2024 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2024 წლის ნოემბრის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.
სარჩევი
1. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
1.1. „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ ახალი ფორმა
1.2. დეკლარაციების ფორმის ცვლილება, უცხო ქვეყნის მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
1.3. ცვლილება ელექტრონულ რეგისტრაციასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებით
1.4. ნავთობპროდუქტების შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესის ცვლილება
1.5. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანხის გამოანგარიშების წესის ცვლილება
1.ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
1.1. „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ ახალი ფორმა
2024 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომელიც 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო თვიდან ამოქმედდება. მთავარი ცვლილება დეკლარაციის ფორმაში ეხება 2008 წლამდე დარიცხული განაცემების მიმდინარე პერიოდში გაცემისას შესავსები დეკლარაციის ველების გამარტივებას, ასევე განაცემთა დეკლარაციის დანართი „ა“-ში საგადასახადო შეღავათების ნაწილში საპენსიო შენატანის თანხის (2%-ის) ცალკე გამოყოფას, რაც მანამდე მოქმედ ფორმაში ცალკე გამოყოფილი არ იყო.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, დანართი №II-06-ის _ „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“ III ნაწილი _ „განაცემის დასახელება“. დეკლარაციის ახალი ფორმის შემოღებით გამარტივდა დეკლარაციის მთავარი გვერდი და ფორმიდან ამოღებული იქნა 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ ანაზღაურებებთან დაკავშირებული რამდენიმე უჯრა და გაცილებით გამარტივებული სახით ჩამოყალიბდა:
- 561 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება;
- 562 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი (განაკვეთი12%);
გარდა ზემოთ აღნიშნულისა 2008 წლამდე დარიცხულ და მიმდინარე პერიოდში ანაზღაურებულ განაცემებთან (ასევე სოციალურ გადასახადთან) დაკავშირებული, ქვემოთ მითითებული უჯრები სრულად იქნა ამოღებული დეკლარაციის ფორმიდან:
- 563 უჯრაში – საანგარიშო თვეში გაცემული 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;
- 564 უჯრაში – სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);
- 565 უჯრაში – გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);
ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა დეკლარაციის დანართი „ა“, რომელშიც აისახება ინფორმაცია საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ. ცვლილების შედეგად:
- საგადასახადო შეღავათების ველი გაიმიჯნა ორ ნაწილად და ახალი რედაქციის მიხედვით, ცალ-ცალკე შესაბამის ველებში უნდა აისახოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანთან დაკავშირებული შეღავათი და სხვა შეღავათები. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დანართის ძველ რედაქციაში საპენსიო შენატანიც და სხვა შეღავათებიც აისახებოდა ჯამურად ერთ ველში _ „შეღავათის ოდენობა“.
- ამოღებულ იქნა „სოციალური გადასახადი“-ს ველი, ვინაიდან ეს გადასახადი უკვე დიდი ხანია გაუქმებულია.
დეკლარაციის დანართი „ა“
განაცემის მიმღების საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი | განაცემის მიმღების დასახელება | მისამართი | პირის რეზიდენტობა (ქვეყანა) | შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია | განაცემი | შეღავათები | გაცემის თარიღი | წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი | წყაროსთან დაკავებული გადასახადი (ლარი)
((სვ7-სვ 8-სვ 9) x სვ 11) |
საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა | ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ჩათვლას დაქვემდებარებული, უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადის თანხა | ||
სახე | ლარი | „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი
(სვ7x 2/100) |
სხვა შეღავათები | ||||||||||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
|
|||||||||||||
|
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6315389?publication=0
1.2. დეკლარაციების ფორმის ცვლილება, უცხო ქვეყნის მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
2024 წლის 12 ნოემბერს გამოქვეყნდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 1 დეკემბრიდან და გავრცელდა 2024 წლის დეკემბრის და მის შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე წარსადგენ დეკლარაციებზე.
ცვლილების მიზანი არის, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება შესაბამისობაში მოვიდეს საგადასახადო კოდექსში 2024 წლის ივლისის თვეში შეტანილ N4364-XIVმს-Xმპ ცვლილებასთან. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ცვლილება კოდექსში ამოქმედდება 2024 წლის 1 დეკემბრიდან და ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებში მონაწილეობას. კერძოდ კი ცვლილების მიხედვით:
- საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგება და სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა;
- პირისთვის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს/მოგებას, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განისაზღვრა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა;
- იმ პირისთვის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს/მოგებას, საშემოსავლო/მოგების გადასახადის განაკვეთად განისაზღვრა 5%.
ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის N 996 – ბრძანებით დამტკიცებულ ანგარიშგების შესაბამის ფორმებში, კერძოდ:
- სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის (დანართი №II-041) მე-3 ნაწილს დაემატა მე-4 და მე-5 სტრიქონები.
მე-4 სტრიქონი – უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა.
მე-5 სტრიქონი – უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა.
- მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის (დანართი №II-086) მე-4 ნაწილს დაემატა მე-4 და მე-5 სტრიქონები.
მე-4 სტრიქონი – უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა.
მე-5 სტრიქონი – უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა.
- ასევე, ცვლილება შევიდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსების წესში. კერძოდ, დეკლარაციის დანართი „ა“-ში აისახება ინფორმაცია სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გამტანი უცხო ქვეყნის მოქალაქე პირების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6305277?publication=0
1.3. ცვლილება ელექტრონულ რეგისტრაციასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებით
2024 წლის 12 ნოემბერს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილება ეხება, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის ელექტრონულ კომუნიკაციას, რომელიც რეგულირდება ინსტრუქციის მე-11 მუხლის საფუძველზე.
ცვლილების საფუძველზე, მე-11 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტები, რომლებიც აკონკრეტებს გადამხდელთან კომუნიკაციის მიზნით თუ რა სატელეფონო ნომრები უნდა იყოს გამოყენებული:
- 33. ამ მუხლის მე-3-32 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრაციის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიეთითება საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერს (შემდეგში – საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) და გადასახადის გადამხდელის სურვილისამებრ – ელექტრონული ფოსტის მისამართი (შემდეგში – საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი). საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირების საშუალებას.
- 34. საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელთან საკონტაქტოდ ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მატერიალურ/ელექტრონული ფორმით წარდგენილ განცხადებაში/მოთხოვნაში/საჩივარში გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით საკონტაქტოდ დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოიყენება იმ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაზეც წარდგენილია განცხადება/მოთხოვნა/საჩივარი.
- 35. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან სატელეფონო კომუნიკაციისას, გარდა ამ მუხლის 33-34 პუნქტებით განსაზღვრული საკონტაქტო/დამატებითი ტელეფონის ნომერზე კომუნიკაციისა, პირის იდენტიფიცირების საშუალებას წარმოადგენს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაგზავნილი მოკლევადიანი, ერთჯერადი კოდის დადასტურება.“;
- 41. გადასახადის გადამხდელის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრაციის მიზნით მითითებული მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით შემოსავლების სამსახურისთვის განსაზღვრული უფლება – მოვალეობების შესრულების მიზნით.
- 10. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაციისას, გამოიყენოს ვიდეო/აუდიო ჩანაწერების, ფოტოგადაღების და ამ მონაცემთა აღრიცხვის ტექნიკური საშუალებები, რომლის შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
გარდა ამისა, ინსტრუქციის მე-12 მუხლს დაემატა 21 ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტზე თანდართული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6305538?publication=0
1.4. ნავთობპროდუქტების შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესის ცვლილება
2024 წლის 13 ნოემბერს გამოქვეყნდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან.
ცვლილება ეხება, ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭების, შეცვლის და გაუქმების წესს. კერძოდ კი განხორციელდა შემდეგი შინაარსის ცვლილებები:
- ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას დაემატა, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემული დოკუმენტი, ობიექტზე ყადაღის არსებობის შემთხვევაში.
- მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც:
- საბითუმო მიმწოდებლის საცავისთვის, საბაჟო საწყობისთვის, მწარმოებლის საცავისთვის და საწყობისთვის, ასევე საცალო საცავისთვის, შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;
- საბოლოო მომხმარებლის საცავზე შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება როგორც არასასოფლო-სამეურნეო, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.
- ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 611-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 612-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირებს, რეგისტრაციის მიზნით სააღრიცხვო ფორმით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვასთან ერთად დაევალათ სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტის წარდგენა. ცვლილებამდე არსებული რედაქციით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო არ იყო. იგივე, ვალდებულება, ანუ სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდა, ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების შემთხვევაშიც.
- ინსტრუქციის 612-ე მუხლს დაემატა 31 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მოსარგებლე პირად რეგისტრაცია უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირის ან მოსარგებლე პირის განცხადების საფუძველზე. განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება სტაციონარულ ობიექტზე სარგებლობის უფლების გაუქმების (მათ შორის, შეწყვეტის) შესახებ დოკუმენტი და ამ დოკუმენტის შესაბამისად საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფლების შეწყვეტის თაობაზე.
ამასთან, ინსტრუქციის 112-ე მუხლს _ „გარდამავალი დებულებები“ დაემატა ახალი 71-ე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ზემოაღნიშნული 612 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნეს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი სარგებლობის უფლების შეწყვეტის თაობაზე, არ ვრცელდება იმ პირ(ებ)თან მიმართებაში, რომელთა ობიექტის მოსარგებლე პირად რეგისტრაცია განხორციელდა 2025 წლის 1 იანვრამდე და აღნიშნული რეგისტრაციის მიზნით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილია სტაციონარული ობიექტით სარგებლობის (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) შესახებ საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი დოკუმენტი.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6306307?publication=0
1.5. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანხის გამოანგარიშების წესის ცვლილება
2024 წლის 29 ნოემბერს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილება ეხება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესს.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის 771-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, რომლის მიხედვითაც, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნით, თუკი საქონლის მწარმოებლის/ იმპორტიორის მიერ მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა არ აღემატება 2%-იან სხვაობის, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიყენება საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი მონაცემები. ხოლო თუკი აღნიშნული სხვაობა აღემატება 2%-ს _ გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი. შეგახსენებთ, რომ ცვლილებამდე არსებულ რედაქციაში აღნიშნული ზღვარი შეადგენდა 6%-ს ნაცვლად 2%-ისა.
ასევე, ინსტრუქციის 112-ე მუხლს _ „გარდამავალი დებულებები“ დაემატა ახალი 72-74 პუნქტი:
- 72. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი უფლებამოსილია, 2025 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, არაუგვიანეს 2024 წლის 5 დეკემბრისა შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის დასახელების/ქვედასახელების და თითოეული მათგანის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ. ამასთან, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ხელმძღვანელობს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ამ ინსტრუქციის 771 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარდგენილი ინფორმაციით.
- 73. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, 2025 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 დეკემბრისა წარუდგინოს ინფორმაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ, ამ ინსტრუქციის 771 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასს შორის 2%-იანი სხვაობის გათვალისწინებით.
- 74. 2025 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა და გამოიყენება 2025 წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6318641?publication=0
შპს კრესტონ ჯორჯია
მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი
საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან ჭაბუკიანი