გააზიარე სტატია

ინოვაციების სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება

2025 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი N719-IIმს-XIმპ, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდგომში – სსკ). ცვლილების შედეგად სსკ-ის  309-ე მუხლს – „გარდამავალი დებულებანი“ დაემატა ახალი 147-ე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსების მქონე სუბიექტების საგადასახადო შეღავათები განისაზღვრება „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.

სსკ-ში განხორციელებული ცვლილების პარალელურად, 2025 წლის 27 ივნისს ცვლილება ასევე გამოქვეყნდა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების შედეგად, განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მიღების წესი და მათი ხელშემწყობი მექანიზმები, კერძოდ კი მათი საგადასახდო დაბეგვრის შეღავათები. თითოეული სტატუსის მოკლე მიმოხილვას კი ქვემოთ წარმოგიდგენთ დეტალურად.

 

ინოვაციური სტარტაპი

ინოვაციური სტარტაპი არის ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოება, რომელსაც ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს თუკი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იგი ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას;

ბ) მან აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მოიპოვა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ან სააგენტოსგან მოიპოვა არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება;

გ) იგი აღნიშნული სტატუსის მოპოვების მიზნით ახორციელებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ, ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, ამასთანავე, მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული;

დ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით, თუმცა მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 წლით, კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 10 წლის ვადისა.

ხოლო რაც შეეხება ინოვაციური სტარტაპის საგადასახადო შეღავათებს:

– ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება;

– ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია;

– ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ია.

შენიშვნა: დაუშვებელია, სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან ერთად ჰქონდეს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი. თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე სუბიექტს ან კიდევ პირიქით, თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტს მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, მას შესაბამისი სტატუსი უუქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი სუბიექტს ენიჭება უვადოდ თუკი იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოება და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  მის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენის მომენტისთვის, აგრეთვე შემდეგ, ამ კანონის 158 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის დადასტურების მომენტისთვის წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების მოცულობა იმავე ფინანსურ წელს მიღებული შემოსავლების მოცულობის სულ მცირე 5%-ია, არანაკლებ 100 000 ლარია და იგი აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც:

ა.ა) მას აქვს პატენტი ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამა  და კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები მიმართულია ამ პატენტის ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამის  ფარგლებში შექმნილი პროდუქტის, შემუშავებული პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ;

ა.ბ) მას კვლევისა და განვითარებისთვის ხარჯები გაწეული აქვს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისგან ან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტისგან შესაბამისი მომსახურების შესასყიდად;

ა.გ) მის მიერ ინოვაციური პროდუქტის, პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ მიმართული, კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად;

ბ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში;

გ) იგი არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე კატეგორიის საწარმო ან მეოთხე კატეგორიის საწარმო.

რაც შეეხება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიების საგადასახადო შეღავათებს:

– ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია უფლებამოსილია წინა ფინანსურ წელს დაგროვილი წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შეიმციროს მის მიერ წინა ფინანსურ წელს კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით.

– ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი უფლებამოსილია მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ისარგებლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხელშემწყობი მექანიზმებით.

შენიშვნა: ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი წლის 30 აპრილისა ამ კანონის მოთხოვნებთან წინა ფინანსური წლის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

 

კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი სუბიექტს ენიჭება უვადოდ თუკი იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოება და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მისი ძირითადი საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ 72.1 კოდით გათვალისწინებული „კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში“ და მის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იმავე ფინანსურ წელს ჯამურად მიღებული შემოსავლების არანაკლებ 80% უნდა იყოს;

ბ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

რაც შეეხება კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის საგადასახადო შეღავათებს:

– კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ შესაბამისი სტატუსის მოქმედების პერიოდში გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება.

– კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია.

შენიშვნა: კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი წლის 30 აპრილისა ამ კანონის მოთხოვნებთან წინა ფინანსური წლის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

ცვლილება, როგორც სსკ-ში, ისე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, ანუ 2025 წლის 24 სექტემბრიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6531874?publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6531883?publication=0


გააზიარე სტატია