fbpx
გააზიარე სტატია

აღებული სესხის კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების მიზნებისთვის 

2024 წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ცვლილება „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N423 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილების შედეგად, ინსტრუქციის მე-14 მუხლის შემდეგ დაემატა ახალი 141 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა აღებული სესხის კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების წესი.

ცვლილება ეხება მეტად მნიშვნელოვან საკითხს რამაც მრავალი კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრა შეიძლება გამოიწვიოს, ვინაიდან აღნიშნული ცვლილების შედეგად განისაზღვრა ის კრიტერიუმები რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შემოსვლების სამსახურს უფლება ექნება დამფუძნებლისგან მიღებული სესხი, საწარმოს კაპიტალში შეტანად გადააკვალიფიციროს და გადახდილი სესხის პროცენტის თანხა  მთლიანად დაბეგროს მოგების გადასახადით, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული სესხის პროცენტი შესაძლოა ექცეოდეს ანალოგიური სესხის  პროცენტების ე.წ. საბაზრო დიაპაზონში.

როგორც ცნობილია სსკ-ის 98 პრიმა მუხლის მიხედვით მოგების გადასახდით დაბეგვრას ექვემდებარება არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირისგან ან ე.წ. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირისგან საბაზრო ფასზე მეტად შეძენილი საქონელის ან მომსახურების ოპერაცია, რა დროსაც დაბეგვრას ექვემდებარება სხვაობის თანხა. შესაბამისად აქამდე არსებული მიდგომით შემოსავლების სამსახური ბეგრავდა მიღებული სესხი პროცენტის იმ თანხას რომელიც ჩაითვლებოდა რომ იყო საბაზრო პროცენტზე გადამეტებული.

1. ცვლილებამდე არსებული მიდგომა

ცვლილებამდე არსებული პრაქტიკით საქართველოს საწარმოს (მაგალითად შპს-ს) მიერ არარეზიდენტი დამფუძნებლისგან ან ე.წ. ოფშორული კომპანიიდან  აღებული სესხი რომელიც აღებული იყო ვთქვათ 6%-ში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან ექვემდებარებოდა შემოწმებას  ექცეოდა თუ არა  აღნიშნული 6%-იანი საპროცენტო განაკვეთი ანალოგიური სესხების ე.წ. საბაზრო დიაპაზონში.  შემოწმების შედეგად მოგების გადასახადით დაბეგვრა ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხევავში თუ ასეთ პროცენტი აღმოჩნდებოდა საბაზრო დიაპაზონს ზემოთ – მაგალითისთვის თუ ანალოგიური სესხების საბაზრო დიაპაზონი იყოს 2%-დან 5%-მდე (მედიანა 4%), მოგების გადასახადით დაიბეგრებოდა სესხის 6%-ის შესაბამისი თანხასა და პროცენტების საბაზრო დიაპაზონის მედიანის ანუ 4%-ის თანხებს შორის სხვაობა.  

2. ცვლილების შემდგომ გამოყენებული მიდგომა

ზემოთ ხსენებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ შემოსავლების სამსახურს უფლება ეძლევა დაბეგროს არა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი მაგალითში მითითებული სხვაობის თანხა (6%-სა და 4%-ს შორის სხვაობის თანხა) არამედ მთლიანი 6%-ის შესაბამისი თანხა თუ მიღებული სესხი გადაკვალიფიცირებული იქნა დამფუძნელის მიერ საწარმოში განხორციელებულ კაპიტალში შენატანად. 

3. რა დროს მოხდება კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირება?

შემოსვლების სამსახურის მიერ კომპანიის აღებული სესხის კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირება მოხდება თუ  კონტროლირებული ოპერაციის მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით კომპანიას დაუფიქსირდება შემდეგი შემთხვევები (გადაკვალიფიცირების კრიტერიუმები):

ა) ფიქსირებული დაფარვის გრაფიკი – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა სესხის ძირის/პროცენტის დაფარვის ფიქსირებული გრაფიკი, აგრეთვე, შეესაბამება თუ არა აღნიშნული გრაფიკი საბაზრო პირობებს და სესხის მიზნობრიობას;

ბ) პროცენტის გადახდის ვალდებულება – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა პროცენტის დარიცხვის/გადახდის ვალდებულება. ამასთან, ფაქტობრივად ხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა/გადახდა;

გ) სესხის ძირის/პროცენტის მიღება იძულებითი აღსრულების გზით – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ზომების გამოყენება მოთხოვნის (სესხის ძირის და პროცენტის) დასაკმაყოფილებლად. ამასთან, შესაბამისი პირობების დადგომისას გამსესხებელი სარგებლობს თუ არა ამ უფლებით;

დ) გამსესხებლის სტატუსი (სუბორდინაცია) სხვა კრედიტორებთან მიმართებაში – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა გამსესხებლის მოთხოვნის სუბორდინაცია მსესხებლის სხვა კრედიტორებთან მიმართებაში;

ე) სახელშეკრულებო შეზღუდვები და დაცულობის მექანიზმები – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მსესხებლის მიმართ სხვადასხვა სახელშეკრულებო შეზღუდვების (მათ შორის, აქტივების რეალიზაციასთან დაკავშირებით), ჯარიმის ან/და მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენება. ამასთან, შესაბამისი პირობების დადგომისას, გამსესხებელი სარგებლობს თუ არა აღნიშნული საშუალებებით;

ვ) სასესხო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა – მხარეთა მიერ სესხად განხილული ოპერაციის განხორციელებისას მსესხებელს უფიქსირდება თუ არა რეალური ფინანსური შესაძლებლობა სესხის ძირი და პროცენტი დაიფაროს მისი საოპერაციო მოგებით;

ზ) მსესხებლის კაპიტალის სტრუქტურა – მხარეთა მიერ სესხად განხილული ოპერაციის განხორციელებისას ექცევა თუ არა მსესხებლის ფინანსური მაჩვენებლები (მათ შორის, სესხის და კაპიტალის თანაფარდობა) საბაზრო დიაპაზონში;

თ) სესხის აღების საჭიროება და ხარჯვის მიზნობრიობა – მსესხებელს აქვს თუ არა სესხის აღების რეალური საჭიროება. ამასთან, მიღებული დაფინანსება განკუთვნილია ან/და გამოყენებულია თუ არა გრძელვადიანი (კაპიტალიზირებადი) აქტივების შესაძენად ან/და დამწყები საწარმოს (სტარტაპის) ფინანსური სახსრებით უზრუნველსაყოფად;

ი) სასესხო ვალდებულებების გადავადება – აქვს თუ არა ადგილი სესხის ძირის/პროცენტის გადაუხდელობას დათქმულ ვადაში ან/და ხდება თუ არა სესხის ძირის/პროცენტის დაფარვის პერიოდის გახანგრძლივება არაერთჯერადად;

კ) მონაწილეობა მსესხებლის მართვაში – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა გამსესხებლისთვის მსესხებლის სტრატეგიულ/საოპერაციო მართვაში მონაწილეობის უფლების მინიჭება. ამასთან, გამსესხებელი სარგებლობს თუ არა ამ უფლებით;

ლ) სესხის გაცემა წილის ფლობის პროპორციულად ან/და ფლობის პირობით – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არ გამსესხებლისთვის მსესხებლის წილის ფლობასთან დაკავშირებული  უფლებების მინიჭება. ამასთან, გამსესხებელი სარგებლობს თუ არა ამ უფლებით;

მ) სესხის კაპიტალად კონვერტაციის შესაძლებლობა – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა სესხის კაპიტალად კონვერტაციის შესაძლებლობა. ამასთან, გამსესხებელი სარგებლობს თუ არა ამ შესაძლებლობით.

მიღებული სესხი ოპერაციის ან მისი ნაწილის კვალიფიკაციის შეცვლა (სესხის კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირება) შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდება თუ გამოიკვეთება ზემოხსენებული საფუძველი არანაკლებ სამი კრიტერიუმის მიხედვით, რომელთა შორისაც არანაკლებ ერთი უნდა იყოს „ვ“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმი. 

გამოდის რომ თუ კომპანიას არარეზიდენტისგან ან ე.წ. ოფშორული კომპანიისგან მიღებულ სესხზე ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ 3 კრიტერიუმი დაუფიქსირდება (მინიმუმ ერთი უნდა იყოს „ვ“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმი) –  კომპანიის მიერ მიღებული სესხის პროცენტი  ანუ ჩვენს მაგალითში მთლიანი 6%-ის შესაბამისი თანხა შესაძლოა დაიბეგროს მოგების გასახადით თუ აღნიშნული თანხა გადახილი იქნება შემოსაწმებელ პერიოდში. 

გამომდინარე იქიდან რომ დღეის მდგომარეობით მრავალი კომპანიის მიერ აღებული სესხების შემთხევეაშია შესაძლებელი რომ კომპანიას დაუფიქსირდეს ზემოთ ხსენებული 3 კრიტერიუმი, არსებობს რისკი იმისა რომ მრავალ კომპანიას დაებეგროს არამარტო საბაზრო დიაპაზონის ზემოთ არსებული სესხის პროცენტის შესაბამისი თანხა, არამედ გადახდილი  სესხის პროცენტის მთლიანი თანხები განურჩევლად აღნიშნული პროცენტის საბაზრო დიაპაზონში მოქცევის ფაქტისა. 

141 მუხლის მიზნებისთვის სესხად განიხილება კრედიტი/სესხი, ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია, სავალო ფასიანი ქაღალდები და სხვა.

ამასთან ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება 2025 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებთან მიმართებაში 2025 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საკურსო სხვაობაზე და 2025 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ პროცენტზე, რომლის გადახდაც განხორციელებულია ამავე ან შემდგომ პერიოდებში.

მიღებული სესხის კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებული იქნება, სესხის კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების შესახებ შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომლის სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს ოპერაციის შინაარსი, არგუმენტაცია და გარემოებები, ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე.

აქვე აღსანიშნავია რომ ახალი მიდგომა გამოყენებული უნდა იქნას საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციის მიზნებისთვის რაც გულისხმობს იმას რომ იგი ეხება მხოლოდ და მხოლოდ არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირისგან ან ე.წ. ოფშორული კომპანიებისგან მიღებული სესხების შემთხვევებს, შესაბამისად აღნიშნული მიდგომის გამოყენება რეზიდენტი პირებსგან მიღებული სესხების შემთხვევავში ამ ეტაპზე არ უნდა განხორციელდეს. 

Kreston Georgia არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის, Kreston Global-ის წევრ აუდიტორულ კომპანიას საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს. კრესტონის გლობალური ქსელი 115 ქვეყანაში, 830 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 27.000 თანამშრომელსა და 160 წევრ ფირმას.


გააზიარე სტატია