ბაზრობებისთვის იჯარით გაცემულ ფართებთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველთვიურ რეჟიმში წარდგენის ვალდებულება დაწესდა.
ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად ბაზრობებს იჯარით გაცემული ფართების შესახებ ინფორმაციის ყოველთვიურ რეჟიმში წარდგენის ახალი ვალდებულება დაუწესდათ.
ბაზრობა (ბაზრობის ტერიტორია) არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.
არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით (მაგალითად დახლი) ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
კანონმდებლობაში შესული ცვლილების თანახმად ბაზრობა ვალდებულია არაუგვიანეს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარადგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) მეიჯარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა და იურიდიული მისამართი;
ბ) ბაზრობის საფირმო სახელწოდება;
გ) მიწის საკადასტრო კოდ(ებ)ი და შესაბამისი მისამართ(ებ)ი;
დ) სტაციონარული და არასტაციონარული ობიექტების რაოდენობა;
ე) ინფორმაცია მოიჯარისა და ქვემოიჯარის შესახებ, მათ შორის: დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ;
ვ) მოიჯარის/ქვემოიჯარის საქმიანობის სახე;
ზ) იჯარით/ქვეიჯარით გაცემული ობიექტის ფართობი (კვ.მ) და ტიპი;
თ) იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულების ნომერი, თარიღი, თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების დაწყების, დასრულების, ცვლილების და შეწყვეტის თარიღი;
ი) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
ახალი ფართების იჯარით გაცემის ან ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ან შეწყვეტა) შემთხვევაში ბაზრობა ვალდებულია ზემოთ ხსენებული ინფორმაცია ყოველთვიურ რეჟიმში წარადგინოს იმავე ვადაში (მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვი).
გარდა ბაზრობისთვის დაწესებული ვალდებულებებისა ახალი ვალდებულება დაუწესდათ ბაზრობის ტერიტორიაზე მომუშავე მოიჯარეებსაც (ქვემოიჯარეებსაც), კერძოდ მათ მიერ ბაზრობაზე იჯარით აღებული სტაციონარული სავაჭრო ობიექტის/არასტაციონარული სავაჭრო ადგილის ქვეიჯარით გაცემის შემთხვევაში, აღნიშნული პირები ვალდებული არიან ქვეიჯარით გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს აღნიშნულის შესახებ ზემოთ ხსენებულ პირს.
კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
საკანონმდებლო ცვლილება 2024 წლის 1 აპრილიდან შედის ძალაში (საიჯარო ურთიერთობაზე რომელიც წარმოშობილია 2024 წლის 1 აპრილამდე ინფორმაციის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა) და იგი მიზნად ისახავს ბაზრობაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გადასახდელი გადასახადების ადმინისტრირებას.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6131849?publication=0