ბარტერული ოპერაციის დაბეგვრა დღგ-ით
2023 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილება უკავშირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის ბოლოდროინდელ ცვლილებას.
როგორც უკვე ვიცით, 2023 წლის აპრილის თვეში ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის ოდენობა საბაზრო ფასით განსაზღვროს. ამ ნაწილის გამოყენების პირობები და წესები, აგრეთვე შემთხვევები, როდესაც ეს ნაწილი არ გამოიყენება, უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ და სწორედ აღნიშნულის განსაზღვრა მოხდა განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.
კერძოდ, ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატა ახალი 483-ე მუხლის, რომლითაც განისაზღვრა გაცვლის (ბარტერული) ოპერაციების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხის საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი და რომლის მიხედვითაც, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე, თუ გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება.
ახალ მუხლს თან ახლავს მაგალითი, რომლის მიხედვითაც, საწარმოსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება, ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, ამავე მიწის ნაკვეთზე საწარმომ უნდა ააშენოს შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებული ფართების ნაწილს გადასცემს ფიზიკურ პირის საკუთრებაში. მაგალითის მიხედვით მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასია 236 000 ლარი, შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი აქვს უძრავი ნივთის მიწოდებას, საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის ფართების მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით, რაც შეადგენს 200 000 ლარს (236 000 / 1,18).
აღნიშნული ცვლილებით, მეტად თვალსაჩინო გახდა სსკ-ის 164-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული დებულება, იმის შესახებ, რომ ბარტერული ოპერაციის შემთხვევაში მიწოდებული საქონელი/მომსახურება უნდა დაიბეგროს სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურების (სანაცვლოდ მიღებული საქონლის/მომსახურების) დღგ-ის გარეშე საბაზრო ფასის შესაბამისად.
თუმცა, კვლავ ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩევა რამოდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ეხება მაგალითისთვის საბაზრო ფასით დაბეგვრას დღგ-ს მიზნებისთვის, კერძოდ იმასთან დაკავშირებით თუ დროის რა მომენტისთვის არსებული საბაზრო ფასი უნდა იქნეს გამოყენებული დღგ-ით დაბეგვრისთვის: საბაზრო ფასი დროის იმ მომენტისთვის როდესაც ბარტერის ხელშეკრულება გაფორმდა; თუ იმ მომენტისთვის როდესაც ბინების საჯარო რეესტრში გადაფორმება მოხდა; თუ მაშინ როდესაც ბინები შევიდა ექსპლუატაციაში და დადგა მიწოდების ოპერაციის დაბეგვრის მომენტი. დროის ზემოაღნიშნულ სამივე მომენტში მიწის საბაზრო ფასი, შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ფასების დინამიკიდან გამომდინარე და შესაბამისად ამ უკანასკნელმა ფაქტმა არსებითი გავლენა მოახდინოს დასაბეგრი ოპერაციის მოცულობაზე. აქედან გამომდინარე აღნიშნული საკითხი/პრობლემა საჭიროებს დამატებით განმარტებებს და მნიშნველოვანია, გარკვევით იმის განსაზღვრა, თუ სანაცვლოდ მიღებული მიწის საბაზრო ფასი დროის რა მომენტისათვის უნდა იქნას განსაზღვრული დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის.
აგრეთვე, უნდა აღნიშნოს კიდევ ერთი ბუნდოვანება, რაც წარმოდგენილ ცვლილებას თან ახლავს. კერძოდ კი, როგორც ახალ 48(3)-ე მუხლში ვკითხულობთ რომ სანავლოდ მიღებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი გამოიყენება თუ გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება. აღნიშნული კი აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდება დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა იმ შემთხვევაში, როდესაც ბარტერული ოპერაციის ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიერ ხდება მოძრავი ქონების ან სულაც მომსახურების მიწოდება. ცვლილების მიხედვით ბუნდოვანია ამ შემთხვევაშიც დღგ-ით დაბეგვრის იგივე წესები გავრცელდება თუ დაბეგვრა მოხდება უძრავი ქონების დაბეგვრისგან განსხვავებული წესით.
გარდა ამისა ცვლილებით არ ხდება იმისა დაზუსტება თუ როგორ უნდა იქნეს განსაზღვრული დასაბეგრი დღგ-ს თანხა თუ ბარტერული ოპერაციის ერთ-ერთი მხარე საქონლი/მომსახურების მიწოდებასთან ერთად ახდენს ფულადი ფორმით ანაზღაურებას.
დეტალურაც ცვლილებას შეგიძლია გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5894420?publication=0