fbpx
ცვლილებები-საგადასახადო-კანონმდებლობაში-კრესტონ-ჯორჯია-ივლისი
გააზიარე სტატია

2022 წლის ივლისის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2022 წლის ივლისის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

შინაარსი
1. ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში
1.1. ქონების გადასახადის შეღავათის გაანგარიშება საერთაშორისო კომპანიებისათვის
1.2. ცვლილება გამყვანი ტურიზმისათვის
1.3. ცვლილებს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში
2. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში
2.1. ახალი N2547 სიტუაციური სახელმძღვანელო კაპიტალის შემცირების შესახებ 
2.2. ახალი N2006 სიტუაციური სახელმძღვანელო არარეზიდენტის საიჯარო მომსახურების წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით.
2.3. ახალი N2548 სიტუაციური სახელმძღვანელო ხელშეკრულების ბათილობისას საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ

1. ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

1.1.  ქონების გადასახადის შეღავათის გაანგარიშება საერთაშორისო კომპანიებისათვის

2022 წლის 11 ივლისს ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომელიც შეეხო ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესს.  კერძოდ კი საერთაშორისო კომპანიებისათვის დაზუსტდა თუ როგორ უნდა მოხდეს საგადასახადო კოდექსით მინიჭებული ქონების გადასახადის შეღავათის გაანგარიშება და დეკლარაციაში ასახვა, მაშინ როდესაც საწარმოს აღნიშნული საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა კალენდარული წლის განმავლობაში.

როგორც უკვე ვიცით, სსკ-ის 23-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.

ზემოხსენებული ცვლილების საფუძველზე, N996 ბრძანების 88-ე მუხლის მე-4 პუნქტში დაემატა ახალი ჩანაწერი და განიმარტა, რომ საერთაშორისო კომპანიებისათვის ქონების გადასახადის შეღავათი განისაზღვრება იმ თვეების პროპორციულად, რამდენ თვეშიც პირი ითვლებოდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონედ.

ასე მაგალითად, ვთქვათ საწარმოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა 2021 წლის 5 მაისს, შესაბამისად, იგი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონედ ითვლება 2021 წლის 1 მაისიდან. თუკი ვთქვათ, საწარმოს დასაბეგრი ქონების ღირებულება წლის დასაწყისში შეადგენს 100 000 ლარს, ხოლო წლის ბოლოსთვის – 140 000 ლარს, შესაბამისად ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება შეადგენს 120 000 ლარს ((100 000 + 140 000) / 2), მაშინ საგადასახადო შეღავათის თანხა იქნება 80 000 ლარი (120 000 / 12 * 8), რომელიც ჩაიწერება ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-8 სვეტში (საგადასახადო შეღავათის თანხა).

1.2.  ცვლილება გამყვანი ტურიზმის კომპანიების დღგ-სგან გათავისუფლების ნაწილში

2022 წლის 11 ივლისს ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 66​​​5 მუხლი, რომელიც ეხება გამყვანი ტურიზმის სფეროსთვის შემოსავლის მიღების ადგილის განსაზღვრას სსკ-სგან განსხვავებული წესით. კერძოდ, თუ სსკ-ის 162​1 მუხლის (B2B-B2C პრინციპი) მე-3 ან მე-12–მე-14 ნაწილების მიხედვით, ტურისტული მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ, აღნიშნული მომსახურება განიხილება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად.

ძირითადი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ცვლილებამდე არსებულ რედაქციაში აღნიშნული ჩანაწერი ეხებოდა მხოლოდ ტურისტულ პროდუქტს (პაკეტს), რაც სსკ-ის 157-ე მუხლის თანახმად არის ტურისტული მომსახურების სახეობათა (მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება) არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა. ცვლილების შედეგად ჩაიწერა, რომ 665-ე მუხლით დადგენილი მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის სპეციფიკური წესი იმოქმედებს არა მხოლოდ ტურისტული პროდუქტის, არამედ ტურისტული მომსახურების გაწევის შემთხვევაშიც, ანუ იმ შემთხვევაშიც თუკი ადგილი ექნა მხოლოდ ერთი რომელიმე ტურისტული ან/და ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურების გაწევას.

1.3.  ცვლილება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში

2022 წლის 15 ივლისს ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №II-06-ის lll ნაწილში. კერძოდ, 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდიდან  გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის (დანართი №II-06) III ნაწილის შემდეგი ველები, რომელთა შევსებაც ცვლილებამდე იყო ნებაყოფლობითი, გადასახადის გადამხდელისათვის გახდა შესავსებად სავალდებულო:

  • 67 – ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის;
  • 68 – საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა;
  • 69 – პირთა რაოდენობა, რომლებზეც გაცემულია 68-ე უჯრაში ასახული თანხა.

2. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

2.1.  ახალი N2547 სიტუაციური სახელმძღვანელო კაპიტალის შემცირების შესახებ

2022 წლის 4 ივლისს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა ახალი N2547 სიტუაციური სახელმძღვანელო _ განთავსებული კაპიტალის შემცირება, რომელიც ეხება შეთანხმებული და განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებში განთავსებული კაპიტალის შემცირების შემთხვევაში საწარმოს პარტნიორზე დაბრუნებული თანხის გადასახადებით დაბეგვრის საკითხს.

სიტუაციურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, კაპიტალის შემცირება არ დაიბეგრება მოგებისა და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადით, როგორც გაცემული დივიდენდი, იმ შემთხვევაში თუკი კაპიტალის შემცირება პარტნიორის მიერ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. თუმცა სიტუაციურ სახელმძღვანელოში არ არის განმარტებული ისეთი შემთხვევის დაბეგვრა/არ დაბეგვრის საკითხი, როდესაც საწარმომ კაპიტალის შემცირება განახორციელა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რაც გარკვეულ ორაზროვნებას იწვევს გადამხდელისათვის. თუმცა, თუკი ვიხელმძღვანელებთ „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც შპს-ებისთვის კაპიტალის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მხოლოდ ნებაყოფლობითია და სავალდებულო არ არის, ცხადია რომ ასეთი რეგისტრაციის გარეშეც შპს-ს პარტნიორის მიერ კაპიტალის შემცირება არ უნდა დაექვემდებაროს დაბეგვრას.

განვიხილოთ სიტუაციურ სახელმძღვანელოში მოცემული ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისი შეფასება საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით:

საქართველოს რეზიდენტი საწარმოს, შპს „X”-ის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 1000 ლარს. საწარმოს კაპიტალში შეთანხმებული შენატანი განხორციელებულია მისი ერთადერთი პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ 1000 ლარის ოდენობით. პარტნიორმა დაარეგისტრირა გადაწყვეტილება რეესტრში, რომლითაც მან 2022 წლის ივლისში 700 ლარით შეამცირა საწარმოს განთავსებული კაპიტალი. პარტნიორის გადაწყვეტილება შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კაპიტალის შემცირებული ოდენობის თანხა დაუბრუნდა პარტნიორ ფიზიკურ პირს. განთავსებულ კაპიტალში განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებში კაპიტალის შემცირების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ საწარმომ პარტნიორს დაუბრუნა 700 ლარი, რომელიც საწარმომ არ განიხილა მოგების განაწილებად და არ დაბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.

საწარმოს ასეთი ქმედება კი შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას, ვინაიდან განთავსებულ კაპიტალში შეთანხმებული და განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებში პარტნიორისთვის დაბრუნებული 700 ლარი, არ წარმოადგენს მოგების განაწილებას (დივიდენდს) და შესაბამისად არ ექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას.

2.2.  ახალი N2006 სიტუაციური სახელმძღვანელო არარეზიდენტის საიჯარო მომსახურების წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით

2022 წლის 20 ივლისს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა ახალი N2006 სიტუაციური სახელმძღვანელო _ არარეზიდენტისათვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა გადახდის წყაროსთან იბეგრება 5%-იანი განაკვეთით, ხოლო ქირის მომსახურების თანხა 10%-იანი განაკვეთით. აღნიშნული საკითხი აქამდეც იყო დარეგულირებული საგადასახადო კოდექსით, თუმცა აქამდე არსებული მიდგომებით ხშირ შემთხვევაში ქირის და იჯარის მომსახურების დაბეგვრა მაინც ერთნაირად ხდებოდა, თუმცა ახალი სიტუაციური სახელმძღვანელოთი აღნიშნული მიდგომა შეიცვლება.

განვიხილოთ სიტუაციურ სახელმძღვანელოში მოცემული ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისი შეფასება საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით:

არარეზიდენტ ფიზიკურ პირს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა სარგებლობაში აქვს გაცემული იურიდიულ პირზე, რაზეც გაფორმებულია ქირავნობის ხელშეკრულება. არარეზიდენტი პირი მიღებული შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს. არარეზიდენტი პირისათვის გადახდილი თანხა საწარმოს დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და გამქირავებელი პირის მონაცემები შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის შეტანილია საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში. აღნიშნული ქმედება საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო,  გამოიწვევს პირის დაჯარიმებას სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. თუ რატომ, განვიხილოთ ქვემოთ.

სსკ-ის 134-ე მუხლის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

1) ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა − ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით;

ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10%-ით;

ხოლო, სსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით:

  1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20%-ით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  2. საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5%-ით იბეგრება.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმარტებულია ქირავნობისა და იჯარის ტერმინები, რაც საბოლოოდ ხდება ზემოთ განხილულ ფაქტობრივ გარემოებაში პირის დაჯარიმების საფუძველი. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ხოლო, 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ,,ქირავნობა,, და ,,იჯარა” წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ცნებებს და ამასთან სსკ-ის 134-ე მუხლის ,,დ1” ქვეპუნქტის შესაბამისად 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთი გამოიყენება მხოლოდ საიჯარო მომსახურებასთან მიმართებაში, იურიდიული პირი ვალდებულია არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის გადახდილი თანხა გადახდის წყაროსთან დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით, სსკ-ის 134-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2.3.  ახალი N2548 სიტუაციური სახელმძღვანელო ხელშეკრულების ბათილობისას საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ

2022 წლის 20 ივლისს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა ახალი N2548 სიტუაციური სახელმძღვანელო _ ხელშეკრულების ბათილობისას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, სადაც მიმოხილულია, რომ ყოველი ისეთი გარიგების შედეგად, რომელიც აკმაყოფილებს ბათილად ცნობის პირობებს და ექვემდებარება გაუქმებას, პირი ვალდებულია შესაბამისად დააკორექტიროს დეკლარაცია და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება.

განვიხილოთ სიტუაციურ სახელმძღვანელოში მოცემული ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისი შეფასება საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით:

2019 წლიდან მეწარმე ფიზიკურ პირებს ,,ა” და ,,ბ”-ს საჯარო რეესტრში თანასაკუთრებაში რეგისტრირებული აქვს კომერციული ფართი. 2020 წელს ,,ა”-მ ,,ბ”-ს თანხმობის გარეშე (ნივთის ნასყიდობის მომენტში ,,ბ”-ს თანხმობის მიღება ვერ მოხდა მისი ქვეყანაში არ ყოფნის გამო) მოახდინა კომერციული ფართის მიწოდება მეწარმე ფიზიკურ პირ ,,გ”-ზე, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიულად და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ,,ა”-მ კომერციული ფართის მიწოდება დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით და წარადგინა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. 2021 წელს ,,ბ” დაბრუნდა საქართველოში და სარჩელი წარადგინა სასამართლოში ,,ა”-ს მიერ დადებული გარიგების გაბათილების მიზნით. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ,,ა”-ს მიერ დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოაცხადა ბათილად. მარეგისტრირებელმა ორგანომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გააუქმა ,,გ”-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაცია და უძრავი ნივთი დაარეგისტრირა ,,ა” და ,,ბ”-ს თანასაკუთრებაში, ხოლო ,,ა”-მ ,,გ”-ს დაუბრუნა მიღებული თანხა.

,,ა”-მ სასამართლოს გადაწყვეტილების, რომელიც ეყრდნობოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის შესწორებული დეკლარაცია, რომლითაც შეიმცირა საგადასახადო ვალდებულება.

შედეგად, პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით ვალდებულებების დაკისრება არ ხდება, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის ნასყიდობის გარიგება შეცილების შედეგად გამოცხადდა ბათილად მისი დადების მომენტიდან და გაყიდული უძრავი ნივთი დაუბრუნდა მის მიმწოდებელს ,,ა”-ს და შესაბამისად ,,ა” ვალდებული იყო წარედგინა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის შესწორებული დეკლარაცია.

შპს კრესტონ ჯორჯია
მმართველი პარტნიორი-დავით პაპიაშვილი
საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი-რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია