
2025 წლის იანვრის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2025 წლის იანვრის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.
სარჩევი
1. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
1.1. შეიცვალა საშემოსავლო და მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესი
1.2. ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალის ახალი ფორმა
1.3. განისაზღვრა ახალი ღონისძიება, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების პრევენციისთვის
1. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
1.1. შეიცვალა საშემოსავლო და მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესი
2025 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. ცვლილება ეხება საშემოსავლო და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესს, იმ პირისთვის, რომელიც წამოადგენს სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილება, რის საფუძველზეც, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავლი/მოგება დაიბეგრება 20%-ით, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15%-სა, ხოლო აღნიშნული პირების მიერ, 2025 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან, გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან დაიბეგრება 0%-იანი განაკვეთით, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი კანონმდებლოობით გათვალისწინებული 5%-სა.
სწორედ საგადასახადო კოდექსის აღნიშნულ ცვლილებასთან საშემოსავლო და მოგების გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიცვალა, ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 332-ე და 401-ე მუხლები და დეკლარაციების შესაბამის ველებში 15%-ის ნაცვლად, გადასახადის განაკვეთი მიეთითა 20%.
ცვლილების ამოქმედება გავრცელდა 2025 წლის იანვრის თვის და მის შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე წარსადგენ დეკლარაციებზე.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6409985?publication=0
1.2. ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალის ახალი ფორმა
2025 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. ცვლილება ეხება ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალებს.
ცვლილების მიხედვით, ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდების შემთხვევაში, ერთ ობიექტზე ორი სარეალიზაციო ფასის არსებობისას, პირი ვალდებულია ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი აწარმოოს ახალი №III-171 დანართის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება საცალო მიწოდებისას ერთ ობიექტზე ერთი სარეალიზაციო ფასის არსებობის შემთხვევას და აღნიშნულ შემთხვევაში პირი აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს კვლავ №III-17 დანართის შესაბამისად, როგორც ეს ცვლილებამდე იყო განსაზღვრული.
ჟურნალის ახალი ფორმა გადასახადის გადამხდელს აძლევს შესაძლებლობას, ერთსა და იმავე თარიღში გაატაროს ორი სხვადასხვა სარეალიზაციო ფასი და შესაბამისი ფასდათმობა (არსებობის შემთხვევაში). სწორედ ამ მიზნით დანართის 9;10;12;13;19 სვეტებს აქვს 2-2 სტრიქონი, რომლებშიც სვეტის – „ნავთობპროდუქტების გაცემისას მომსახურების სახე“ შესაბამისად (თვითმომსახურებით არის გაცემული ნავთობპროდუქტი თუ თვითმომსახურების გარეშე) მიეთითება არსებული მაჩვენებლები.
აღსანიშნავია, რომ ახალი დანართის მიხედვით განსაზღვრული ჟურნალი შესაძლებელია იყოს მხოლოდ მატერიალური ფორმის.
დანართი №III-171: ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი ერთ ობიექტზე ორი სარეალიზაციო ფასის არსებობის შემთხვევაში.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6396695?publication=0#DOCUMENT:1;
1.3. განისაზღვრა ახალი ღონისძიება, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების პრევენციისთვის
2025 წლის 27 იანვარს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. ცვლილება ეხება ბრძანების 563-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართულ ადმინისტრირების ღონისძიებებს.
როგორც მოგეხსენებათ და როგორც ეს N996 ბრძანების ცვლილებამდე არსებული რედაქციით იყო განსაზღვრული, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე:
ა) დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნების გამოვლენისას. ამ შემთხვევაში საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში;
ბ) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნისას (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში);
გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
განხორციელებული ცვლილების შედეგად, ზემოხსენებული „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებიდან, რომელიმე გარემოების დადგომის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ეძლევა უფლება, პირს ასევე შეუჩეროს საბაჟო დეკლარაციის გამოყენების უფლება დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6391749?publication=0
შპს კრესტონ ჯორჯია
მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი
საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან ჭაბუკიანი