fbpx
გააზიარე სტატია

საპენსიო შენატანების არასწორად დეკლარების შემთხვევაში წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცის წარდგენა სავალდებულო ხდება

2025 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა ცვლილება „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებაში.

ცვლილების მიხედვით საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში მოხდება რამოდენიმე სიახლის დანერგვა რომლიც შეეხება შემოსავლების სამსახურის ბაზის მონაცემებთან შედარებასა და წლიური საპენსიო დეკლარაციის წარდგენას. წარმოგიდენთ ამ და სხვა სიახლეების მოკლე  მიმოხილვას და იმ ცვლილებებს რაც საპენსიო სააგენტოს შესაბამის ვებ პორტალზე უნდა განხორციელდეს.

 

შემოსავლების სამსახურის ბაზასთან შედარების ფუნქციონალი

საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში დაემატა შედარების ფუნქციონალი, რომლის მეშვეობით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგებს. შედარების ფუნქციონალს ასევე აქვს კომენტარის გრაფა, სადაც დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს შეუძლია მიუთითოს შენიშვნა/ახსნა-განმარტება, თუ იგი არ ეთანხმება შედარების ფუნქციონალში მოცემულ შედარების შედეგებს.

 

წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცის წარდგენის ვალდებულება

იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ეთანხმება შედარების ფუნქციონალში მოცემულ შედარების შედეგებს, საპენსიო შენატანის დანაკლისით ან  ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით, მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ გამოვლენილი სხვაობების გასწორება მოახდინოს წლის ჭრილში ერთიანად, წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის ინიცირებისა და დახურვის საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ითვალისწინებს არაჯეროვანი შესრულების (საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა) აღმოფხვრას, მისი დახურვისთვის აუცილებელია შესაბამისი ოდენობის საბალანსო თანხის არსებობა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ითვალისწინებს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრას, დეკლარაციის დახურვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში:

–      დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანი და მასზედ დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მას დაუბრუნდება საბალანსო თანხის სახით;

–      სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა, გადაირიცხება სახაზინო ანგარიშზე, ხოლო მასზე დარიცხული სარგებელი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე.

წლიურ მაკორექტირებელი დეკლარაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი/ არასტანდარტული დასაქმებული/თვითდასაქმებული და ასეთი დეკლარაცია შესაძლოა მონიტორინგის პროცესში გახდეს სააგენტოს მიერ შემოწმების საგანი.

 

სქემაში მონაწილის სტატუსის გაუქმება

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ  დამსაქმებლის მიერ შეცდომით მოხდა ისეთი დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება, რომელზეც არ ვრცელდება დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონი, სააგენტო უფლებამოსილია, ასეთ მონაწილეს, მისი დამსაქმებლის/მონაწილის მომართვის გარეშე, გაუუქმოს სქემაში მონაწილეობის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია სტატუსის გაუქმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში:

–      დამსაქმებლის მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ, სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხოს  ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ დამსაქმებლის საბანკო ანგარიშზე ან დამსაქმებლის მიერ დამატებით ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე;

–      სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ  განხორციელებულ საპენსიო შენატანის თანხა გადარიცხოს  სახაზინო ანგარიშზე, ხოლო მასზედ დარიცხული სარგებელი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე;

–      სტატუსის გაუქმებისა და ამ პუნქტის  შესაბამისად საპენსიო შენატანების და მათზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნების თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობოს დამსაქმებელს და მონაწილეს.

  

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6410873?publication=0


გააზიარე სტატია

110 comments on “საპენსიო შენატანების არასწორად დეკლარების შემთხვევაში წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცის წარდგენა სავალდებულო ხდება