fbpx
გააზიარე სტატია

2025 წლის აპრილისა და მაისის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2025 წლის აპრილისა და მაისის თვეებში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

სარჩევი

1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში 

1.1. ტექნიკური ხასიათის ცვლილება 

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში 

2.1. საჯარო გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 

2.2. საჯარო გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციისთვის 

2.3. ცვლილება საგადასახადო სამართალდარღვევის აღსრულების ნაწილში 

 

1.ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში

1.1. ტექნიკური ხასიათის ცვლილება

2025 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი N561-IIმს-XIმპ, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდგომში – სსკ). ცვლილების შედეგად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის  39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი.

ცვლილება არის დამაზუსტებელი ხასიათის და მიზნად ისახავს საგადასახდო კოდექსის იმ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც  განხორციელდა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში.

კერძოდ კი, ცვლილებამდე არსებული სსკ-ის რედაქციით განსაზღვრული იყო, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ცვლილების შედეგად კი დაზუსტდა, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით, საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ აღნიშნული 39-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს, მათ შორის კი არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტო.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ანუ 2025 წლის 15 ივნისიდან

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6495615?publication=0

2.ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

2.1.საჯარო გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

2025 წლის 30 მაისს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №133 საჯარო გადაწყვეტილება, რომელიც განმარტავს სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საკითხს, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოსწავლეთათვის კვების ან/და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევისას.

შეგახსენებთ, რომ სსკ-ის 170-ე მუხლით დადგენილია საგადასახადო შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებში, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საქმიანობათა გარკვეული სახეების წახალისება.

კერძოდ კი, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე.

ხოლო, სსკ-ის 157-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამხმარე ხასიათის მომსახურება/საქონელი არის მომსახურება/საქონელი, რომლის შეძენა არ არის მისი მომხმარებლის ძირითადი მიზანი, მაგრამ გამიზნულია მისთვის ძირითადი მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება/საქონელი არის მომსახურება/საქონელი, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების/საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის.

შესაბამისად, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათით სარგებლობა დაიშვება, თუ ერთდროულად სახეზეა შემდეგი ორი პირობა:

a.მომსახურების გამწევი საგანმანათლებლო დაწესებულებაა _ ისევე როგორც განათლების მომსახურება, დამატებითი მომსახურებაც უნდა გაიწეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რადგან განსახილველი შეღავათი ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მქონე პირის ოპერაციებზე.

b.ხორციელდება მოსწავლეთათვის განათლების მომსახურების გაწევა ან განათლების მომსახურებასთან ერთად, მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება _ განათლების მომსახურება უნდა წარმოადგენდეს ძირითად მომსახურებას. ხოლო, მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ან დამხმარე მომსახურებად განიხილება მომსახურება, რომელიც გაიწევა დამატებითი მომსახურების სახით, აქვს არსებითი მნიშვნელობა განათლების მომსახურების გაწევისთვის და მიზნად ისახავდეს განათლების მომსახურების პირობების გაუმჯობესებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეთა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე კვებით უზრუნველყოფისას, შესაბამისი ოპერაციის მხარეებს წარმოადგენდნენ საგანმანათლებლო დაწესებულება და მოსწავლე და ამავდროულად აღნიშნული დამატებითი მომსახურება მიზნად ისახავს განათლების მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და მნიშვნელოვანია განათლების მომსახურების გაწევისთვის, შედეგად აღნიშნული კვებისა და ტრანსპორტირების მომსახურებები განიხილება დამხმარე მომსახურებებად და გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ამასთან, თუ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი მომსახურების შეძენას მესამე პირისგან, არსებითია, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირება და კვება ხორციელდებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 30 მაისიდან

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/f8eb70f2-1fc3-42d2-a662-1c505b64b661

2.2. საჯარო გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციისთვის

2025 წლის 30 მაისს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №132 საჯარო გადაწყვეტილება, რომელიც განმარტავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის (შემდგომ – მგვ-ის ორგანიზაცია) მიერ საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროს სანაცვლოდ გაწეული მომსახურებისა და შეგროვებული ნარჩენების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრისა და ამ საქმიანობაზე სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საკითხს.

შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება და ასევე ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება. აღნიშნული ვალდებულება კი სრულდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად – მგვ-ის ორგანიზაციის საშუალებით.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცდა 4 ტექნიკური რეგლამენტი, ესენია:

a.„ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ;

b.„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“;

c.„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“;

d.„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“.

აღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისად, მგვ-ის ორგანიზაცია არის მწარმოებლების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შექმნილი ორგანიზაცია – ა(ა)იპ, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებების შესრულებაზე. მწარმოებელი მგვ-ის ორგანიზაციაში წევრიანდება მასთან ხელშეკრულების დადებით. მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციაში გადაიხადოს რეციკლირების წინასწარი შენატანი, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქციის წილის შესაბამისად. თავის მხრივ, რეციკლირების წინასწარი შენატანი არის წილობრივი შენატანი, რომელსაც მგვ-ის ორგანიზაციის წევრი უხდის მგვ-ის ორგანიზაციას, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მართვისთვის.

საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროს სანაცვლოდ მომსახურების გაწევა

სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის განმსაზღვრელია, რომ მომსახურების გაწევა და, ასევე, მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდეს საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ. ამასთანავე, გაწეული მომსახურება და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება არ უნდა სცილდებოდეს ორგანიზაციის საქმიანობის მიზანს.

ვინაიდან, მგვ-ის ორგანიზაციისთვის მისი წევრის მიერ რეციკლირების წინასწარი შენატანის (საწევროს) გადახდის მიზანი არის ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მართვის ანაზღაურება, სახეზეა მგვ-ის ორგანიზაციის მიერ, მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, საკუთარი წევრებისთვის ანაზღაურების (დადგენილი საწევროების) სანაცვლოდ მომსახურების გაწევა და შესაბამისად, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ წევრებისთვის ზემოხსენებული მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება თავისუფლდება დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შეგროვებული ნარჩენების მიწოდება

სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია იმ ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება, რომლის საქმიანობა გათავისუფლებულია ამ ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებიდან რომელიმე ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვისთვის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში.

ამდენად, პირის მიერ ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე, თუ არსებობს ყველა შემდეგი პირობა:

a.პირის საქმიანობა, რომელიც ახდენს ღონისძიების ორგანიზებას, გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტების თანახმად;

b.პირის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება უნდა ხორციელდებოდეს ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში;

c.ღონისძიების ორგანიზების მიზანი უნდა იყოს მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვა.

სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის, ღონისძიებად ჩაითვლება თავშეყრა, რომელიც ცალსახად ორგანიზებულია ორგანიზაციის საქმიანობის მიზნისთვის სახსრების მოსაზიდად, როგორიცაა გამოფენა, წარმოდგენა, ბაზარი, კონკურსი, ფილმის ჩვენება და სხვა, და მასში არ იგულისხმება შემოსავლის მომტანი შემთხვევითი ღონისძიებები და რეგულარულის ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო გადაწყვეტილების მიხედვით, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის მიზნისთვის, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით შეგროვებული ნარჩენების რეალიზაცია არ წარმოადგენს აღნიშნული შეღავათით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში საქონლის მიწოდებას, რამდენადაც აღნიშნული საქმიანობა, მისი შინაარსით ორგანიზაციისთვის რეგულარული ხასიათისაა. შესაბამისად, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ნარჩენების მიწოდებაზე არ ვრცელდება სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 30 მაისიდან

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/af523ca1-6996-4669-a57c-9847a67f1df7

2.3.ცვლილება საგადასახადო სამართალდარღვევის აღსრულების ნაწილში

2025 წლის 17 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N96 ბრძანება, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის 69-ე მუხლის, რომელიც არეგულირებს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის ახალი რედაქციის მიხედვით, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები  და იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანების შესაბამისად, თუ არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე:

ა.ა) პირს/გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა;

ა.ბ) უსასყიდლოდ განკარგვის შემთხვევაში, პირს/გადასახადის გადამხდელს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ღირებულება უნაზღაურდება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ჩამორთმევის მომენტისთვის დადგენილი საბაზრო/საბაჟო, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი ღირებულების ოდენობით.

აქვე შეგახსენეთ, რომ ინსტრუქციის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 17 აპრილიდან

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6475825?publication=0

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                             დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                     რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია