2025 წლის დეკემბრის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2025 წლის დეკემბრის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.
სარჩევი
1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
1.1. საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ცვლილებები
2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
2.1. ცვლილება აქციზის თანხის გაანგარიშებაში
2.2. ცვლილება არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებასთან და აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებასთან დაკავშირებით
2.3. ცვლილება პიროტექნიკურ ნაწარმზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესში
2.4. ცვლილებები ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების დეკლარაციებთან დაკავშირებით
3. ცვლილება მთავრობის დადგენილებებში
3.1. „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალი დადგენილება.
1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
1.1. საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ცვლილებები
2025 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი 1282-IVმს-XIმპ, ხოლო 2025 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი 1296-IVმს-XIმპ. ორივე კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 39-ე მუხლის – „საგადასახადო საიდუმლოება“ მე-2 ნაწილში.
როგორც მოგეხსენებათ, სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ამასთან, მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ ამავე მუხლით მკაცრად განსაზღვრულ პირებს.
- პირველი ცვლილების მიხედვით, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნა შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს/საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.“
მაშასადამე, ცვლილების საფუძველზე, სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული პირების ჩამონათვალს გამოაკლდა ბიზნეს ომბუდსმენი და მისი მოადგილე, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს აღარ ექნება უფლება საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გადასცეს აღნიშნულ პირებს.
ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან.
- მეორე ცვლილება კი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციისა და მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის საკითხიდან.
აქედან გამომდინარე, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნა შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას.“
ხოლო, „ზ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით:
„ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;“
„ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ციფრული მმართველობის სააგენტოს − ამ სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადასაცემად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისთვის.“
ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის 2 მარტიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6699254?publication=0
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6698071?publication=0
2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
2.1. ცვლილება აქციზის თანხის გაანგარიშებაში
2025 წლის 12 და 29 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N322 და N341, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის 771-ე მუხლი, დანართი №IV-01-ის „განაყოფი III. აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება“, ხოლო 112-ე მუხლს დაემატა ახალი 78, 79 და 80 პუნქტები. აღსანიშნავია, რომ ცვლილება გამოწვეულია საგადასახადო კოდექსში 2025 წლის ნოემბრის (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ 2025 წლის ნოემბრის თვის სიახლეების მიმოხილვა https://kreston.ge/finansuri-media-blogi/) თვეში შესული ცვლილებით, რომელიც ეხება აქციზით დასაბეგრი განაკვეთების ცვლილებას.
ცვლილების მიხედვით, ინსტრუქციის 771-ე მუხლს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ასევე დაემატა „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამს;
ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებული კაფსულებისა და მსგავსი სახის პროდუქტებისთვის (თამბაქოს შემცველობით) 20 ცალზე და წვის პროცესის გარეშე აეროზოლის მისაღებად გამოსაყენებელი ღერებისთვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამს.“
„ა1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამს.“
ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან.
რაც შეეხება 112 მუხლს, მოხდა შემდეგი შინაარსის ახალი პუნქტების დამატება:
„78. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტების მწარმოებელი/იმპორტიორი, მიუხედავად 2025 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოდგენილი სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასისა, ვალდებულია, 2026 წლისათვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, არაუგვიანეს 2025 წლის 29 დეკემბრისა შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის დასახელების/ქვედასახელების და თითოეული მათგანის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.
79. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, 2026 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრს არაუგვიანეს 2025 წლის 30 დეკემბრისა წარუდგინოს ინფორმაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.
80. 2026 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დგინდება არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა და გამოიყენება ერთი წლის განმავლობაში.“
ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 12 დეკემბრიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6693750?publication=0
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6730740?publication=0
2.2. ცვლილება არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებასთან და აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებასთან დაკავშირებით
2025 წლის 11 და 30 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N320 და N345, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.
ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის 112-ე მუხლის მე-13 პუნქტი და 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა შემდეგი რეგულაცია, რომელიც ცვლილებამდე არსებული რედაქციით მოქმედებდა მხოლოდ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:
„2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“
ცვლილება ასევე შევიდა ინსტრუქციის 79-ე მუხლის მე-4 პუნქტში, რომელიც ადგენს თუ როგორ განისაზღვრება შერჩეული პირის მიერ მიწოდებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება. ცვლილების შედეგად იმპორტირებულ თამბაქოს ნაწარმზე და ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე შემცირდა ნომინალური ღირებულება, კერძოდ:
- იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე განისაზღვრა 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ნაცვლად 19.5 დოლარის ეკვივალენტი ლარებისა, როგორც ეს ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით იყო განსაზღვრული;
- გ) ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 10 დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ნაცვლად 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებისა, როგორც ეს ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით იყო განსაზღვრული;
- ზ) იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 19.5 დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ნაცვლად 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებისა, როგორც ეს ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით იყო განსაზღვრული.
ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6740426?publication=0
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6740426?publication=0
2.3. ცვლილება პიროტექნიკურ ნაწარმზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესში
2025 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N328, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.
ცვლილება შეეხო ინსტრუქციის 251-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესს. კერძოდ:
- სასაქონლო ზედნადების მე-4 და მე-5 სტრიქონებში, როგორც წესი, იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. ცვლილების შედეგად კი დაზუსტდა, რომ პიროტექნიკური ნაწარმის შემთხვევაში (გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე), ამავე სტრიქონებში იწერება მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის ან/და რეალიზაციის ლიცენზიის მქონე პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
- როგორც ვიცით, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სერვისების ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება სისტემასთან დაკავშირება და შეუძლებელია ზედნადების ელექტრონულად შევსება, პირს უფლება აქვს ისარგებლოს ზედნადების ქაღალდური ვერსიით გამოწერის შესაძლებლობით. ცვლილების შედეგად განისაზღვრა, რომ ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პიროტექნიკურ ნაწარმზე (გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე) ზედნადების შევსების შემთხვევაზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პიროტექნიკურ ნაწარმზე ქაღალდური ზედნადები არ გამოიწერება და ზედნადები ივსება მხოლოდ ელექტრონული ფორმით. ამასთან, სავალდებულოა ზედნადებში პროგრამულად მოინიშნოს ველი – „პიროტექნიკური ნაწარმი“.
ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ანუ 2026 წლის 21 იანვრიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6703574?publication=0
2.4. ცვლილებები ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების დეკლარაციებთან დაკავშირებით
2025 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N317, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.
ცვლილება ითვალისწინებს „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშემწყობი მექანიზმების ასახვას გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებში. კერძოდ:
- ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რის საფუძველზეც გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის მე-5 სვეტში, სადაც გადამხდელის მიერ მიეთითება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია, არსებულ ჩამონათვალს დაემატა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტში და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტში დასაქმებული ფიზიკური პირები.
- ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის მე-401 მუხლის მე-5 პუნქტის პრეამბულა, რის საფუძველზეც გარკვეული ცვლილებები შევიდა მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესში. კერძოდ კი, ცვლილების შედეგად, დეკლარაციის III ნაწილის მეორე სვეტში აისახება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით (მათ შორის, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება), გარდა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტისა, შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი, ხოლო მესამე სვეტში – მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 5%-იანი ან 10%-იანი განაკვეთით (მიუხედავად მოგების ფორმირების საანგარიშო პერიოდისა), შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი. დეკლარაციის III ნაწილის მესამე სვეტში აისახება აგრეთვე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით.
ასევე, ინსტრუქციის მე-401 მუხლს დაემატა ახალი 69 პუნქტი, რის საფუძველზეც დეკლარაციის III ნაწილს დაემატა ახალი 17 დანართი, რომელიც წარმოადგენს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხის კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით შესამცირებელი თანხის გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის გაანგარიშების ფორმას და ივსება სვეტების დასახელების შესაბამისად. კერძოდ:
ა) პირველ სვეტში მიეთითება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას;
ბ) მე-2 სვეტში მიეთითება მათ შორის, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგებიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას;
გ) მე-3 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობა, რომლის გაწევის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა;
დ) მე-4 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობიდან ხარჯების ის ოდენობა, რომლითაც წინა საანგარიშო პერიოდებში შემცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა;
ე) მე-5 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობიდან ხარჯების ის ოდენობა, რომლითაც მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მცირდება მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა (სვ.3-სვ.4);
ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების თანხის შემცირების შემდგომ, რომელიც წარმოადგენს პირველ და მე-2 სვეტებს შორის სხვაობას, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხის ოდენობა მეტია ან ტოლია მე-2 სვეტში ასახულ თანხის ოდენობაზე, ან პირველ და მე-5 სვეტებს შორის სხვაობას, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხის ოდენობა ნაკლებია მე-2 სვეტში ასახულ თანხის ოდენობაზე. აღნიშნული თანხა აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1 სტრიქონის მესამე სვეტში.“.
ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 10 დეკემბრიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6692355?publication=0
3. ცვლილება მთავრობის დადგენილებებში
3.1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის დადგენილების დამტკიცების შესახებ
ძალაში შევიდა ახალი მთავრობის დადგენილება „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ეხება პირების მიერ მაღალმთიანი დასახლების სუბიექტის სტატუსის მინიჭებას და ასეთი პირებისთვის განსაზღვრული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას.
დადგენილების ახალი რედაქციის მიხედვით იცვლება მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი, კერძოდ ზუსტდება რომ სტატუსის მინიჭება ზოგიერთ შემთხვევაში მოხდება ცალკეულ დასახლებებში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების შემთხვევაშიც, კერძოდ:
საქართველოს მოქალაქე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირებისთვის სტატუსის მინიჭება ხდება იმ შემთხვევაში თუ იგი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში, თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი.
ძველი რედაქციის მიხედვით ასეთი სტატუსის მისაღებად აუცილებელი იყო მაღალთიან დასახლებაში მინიმუმ 9 თვიანი პერიოდის გატარება, რაც ასეთ დასახლებებში 6 თვიანი პერიოდის გატარების შემთხვევაში აღნიშნული შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას არ იძლეოდა.
გარდა ამისა ზუსტდება რომ მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის სახით წარსადგენია იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ნოტარიულად დამოწმების შესახებ ჩანაწერი მანამდე არ არსებობდა).
ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 26 დეკემბრიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/13e90e44-ad56-477d-b940-5a6fc937a7e5
შპს კრესტონ ჯორჯია
მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი
საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან ჭაბუკიანი