებული რეგულაციით, თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებდა 30’000 ლარს ან იგი დაიწყებდა დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას, მას უფლება ქონდა ამ მომენტის დადგომიდან საგადასახადო ორგანოსთვის მიემართა მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით და ასეთ შემთხვევაში, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად, თუმცა აღნიშნულისთვის ვადა ორაზროვნად იყო განსაზღვრული. ამასთან ორაზროვანი იყო მიკრო ბიზნესის სტატუსის საკუთარი ინიციატივით გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვებისას, წლის დასაწყისიდან სტატუსის გაუქმებამდე მიღებული შემოსავლის დაბეგვრის რეჟიმი.
ცვლილების შედეგად ზუსტდება მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების სხვადასხვა შემთხვევების დროს, წლის დასაწყისიდან გაუქმებამდე პერიოდში მიღებული შემოსავლების დაბეგვრის დეტალები, კერძოდ ეს შემოსავალი 20%-ით დაიბეგრება, თუ მიღებულ შემოსავალზე გავრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და მისი დაბეგვრა არ მოხდება. ცვლილების მიხედვით მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, წლის დასაწყისიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა/არ დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტა მოხდება შემდეგნაირად:
ა) თუ შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან მიკრო მეწარმე დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას და ამ მომენტის დადგომიდან პირი 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით, ფიზიკურ პირს გაუუქმდება მიკრობიზნესის სტატუსი და მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი გადაჭარბების დღიდან ან დაქირავებული პირის შრომის გამოყენების დაწყების დღიდან და მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად (ასეთი შემოსავალი არ დაიბეგრება);
ბ) თუ შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან მიკრო მეწარმე დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას და ამ მომენტის დადგომიდან პირი 15 დღის ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით, ფიზიკურ პირს მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი მიმართვის დღიდან და მის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით (ასეთი შემოსავალი დაიბეგრება 20%-ით) ;
გ) თუ შემოსავალი არ გადააჭარბებს 30 000 ლარს და საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით, ფიზიკურ პირს მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი მიმართვის დღიდან და მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად (ასეთი შემოსავალი არ დაიბეგრება);.
შედეგად მიკრო მეწარმის სტატუსის გაუქმებისა და მცირე მეწარმის სტატუსის მოპვებისას წლის დასაწყისიდან ამ მომენტამდე მიღებული შემოსავლების დაბეგვრა ხდება განსხვავებული წესით (ზოგ შემთხვევაში ეს შემოსავალი იბეგრება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არა).
გარდა ამისა დაზუსტდა, რომ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საგადასახადო დოკუმენტების შენახვა უზრუნველყოს 3 წლის ვადით, ნაცვლად 6 წლისა, როგორც ეს ინსტრუქციის ცვლილებამდე არსებული რედაქციით იყო განსაზღვრული. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
ცვლილება მცირე ბიზნესის ბიზნესის სტატუსის მინიჭებისას 1%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავლის დათვლის ნაწილში
გარდა ზემოთ აღნიშნული გაკეთდა ჩანაწერი რომ ზოგადად პირის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსი მიღებისას (არა მხოლოდ მაშინ როდესაც მიკრო მეწარმე იღებს ამ სტატუსს) მცირე ბიზნესის სტატუსი ძალაში შედის ასეთი სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვის დღიდან, ნაცვლად განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვისა, როგორც ეს ინსტრუქციის ცვლილებამდე არსებული რედაქციით იყო განსაზღვრული. შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისას აღნიშნული რეჟიმით დაბეგვა (შემოსავლის 1%) ამოქმედდება არა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან მიღებულ შემოსავალებზე, არამედ მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართვის თარიღიდან მიღებულ შემოსავალებზე.
მაგალითი 1:
პირობა:
ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ახორციელებს სურსათით საცალო ვაჭრობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მის მიერ 2023 და 2024 წლების განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა თითოეული წლის მიხედვით შეადგინა 600 000 ლარი.
პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით 2025 წლის 10 იანვარს.
ანალიზი:
მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მიერ 2023 და 2024 წლების განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი თითოეული წლის მიხედვით აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნული არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის შემზღუდველი პირობა. ამასთან, ვაჭრობა არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას. გიორგი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს. შესაბამისად, მას უფლება აქვს, მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი.
შედეგი:
საგადასახადო ორგანო გიორგის ანიჭებს მცირე ბიზნესის სტატუსს და გადასცემს სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს. გიორგი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ ჩაითვლება 2025 წლის 10 იანვრიდან. მის მიერ 10 იანვრიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.“
გარდა ამისა კეთდება დაზუსტება რომ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, უფლება აქვს სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს სტატუსის გაუქმების წლის მომდევნო საგადასახადო წლიდან და კვლავ მიიღოს სტატუსი, რითაც გამოირიცხება გაუქმების წელსვე აღნიშნული სტატუსის ხელახლა მიღება.
მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების წესი კი, როდესაც პირი ამ მოთხოვნით თავად მიმართავს საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე, რჩება უცვლელი და სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ცვლილების შედეგად, ინსტრუქციაში ჩაიწერა, რომ თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ წარადგენს „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (ე.წ. ნულოვანი დეკლარაცია).
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებსა და შენარჩუნების ნაწილში დადგენილი დამატებითი მოთხოვნები
იმ შემთხვევაში თუ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ენიჭება ფიზიკურ პირს, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან ერთად, სავალდებულო ხდება რომ ფიზიკური პირი იყოს რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ. ამასთან, თუკი პირს გაუუქმდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია, მას ასევე გაუუქმდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.
ცვლილების შედეგად დაზუსტდა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში.
ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (გამოქვეყნების თარიღი 06/02/2026)
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/document/view/6780342?publication=0