გააზიარე სტატია

მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა და მიწოდებისას დაწესებული აქციზის განაკვეთები მნიშვნელოვნად გაიზარდა

2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი N1477-Vმს-XIმპ, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში და მნიშვნელოვნად შეიცვლა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთები, კერძოდ კი მნიშვნელოვნად იზრდება 2 წელზე უფრო ძველი ავტომობილების იმპორტისა და მწარმოებლის მიერ მიწოდებისას დაწესებული აქციზის განაკვეთები

 

როგორ იცვლება აქციზის განაკვეთები მსუბუქ ავტომობილებზე?

ცვლილება ამოქმედდა 2026 წლის 2 აპრილიდან და აქციზის ახალი განაკვეთები განისაზღვრა შემდეგნაირად:

1. 0–6 წლის მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადი შეადგენს:

  • 1.50 ლარს / 1 სმ³ ძრავის მოცულობაზე;
  • მარჯვენასაჭიანი (ან გადატანილი საჭის მქონე) ავტომობილების შემთხვევაში – აქციზის განაკვეთი 3-ჯერ მეტია;
  • მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში აქციზის განაკვეთი 60%-ით მცირდება.

2. 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადი შეადგენს:

  • 4.50 ლარს / 1 სმ³ ძრავის მოცულობაზე;
  • მარჯვენასაჭიანი (ან გადატანილი საჭის მქონე) ავტომობილების შემთხვევაში – აქციზის განაკვეთი 3-ჯერ მეტია.

3. ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი ფიქსირებულია და შეადგენს 3 000 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის ახალი რედაქციით განსაზღვრული განაკვეთები მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა და მიწოდების ოპერაციებზე (მწარმოებლის შემთხვევაში) უმეტესობა შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაზრდილია, გარდა 0-2 წლის ავტომანქანების შემთხვევისა (სადაც აქციზის განაკვეთის ოდენობა არ იცვლება) და ელექტროძრავიანი მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისა სადაც განაკვეთი ექვემდებარება შემცირებას.

 

რა შემთხვევაში იმოქმედებს ძველი აქციზის განაკვეთები მსუბუქი ავტომობილების იმპორტისას?

ძველი აქციზის წესები კვლავ ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც 2026 წლის 2 აპრილამდე

  • უკვე იყვნენ ტრანსპორტირების პროცესში და ეს დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (კონოსამენტი, CMR თუ სხვა);
  • რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებული იყო. კერძოდ, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 2 აპრილამდე განხორციელდა.

 

როგორ მოხდება ავტომობილების წლოვანების განსაზღვრა ახალი განაკვეთის განსაზღვრის მიზნით?

მსუბუქი ავტომობილის წლოვანება განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – სხვაობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის.

 

ცვლილება  ამოქმედდა 2026 წლის 2 აპრილიდან

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/08f99c5d-74ab-4bae-94c6-0357cb9f8bdb


გააზიარე სტატია