fbpx
გააზიარე სტატია

2022 წლის მაისისა და 2022 წლის 9 ივნისის ჩათვლით თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2022 წლის მაისის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

შინაარსი
1. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში
1.1.ახალი სიტუაციური სახელმძღვანელო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის
2.ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
2.1.ცვლილებები ფიქსირებული გადასახადის ანგარიშგების წესში
2.2.ელ.სიგარეტისთვის განკუთვნილი სითხეების აქციზური მარკებით ნიშანდება

1. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში
1.1. ახალი სიტუაციური სახელმძღვანელო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის.

2022 წლის 3 ივნისს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გამოქვეყნდა ახალი N2431 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომელიც შეეხება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადში შესასრულებელ ვალდებულებებს. სიტუაციურ სახელმძღვანელოში აღწერილია გარემოება, როდესაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ არის ვალდებული სალაროს ანგარიშიდან ოჯახის წევრებზე გაცემული თანხა დაბეგროს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, როგორც ხელფასი, თუკი პირი საოჯახო მეურნეობას უძღვება ოჯახის წევრებთან ერთად და მათ შორის არ იკვეთება შრომითი ურთიერთობა.

კერძოდ, N2431 სიტუაციური სახელმძღვანელოში მოცემულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობას წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა. განხილულია ორი შესაძლო ვარიანტი:

ვარიანტი 1
პირს სალაროს მეურნეობის გაძღოლის სახით დახმარებას უწევს მეუღლე, რომელთანაც არ აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და ამასთან არ ჰყავს იგი ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში. პირს სალაროს ანგარიშიდან პირადი მოხმარებისათვის, მ.შ მეუღლეზე გაცემულ თანხასთან მიმართებაში საგადასახადო ვალდებულება არ აქვს შესრულებული.

ვარიანტი 2
პირს საქმიანობაში დახმარებას უწევს შვილი, რომელიც ყოველთვიურად განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ უზრუნველყოფს პროდუქციის მომხმარებლისთვის ადგილზე მიწოდებას. პირს შვილთან გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულება და ამასთან იგი ასახული ჰყავს დაქირავებულ პირთა რეესტრში, ამასთან პირს ყოველთვიურად გაცემულ ანაზღაურებაზე საშემოსავლო გადასახადში შესრულებული აქვს საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება ხელფასად. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ

პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. სსკ-ის მე-8 (16) მუხლის თანახმად ოჯახის წევრებად ითვლებიან პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ვარიანტი 1
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ოჯახის წევრებს შორის ადგილი აქვს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას საოჯახო მეურნეობის ერთობლივად გაძღოლის ფარგლებში და არ იკვეთება შრომითი ურთიერთობის წარმოშობა. შესაბამისად,აღნიშნული არ განიხილება სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად დაქირავებით მუშაობად.

ვარიანტი 2
მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის მე-8(16) მუხლის მიხედვით შვილი ითვლება ოჯახის წევრად, იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დარეგულირებულია შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული განიხილება დაქირავებით მუშაობად.

2.ცვლილებები ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
2.1.ცვლილებები ფიქსირებული გადასახადის ანგარიშგების წესში

2022 წლის 5 მაისს გამოქვეყნდა და ძალაში შედის 2022 წლის 4 ივნისიდან ცვლილება ფინანსთა მინისტრის საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ N999 ბრძანებაში. ცვლილება შეეხო, ბრძანების N4 დანართს, რომელიც წარმოადგენს ინსტრუქციას ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ. კერძოდ, ცვლილება შეეხო შემდეგ საკითხებს:

  1. როგორც ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო, იმ შემთხვევაში თუ იცვლება განცხადებაში დაფიქსირებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახე ან/და ობიექტის რაოდენობა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განცხადებით (დანართი

№1) მიმართოს საგადასახადო ორგანოს ცვლილების მოთხოვნით, რის შემდეგაც დარიცხვა მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან უნდა განხორციელდეს შემდგომ წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. აგრეთვე, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართის შეცვლის შემთხვევაშიც გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ცვლილებებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს (დანართი №1).

ასეთ შემთხვევებში გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარებოდა საგადასახადო ორგანოსათვის დაბრუნებას. შესული ცვლილების საფუძველში ბრძანებაში ჩაიწერა, რომ ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას, ნაცვლად საგადასახადო ორგანოსათვის დაბრუნებისა.

  1. აღნიშნულ ცვლილებამდე, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ობიექტის შემცირების/ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის ან/და ფიქსირებული გადასახადის განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა. ბრძანებაში შესული ცვლილების საფუძველზე, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია გადაანგარიშდეს, მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.
  2. ცვლილების საფუძველზე ხაზგასმით ჩაიწერა N999 ბრძანებაში, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერებამდე მიმართოს საგადასახადო ორგანოს განცხადებით (დანართი №3).
  3. ჩამოყალიბდა და გამოქვეყნდა დანართების (განცხადებების) განახლებული რედაქციები, კერძოდ ესენია:
დანართი N1: განცხადება, ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის/ფიქსირებულ გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის/ობიექტის რაოდენობის/მისამართის ცვლილების თაობაზე.
დანართი N3: განცხადება,ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობის შეჩერების/განახლების შესახებ.
დანართი N4: განცხადება, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ.
2.2. ელ.სიგარეტისთვის განკუთვნილი სითხეების აქციზური მარკებით ნიშანდება

2022 წლის 11 მაისს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. ცვლილება შეეხო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებულ საქონელს _ „სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის“, კერძოდ კი დაკორექტირდა N996 ბრძანების 78-ე, 792-ე, 801-ე, 812-ე მუხლები და დაემატა შემდეგი შინაარსის ჩანაწერები:

  • იმპორტიორს, რომელმაც აქციზური მარკა მიიღო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლის ნიშანდების მიზნით, უფლება აქვს აქციზური მარკით ნიშანდება განახორციელოს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდეც, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განხორციელებამდე.
  • შერჩეული პირის მიერ მატერიალური ფორმის აქციზური მარკების გაცემა განხორციელდება შეფუთული სახით, შემდეგი ფორმით: იმპორტირებული სითხეები განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის 10 800-ცალიანი შეკვრა (მშრალი).
  • 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლის მწარმოებელთან გადაგზავნამდე აქციზური მარკების შეფუთვა ხდება აქციზური მარკების გაცემის ადგილზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის, შემოსავლების სამსახურის ან/და შერჩეული პირის წარმომადგენლების თანდასწრებით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
  • მატერიალური ფორმის მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორციელებისას მეწარმე-სუბიექტი და ფიზიკური პირი ვალდებულია უზრუნველყოს 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლისათვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება), არაუგვიანეს საქონლის მიწოდების განხორციელებისა.

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი / დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი / რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია