fbpx
გააზიარე სტატია

2025 წლის მარტის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2025 წლის მარტის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

სარჩევი

1. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

1.1. ცვლილება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წესში

1.2. ცვლილება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის ფორმაში

2. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

2.1. ცვლილება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესში

 

1. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

1.1. ცვლილება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წესში

2025 წლის 19 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N66 ბრძანება, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის №III-01 დანართი (იხ. ქვემოთ), რომელიც წარმოადგენს განცხადების ფორმას _ „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ“. კერძოდ კი, განცხადების ფორმას დაემატა ახალი გრაფა, რომელიც ივსება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში.

ახალ გრაფაში აისახება ინფორმაცია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში, სავალდებულოდ რეგისტრაციის თარიღიდან განცხადებით მომართვის თვის საანგარიშო პერიოდამდე რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა იმ გათავისუფლებული ოპერაციებისა, რომელიც არ იბეგრება დღგ-ით) თანხის და საანგარიშო პერიოდის/პერიოდების შესახებ.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 19 მარტიდან.

 

№III-01 დანართი

* დანართის ეს ნაწილი ივსება სავალდებულო წესით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში

დღგ-ის გადამხდელად  რეგისტრაციის თარიღი

(რიცხვი, თვე, წელი)

—————/——————/——————
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში, განცხადებით მომართვის თვეში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა იმ  გათავისუფლებული ოპერაციებისა, რომელიც არ იბეგრება დღგ-ით) თანხა   

———- ლარი

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში, სავალდებულოდ რეგისტრაციის თარიღიდან განცხადებით მომართვის თვის საანგარიშო პერიოდამდე რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა იმ  გათავისუფლებული ოპერაციებისა, რომელიც არ იბეგრება დღგ-ით) თანხა საანგარიშო პერიოდი/პერიოდები ———- ლარი

 

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6446771?publication=0

1.2. ცვლილება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის ფორმაში

2025 წლის 26 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N77 ბრძანება, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის №I-15 და №I-151 დანართები. დანართი №I-15 წარმოადგენს დაინტერესებული პირის მოთხოვნის ფორმას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე, ხოლო დანართი №I-151  განსაზღვრავს მოთხოვნის შევსების წესს.

განხორციელებული ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის, რის საფუძველზეც დაიხვეწა და გამარტივდა წინასწარი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოთხოვნის ფორმა, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემური საკითხების აღმოფხვრას.

კერძოდ კი, მოცემული ცვლილება უზრუნველყოფს №I-151 დანართის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლში _ „წინასწარი გადაწყვეტილება“ განხორციელებულ ცვლილებასთან (2020 წლის 14 ივლისის №6817-რს საქართველოს კანონი) შესაბამისობაში მოყვანას, რომლითაც გაფართოვდა ის საკითხები, რომელზეც შესაძლებელია წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა.

აქვე შეგახსენებთ, რომ სსკ-ის ზემოხსენებული 47-ე მუხლის მიხედვით, შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით:

ა) ამ კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების თაობაზე;

ბ) იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 26 მარტიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/document/view/6451886?publication=0

 

2.ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

2.1.ცვლილება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესში

2025 წლის 21 მარტს გამოქვეყნდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის N23615 და N4989 ბრძანებები, რის საფუძველზეც ცვლილებები შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის N3751 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

N23615 ბრძანებით შესული ცვლილება – ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული პუნქტის მიხედვით, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი საფუძველია თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი. ცვლილების საფუძველზე კი დაზუსტა, რომ ამ მუხლის მიზნებისთვის საბანკო ანგარიშის ნომერად არ ჩაითვლება სახაზინო სამსახურში არსებული ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი და ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაშიც პირს შესაძლოა მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ეს ცვლილება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე, ანუ 2024 წლის 5 ნოემბრიდან.

N4989 ბრძანებით შესული ცვლილება – ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი და იგი შესაბამისობაში მოვიდა ფინანასთა მინისტრის N996 ბრძანებაში 2025 წლის 27 იანვარს შესულ ცვლილებასთან. კერძოდ, კი ჩაიწერა, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა ის პირი, რომელსაც მათ შორის შეჩერებული აქვს საბაჟო დეკლარაციის გამოყენების უფლებაც დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით. შესაბამისად აღნიშნული ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის.

ეს ცვლილება ამოქმედდა 2025 წლის 1 აპრილიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6450378?publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6450352?publication=0

 

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                             დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                     რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია