გააზიარე სტატია

2026 წლის ივლისისა და ივნისის თვის განმავლობაში
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში
შესული ცვლილებების მიმოხილვა

 

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2026 წლის ივლისისა და ივნისის თვის განმავლობაში
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში
შესული ცვლილებების მიმოხილვას.

 

სარჩევი

  1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება
  2. შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურებში ცვლილება
  3.  საგადასახადო ჯარიმისგან გათავისუფლების წესის ცვლილება
  4. დღგ-ისგან გათავისუფლებული სამკურნალო და სამედიცინო საქონლის ნუსხების განახლება
  5. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის გადასახადის დაბრუნების წესის ამოქმედების ვადის ცვლილება
  6. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის საფასური იზრდება
  7. აქტიური გადამხდელის სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმები იცვლება
  8. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტის აქციზისგან გათავისუფლება
  9. უძრავი ქონების რეალიზაციის დაბეგვრის საჯარო გადაწყვეტილებაში ცვლილება
  10. ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული ფორმით წარმოება კიდევ უფრო მარტივდება
  11. საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანისა და პარტნიორზე ქონების გადაცემის დაბეგვრის წესი
  12. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საგადასახადო ინფორმაციის გადაცემის წესი

 

 

1. სამორინის, სათამაშო აპარატების სალონისა და ტოტალიზატორის სისტემურ ელექტრონული ფორმით საქმიანობის განმახორციელებელი საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მქონე პირები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლით არ დაიბეგრებიან

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის №1825-Vმს-XIმპ კანონით შეიცვალა „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი.

რას გულისმობდა ცვლილებმდე არსებული რედაქცია?
ცვლილებამდე მოქმედი კანონის მიხედვით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდებოდა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლით დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა შემდეგი საქმიანობის განმახორციელებელი პირი:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელები, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე.

რა შეიცვალა?
ახალი რედაქციით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ასევე აღარ გავრცელდება:

• სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელებზე;
• სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელებზე;
• სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელებზე.

ამასთანავე, უცვლელი დარჩა მანამდე მოქმედი გამონაკლისი სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინისა და სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისთვის, თუ შესაბამისი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე.

კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე — 2026 წლის 3 ივლისს.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6866086?publication=0

 

2.შემოსავლების სამსახურის ფასიანი მომსახურებების ჩამონათვალიდან ბუნებრივი დანაკარგების დადგენისა და გამარტივებული ჟურნალის რეგისტრაციის მომსახურებები ამოღებული იქნაა

საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების 34-ე და 81-ე გრაფები, რაც შემოსავლების სამსახურის ფასიანი მომსახურების სიიდან გარკვეული მომსახურებების ამოღებას გულისხმობს.

რას გულისხმობდა ცვლილებმდე არსებული რედაქცია?
საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული იყო შემოსავლების სამსახურის მომსახურებების ჩამონათვალი რომელიც მ.შ. მოიცავდა შემდეგი სახის ფასიან მომსახურებებს:

  • გამარტივებული აღრიცხვის ჟურნალის რეგისტრაცია — მომსახურების ვადა შეადგენდა 1 სამუშაო დღეს, ხოლო საფასური − 20 ლარს;
  •  ბუნებრივი ან საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენა — მომსახურების ვადა შეადგენდა არაუმეტეს 2 თვეს, ხოლო საფასური − 5 000 ლარს.

რა შეიცვალა?
2026 წლის 1 აგვისტოდან №96 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით ფასიანი მომსახურებების ჩამონათვალიდან ამოღებულია შემდეგი მომსახურებები:

  • გამარტივებული აღრიცხვის ჟურნალის რეგისტრაციის მომსახურების განმსაზღვრელი 34-ე გრაფა;
  • ბუნებრივი ან საწარმოო დანაკარგების, საქონლის გამოსავლიანობისა და სხვა ტექნიკური ნორმების დადგენის მომსახურების განმსაზღვრელი 81-ე გრაფა;

შესაბამისად, №96 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად აღარ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მხრიდან აღნიშნული მომსახურებების გაწევის ვადები და საფასურები.

დადგენილება ამოქმედდება 2026 წლის 1 აგვისტოდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6866086?publication=0

 

 

3. საგადასახადო ჯარიმისგან გათავისუფლების წესი კიდევ ერთხელ ზუსტდება

ცვლილება შევიდა შემოსავლების სამსახურის № 9021 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმისგან გათავისუფლების წინაპირობებთან დაკავშირებით, რისი მიხედვითაც ზუსტდება ის კრიტერიუმები რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, გადასახადის გადამხდელს 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმება შეიძლება ჩამოეწეროს.

რას გულისხმობდა ჯარიმების ჩამოწერის ძველი წესი?
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული ჯარიმა მოქმედი კანონდებლობით გათვალისწინებულია, იმ პერიოდის დღგ-ს გარეშე ბრუნვის 5%-ის ოდენობით, რა პერიოდშიც მოხდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციაზე დაგვიანება. კანონმდებლობით გათვალისწინებულია 5%-იანი ჯარიმისგან გათავისუფლება თუ შესრულდება ყველა შემდეგი პირობა:

  1.  გადასახადის გადამხდელმა მისი ინიციატივით მიმართა შემოსავლების სამსახურს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციაზე დაგვიანების შესახებ.
  2. ჩაბარებულია (დაგვიანებით) ყველა სავადო თარიღის მიხედვით ჩაუბარებელი დეკლარაცია.
  3. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი;
  4. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადებაში პირმა დააფიქსირა ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

რა შეიცვალა?
ახალი რედაქციით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული 5%-იანი ჯარიმისგან გათავისუფლებისას, გაითვალისწინება მხოლოდ დავალიანების არ არსებობა მხოლოდ მომსახურების დეპარტამენტის მიერ ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის (ოქმის შედეგენის მომენტში დავალიანების არ არსებობას აღარ მიენიჭება მნიშვნელობა) ანუ ჯარიმისგან გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯარიმისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტში პირს არ ჰქონდა დავალიანება, თუ ამასთან ერთად დაკმაყოფილდება დანარჩენი 3 პირობაც,

გარდა ამისა, ჯარიმისგან გათავისუფლების პირობების შეფასებისას აღარ გაითვალისწინება:

• აღიარებული საგადასახადო დავალიანება ან აღიარებული მოსაკრებელი, რომლის გადახდევინება გადავადებულია და გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა;

შესაბამისად თუ პირს გააჩნია გავადებული საგადასახადო დავალიანება, აღნიშნული გარემოება ზემოთ ხსენებული 5%-იანი ჯარიმის გაუქმებაზე მსჯელობისას ხელშემშლელი წინაპირობა აღარ იქნება.

ბრძანება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე — 2026 წლის 8 ივლისს.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6942802?publication=0

 

4. დღგ-ისგან გათავისუფლებული სამკურნალო და სამედიცინო საქონლის ნუსხების განახლება

2026 წლის 29 ივლისის №40/ნ/№247 ერთობლივი ბრძანებით განახლდა დღგ-ისგან გათავისუფლებული სამკურნალო და სამედიცინო დანიშნულების საქონლის ნუსხა, რომელიც № 01- 132/ნ-№322 ბრძანების იყო განსაზღვრული. 

რას გულისხმობდა ძველი რედაქცია?
№01-132/ნ/№322 ბრძანებით გათვალისწინებული იყო დღგ-ისგან გათავისუფლება სხვადასხვა სახის საქონელზე რომელთა ჩამონათვალი მოცემულია აღნიშნული ბრძანების შესაბამის დანართებში:

• დანართ №1-ით განსაზღვრულია სამკურნალო/ფარმაცევტული ნედლეულისა და სუბსტანციების ჩამონათვალი რომელთა იმპორტიც გათავისუფლებულია დღგ-სგან;
• დანართ №2-ით განსაზღვრულია სამკურნალო/სამედიცინო დანიშნულების საქონლის ჩამონათვალი რომელთა იმპორტიც გათავისუფლებულია დღგ-სგან;
• ასევე თავისუფლდება დანართ №3-ით, დანართ №4-ით და დანართ №5-ით გათვალისწინებული საქონელი.

რა შეიცვალა?
ცვლილების მიხედვით დანართი №1-ით და დანართი №2-ით გათვალისწინებული საქონელი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, რაც გულისხმობს იმას რომ აღნიშნულ დანართებს რამოდენიმე ახალი სახის საქონელი დაემატა.

შესაბამისად, ბრძანების ამოქმედების შემდეგ დღგ-ისგან გათავისუფლება შეეხება რამოდენიმე ახალი დასახელების საქონელის იმპორტს, რომელიც ზემოთ ხსენებულ დანართებს დაემატა, შესაბამისად დღგ-სგან გათავისუფლდება აღნიშნული დანართებში დამატებული საქონლის იმპორტი რომლის გათავისუფლებაც მანამდე არ იყო გათვალისწინებული.

ამასთან აღსანიაშნავია რომ ცვლილება არ შეხებია №3, №4 და №5 დანართით გათვალისწინებულ საქონლის ნუსხას.

ბრძანება ამოქმედდება 2026 წლის 6 აგვისტოს.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6947709?publication=0

 

5. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის გადასახადის დაბრუნების წესის ამოქმედების ვადის ცვლილება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 27 ივლისის №243 ბრძანებით შეიცვალა ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედების ვადა.

რა იყო ძველი წესი?
ფინანსთა მინისტრის №996-ე ბრძანებაში 2026 წლის თებერვლის თვეში შესული ცვლილებით განისაზღვრა:

• საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების წესი;
• აღნიშნული პირების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვასთან დაკავშირებული ცვლილებები;
• შესაბამისი განცხადებების ფორმები.

ამ ცვლილებების ამოქმედების თარიღად განსაზღვრული იყო 2026 წლის 1 ივლისი, გარდა №996 ბრძანების 39⁶ მუხლის მე-8 პუნქტისა, რომელიც ამოქმედდა №37 ბრძანების გამოქვეყნებისთანავე.

რა შეიცვალა?
ახალი რედაქციით, №37 ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებები (გარდა 39⁶ მუხლის მე-8 პუნქტისა( ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.

შესაბამისად აღნიშნული ცვლილებით ფაქტობრივად 6 თვით გადავადდა საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების ახალი წესის ამოქმედება.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6956613?publication=0

 

 

6. სწინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის საფასური იზრდება

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 5 ივნისის №251 დადგენილებით ცვლილება შევიდა შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართულ საფასურებში.
ცვლილება შეეხება საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის საფასურს.

რა არის წინასწარი გადაწყვეტილება?
წინასწარი გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს აძლევს შესაძლებლობას ოპერაციის დაბეგვრის საკითხზე მიიღოს შემოსავლების სამსახურის წინასწარი, ოფიციალური პოზიცია.
აღნიშნული მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციფიკური ან არასტანდარტული ოპერაციების განხორციელებისას, როდესაც გადასახადის გადამხდელს სურს საგადასახადო რისკების შეფასება და წინასწარ განსაზღვრა. თუ შემოსავლების სამსახური წინასწარი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ბეგრავს ოპერაციას და გადასახადის გადამხდელიც მოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდგომში დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაუშვებელია მისი დაჯარიმება და აღნიშნული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მიდგომის გამოყენება, რაც გადასახადის გადამხდელს გარკვეულ გარანტიებს აძლევს ორაზროვან და საგადასახადო რისკის შემცველ საკითხებთან მიმართებით.

რა შეიცვალა?
2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი წესით, წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის საფასური შეადგენს:

• რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის — 5 000 ლარს;
• სხვა პირებისთვის, მათ შორის იურიდიული პირებისთვის — 10 000 ლარს.

2027 წლის 1 იანვრიდან საფასურები გაორმაგდება და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

• რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის — 10 000 ლარი;
• სხვა პირებისთვის, მათ შორის იურიდიული პირებისთვის — 20 000 ლარი.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, მოთხოვნის ოფიციალურად წარდგენის თარიღი და არა წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თარიღი.

შესაძლო სირთულეები რომელიც შეიძლება წარმოშვას
ცვლილების შედეგად წინასწარი გადაწყვეტილების მომსახურება მნიშვნელოვნად ძვირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის რომ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ცალკე შეღავათიანი ტარიფი გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, 2027 წლიდან როგორც მცირე ზომის კომპანიას, ასევე მსხვილი საწარმოს მომსახურებისთვის 20 000 ლარს გადახდა მოუწევს, რაც გაართულებს მცირე ბიზნესის ხელმისაწვდომობას აღნიშნულ მომსახურებაზე.

ცვლილება ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6885426?publication=0

 

7.აქტიური გადამხდელის სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმები იცვლება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 11 ივნისის №180 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომელიც გადასახადის გადამხდელისათვის აქტიური სტატუსის მინიჭების ახალ კრიტერიუმებს ეხება. გადასახადის გადამხდელის სტატუსი (აქტიური ან პასიური) გადასახადის გადამხდელის მდგომარეობაზე მიანიშნებს მიმდინარე პერიოდში, მ.შ. იმაზე რამდენად მოქმედია აღნიშნული გადასახადის გადამხდელი.

რას გულისხმობდა მანადე არსებული წესი?
ცვლილებამდე აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველი იყო:

  • გადასახადის გადამხდელის ბოლო პერიოდის რეგისტრაცია;
  • ლიკვიდაციის, გაკოტრების, რეაბილიტაციის ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნა;
  • ბოლო პერიოდში დეკლარაციის ან გაანგარიშების წარდგენა;
  • ბოლო პერიოდში გადასახადის ფაქტის არსებობა;
  • სალარო აპარატზე ბრუნვის დაფიქსირება;
  • საგადასახადო შემოწმება ან თანხის დარიცხვა;
  • სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა.

ცვლილებამდე არსებული რედაქციის მიხედვით საბანკო ანგარიშის გახსნა, პოს-ტერმინალის რეგისტრაცია, სპეციალური დაბეგვრის სტატუსი ან დღგ-ის რეგისტრაცია აღნიშნული სტატუსის მინიჭების წინაპირობად პირდაპირ განსაზღვრული არ იყო.

რა შეიცვალა?
აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს დაემატა შემდეგი გარემოებები:

  • გადასახადის გადამხდელის სახელზე დარეგისტრირდა პოს-ტერმინალი/მობილური პოს-ტერმინალი/ელექტრონული კომერციის ტერმინალი, რომლის რეგისტრაცია გაუქმებული არ არის.
  • საწარმოს/ორგანიზაციას უფიქსირდება საბანკო ანგარიშის გახსნა, რომელიც აქტიურია ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;
  • გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი (სდ);
  • გადასახადის გადამხდელს მიენიჭა მიკრობიზნესის/მცირე ბიზნესის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.
  • გადასახადის გადამხდელი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.

შესაბამისად აქტიური გადასახადის გადამხდელის სტატუსი კომპანიებს ზემოთ ხსენებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მიენიჭებათ, რაც ნიშნავს რომ ზოგიერთი გადამხდელი რომელიც მანამდე არ ითვლებოდა აქტიურ გადამხდელად, ცვლილების შემდგომ ასეთად იქნება მიჩნეული.

რომელი კრიტერიუმი გაუქმდა?
№996 ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა, რაც ნიშნავს იმას რომ მხოლოდ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნა აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭებისთვის საკმარისი აღარ არის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №180 ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე — 2026 წლის 11 ივნისიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6889251?publication=0

 

 

8. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტის აქციზისგან გათავისუფლება

საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის №1649-Vმს-XIმპ კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლში, რომელიც ეხება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტის აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებას.
ცვლილებამდე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტის აქციზის გადასახადისგან გათავისუფლების ცალკე შეღავათი გათვალისწინებული არ იყო.

რა შეიცვალა?
საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილს დაემატა „ო“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც აქციზისგან ჩათვლის უფლების გარეშე თავისუფლდება:

  • სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი

შესაბამისად, ასეთი საქონლის იმპორტისას აქციზის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოიშვება.

კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე – 2026 წლის 10 ივნისიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6885384?publication=0

 

9. უძრავი ქონების რეალიზაციის სამეწარმეო საქმიანობად შეფასების კრიტერიუმების დაზუსტება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის 8 ივნისის №175 ბრძანებით ცვლილება შევიდა ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრის შესახებ №143 საჯარო გადაწყვეტილებაში, რომელიც ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების ან მასთან დაკავშირებული აქტივის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ეხება.
2026 წლის მაისის თვეში გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილება ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

  • უძრავი ქონების ფიზიკური პირების მიერ მიწოდებისას წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი და 20%-იანი განაკვეთების გამოყენების წინაპირობები.
  • ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების მიწოდებისას საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების წინაპირობები (რაზეც ჩვენს მაისის თვის სიახლეების მიმოხილვაში ვისაუბრეთ).
  • წინარე ნასყიდობით ხელშეკრულებით გაყიდული ბინების დაბეგვრა (20% თუ 5%).
  • ფიზიკური პირის მიერ სასტუმროს აპარტამენტების მიწოდების დაბეგვრა (20% თუ 5%).
  • სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გაყიდული უძრავი ქონების დაბეგვრას (20% თუ 5%).

აღნიშნული საჯარო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარის სიახლე იყო ის რომ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ბინის/სახლის მიწოდება არ განიხილებოდა ბინის/სახლის მიწოდებად და მისი 2 წელზე ადრე მიწოდების შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებით დაბეგვრა უნდა მომხდარიყო ნამეტი თანხიდან 20%-იანი განაკვეთით.

რა დაზუსტდა?
საჯარო გადაწყვეტილების როგორც წინა ასევე მოქმედი რედაქციით სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ბინებით ვაჭრობა არ განიხილება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციად და იბეგრება ნამეტიდან 20%-ით, თუ ასეთ საქმიანობას აქვს სისტემური და ორგანიზებული სახე.

ამასთან ზუსტდება რომ ამასთანავე, სისტემურ და ორგანიზებულ საქმიანობად მიიჩნევა ისეთი საქმიანობა, რომლის ფარგლებში პირი აქტივების შექმნას, შეძენას ან რეალიზაციას ახორციელებს როგორც დამოუკიდებელ და ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას, რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით. საცხოვრებელი ბინების/სახლების მხოლოდ ფლობა, მათი რაოდენობა, ფლობის ხანგრძლივობა და შემდგომი გასხვისება, თავისთავად არ წარმოადგენს საქმიანობის სამეწარმეო საქმიანობად დაკვალიფიცირების საკმარის საფუძველს.

აქედან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებით 20%-იანი განაკვეთის გავრცელებისას ყურადღება გამახვილდება არა ბინებისა და სახლების საერთო რაოდენობაზე, არამედ ბინების გაყიდვისას სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვის ნიშნების არსებობაზე.

№175 საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე — 2026 წლის 10 ივნისიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6887806?publication=0

 

 

10.ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული ფორმით წარმოება კიდევ უფრო მარტივდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 23 ივნისის №196 ბრძანებით შეიცვალა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული ფორმით წარმოების წესი, რომელიც ფიზიკურ პირებს ბუღალტრული აღრიცხვის ჩვეული ფორმით აღრიცხვისგან განსხვავებული ფორმით წარმოების შესაძლებლობებს აძლევს.

რას გულისხმობდა გამარტივებული აღრიცხვის ძველი წესი?
ცვლილებამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დღგ-ს არაგადამხდელ ფიზიკურ პირს უფლება ჰქონდა ტრადიციული ფორმით ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მაგივრად (დებეტი-კრედიტის ფორმის გატარებები, მოგება-ზარალის უწყისი, ბრუნვითი ბალანსი და ა.შ.) აღრიცხვა ეწარმოებინა გამარტივებული ჟურნალი ფორმით, რაც ჩვეული ბუღალტრული გატარებების წარმოების ნაცვლად, შემოსავლებისა და ხარჯების ჟურნალის წარმოებას გულისხმობდა.

ამასთან გამარტივებული აღრიცხვის წიგნი მხოლოდ მატერიალური ანუ ქაღალდის ზონარგაყრილი ჟურნალის ფორმით არსებობდა და გადასახადის გადამხდელს მისი დალუქვისთვის სპეციალურად საგადასახადო ორგანოსთვის განცხადებით უნდა მიემართა, რაც შესაძლოა ზოგიერთ ფიზიკურ პირს ბუღალტრული აღრიცხვის ამ ფორმით წარმოების სურვილს უკარგავდა.

ამასთან გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ვალდებულება აღრიცხვის წიგნი 6 წლის ვადით შეენახა.

რა შეიცვალა?
2026 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებული ცვლილების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის რომ აღრიცხვის წიგნის წარმოება შესაძლებელი იქნება როგორ მატერიალური ჟურნალის ფორმით, ასევე ელექტრონულადაც. ამ უკანასკნელმა ცვლილებამ შესაძლოა წარმოშვას ზოგიერთი ფიზიკური პირის დაინტერესება აღრიცხვის გამარტივებულ ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღრიცხვის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობის არსებობა (ზონარგაყრილი ჟურნალის ქონის ვალდებულების გაუქმება), შესაძლოა ზოგიერთი ფიზიკური პირისათვის გაცილებით უფრო მოსახერხებელი იყოს.

გარდა ამისა იცვლება შემდეგი ნაწილები:

  • გაუქმდება აღრიცხვის წიგნის საგადასახადო ორგანოში დალუქვისა და დალუქვის რეესტრის წარმოების პროცედურა;
  • რამდენიმე ობიექტის ან რეგიონულად განაწილებული საქმიანობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ერთზე მეტი აღრიცხვის წიგნის წარმოება;
  • აღრიცხვის წიგნის შენახვის ვადა 6 წლიდან შემცირდება და განისაზღვრება არანაკლებ 3 წლით;

ვის შეეხება აღნიშნული ცვლილება?
ცვლილება შეეხება ყველა ფიზიკურ პირს, რომლებსაც შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესის გამოყენების უფლება აქვს, კერძოდ კი დღგ-ის არაგადამხდელ ფიზიკურ პირებს რომლებიც საქონლის/მომსახურების რეალიზაციას უპირატესად ნაღდი ანგარიშსწორებით ახორციელებენ.

№196 ბრძანება ამოქმედდება 2026 წლის 1 აგვისტოდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6904647?publication=0

 

 

11. საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანისა და პარტნიორზე ქონების გადაცემის დაბეგვრის წესი

გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №208 ახალი საჯარო გადაწყვეტილება.
საჯარო გადაწყვეტილება ეხება საწარმოს კაპიტალის გაზრდისა და კაპიტალის შემცირების ოპერაციების დაგვრას, მათ შორის:

  • საწარმოს წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემისას სსკ-ის 151-ე მუხლის გამოყენების პირობებს, კერძოდ ფიზიკური პირის მიერ 50% და მეტი წილის სანაცვლოდ კაპიტალში განხორციელებული შენატანის მიწოდებად არ განხილვის წინაპირობებს.
  • საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირებისას პარტნიორზე განხორციელებული განაცემის დაბეგვრას, ანუ იმას თუ რა ფარგლებში შეიძლება კაპიტალის გაზრდის შემდგომ კაპიტალის შემცირების ფორმით აქტივის დაუბეგრავად გამოტანა (შეტანილი აქტივის საბაზრო ფასის თუ მისი თვითღირებულების ფარგლებში).
  • სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების პირობებს.

ფიზიკური პირის მიერ აქტივის გადაცემა 50%-იანი ან მეტი წილის სანაცვლოდ
სსკ-ის 151-ე მუხლის მიხედვით ფიზიკური პირის მიერ იურიდიული პირისთვის მასში 50%-იანი ან მეტი წილის სანაცვლოდ აქტივის გადაცემა აქტივის მიწოდებად არ განიხილება, რაც ნიშნავს იმას რომ აღნიშნული მიწოდება ფიზიკურ პირს არ დაებეგრება საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილების მიხედვით სსკ-ის 151-ე მუხლი გამოიყენება ქვემოთ მითითებული შემთხვევევინდა ორივე შემთხვევაში:

  • აქტივის გადაცემამდე ფიზიკური პირი უკვე ფლობდა საწარმოში 50%-იან ან მეტ წილს
  • აქტივის გადაცემის შედეგად ფიზიკური პირი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი.

გამომდინარე ზემოთ ხსენებულიდან საჯარო გადაწყვეტილების მიხედვით მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკური პირი გადაცემამდე ფლობდა 50%-ს ან მეტს წილს და შემდგომ ახდენს კაპიტალის გაზრდას, თუ კაპიტალის გაზრდისას ღებულობს 50% ან მეტ წილს საწარმოში. ასეთი აქტივის გადაცემა ფიზიკურ პირს არ ჩაეთვლობა მიწოდებად და არ დაბეგრება წლიური საშემოსავლო გადასახადით. 

ამასთან საჯარო გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული შეღავათი შეიძლება შეეხოს არა მხოლოდ ერთი პირის მიერ 50% და მეტი წილის სანაცვლოდ კაპიტალის გაზრდის შემთხვევას, არამედ მ.შ. რამოდენიმე ფიზიკური პირის მიერ მათ საკუთრებაში არსებული აქტივის საწარმოსთვის გადაცემას თუ მათი ჯამური წილი აჭარბებს 50%-ს ან მეტს წილს და მათი მხრიდან ხორციელდება აქტივების გადაცემა აღნიშნული წილის სანაცვლოდ.

ამასთან ზუსდტება რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ პირს/პირებს სხვადასხვა სახის აქტივი შეაქვს მის კაპიტალში, სსკ-ის 151-ე მუხლის გამოსაყენებლად საკმარისი არ არის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ოპერაციის ფორმას, არამედ იმას, შენარჩუნებულია თუ არა აქტივზე არსებული ინტერესი/კონტროლი იგივე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ.

ასევე ზუსტდება რომ აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმოსთვის აქტივის გადაცემაზე, შესაბამისად უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირისთვის აქტივის გადაცემა სსკ-ის 151-ე მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა (ანუ ასეთი გადაცემა შეიძლება დაიბეგროს საშემოსავლოთი).

50% და მეტი წილის სანაცვლოდ კაპიტალის გაზრდის შემდგომ კაპიტალის შემცირებისას აქტივის დაუბეგრავად გამოტანა
როგორც საჯარო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული სსკ-ის 151-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაში ანუ ფიზიკური პირის მიერ 50% და მეტი წილის სანაცვლოდ აქტივის გადაცემისას, საგადასახადო მიზნებისთვის აქტივი აღირიცხება იმ ღირებულებით, რაც მას გადაცემის მომენტისთვის ჰქონდა (აქტივის გადამცემ პირთან).

აქტივის ღირებულებაში შეიტანება მისი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის, ღირებულების გამზრდელი სხვა ხარჯები. პარტნიორის მიერ მიღებული წილის ღირებულება განისაზღვრება გადაცემული აქტივის ღირებულებით, აქტივთან დაკავშირებული გადაცემული დავალიანების გამოკლებით.

აქედან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებით 50% და მეტი წილის სანაცვლოდ კაპიტალის გაზრდის შემდგომ კაპიტალის შემცირება, აქტივის დაუბეგრავად გამოტანა მოხდება მხოლოდ გადაცემული აქტივის თვიღღირებულების და არა აქტივის საბაზრო ფასის ფარგლებში, რაც ჩვენი აზრით პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც შემოსავლების სამსახურში მანამდე არსებულ მიდგომას, ასევე მოქმედ საგადასახადო კანონდებლობასაც.

ახალი მიდგომის მიხედვით საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირებისას პარტნიორზე განხორციელებული განაცემის ის ნაწილი (გატანილი ქონების საბაზრო ფასი ან ფულადი თანხა), რომელიც პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ღირებულებას (ამ შემთხვევაში თვიღღირებულებას) აღემატება, დივიდენდად განიხილება და იბეგრება მოქმედი კანონდებლობით.

როგორც საჯარო გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც პარტნიორს უკან გადაეცემა მის მიერ საწარმოს კაპიტალში ადრე შეტანილი ქონება (ანუ იმ შემთხვევაშიც თუ პარტნიორმა ერთი და იგივე ქონება შეიტანა და გამოიტანა კაპიტალიდან), თუ გატანილი ქონების საბაზრო ღირებულება მისი გადაცემის მომენტისთვის აღემატება თავდაპირველი აქტივის ღირებულებას (ანუ ამ შემთხვევაში შეტანილი ქონების თვითღირებულებას) შენატანის მომენტისთვის მოხდება სხვაობის თანხის დივიდენდად განხილვა და გადასახადებით დაბეგვრა.

Kreston Georgia არ ეთანხმება საჯარო გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილს. რის გამოც მიგვაჩნია რომ აღნიშნული ნაწილი აუცილებლად უნდა დაზუსტდეს და დარეგულირდეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით (მ.შ. შემოსავლების სამსახურის მანამდე არსებული მიდგომების გათვალისწინებით).

აქტივის გადაცემა 50%-ზე ნაკლები წილის სანაცვლოდ
საჯარო გადაწყვეტილების მიხედვით ფიზიკური პირის მიერ საწარმოს კაპიტალში აქტივს 50%-ზე ნაკლები წილის სანაცვლოდ გადასცემა, სსკ-ის 151-ე მუხლის მოქმედების სფეროში არ ექცევა და ასეთ შემთხვევაში ერთის მხრივ ფიზიკურ პირს ქონება ეთვლება მიწოდებად, მეორეს მხრივ კი საწარმოსთვის გადაცემული ქონების ღირებულება საბაზრო ფასით (და არა თვიღღირებულებით) განისაზღვრება, აქედან გამომდინარე აქტივის დაუბეგრავად გამოტანა მოხდება მხოლოდ გადაცემული აქტივის საბაზრო ფასის ფარგლებში და არა თვიღღირებულებიდან გამომდინარე. 

საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ფიზიკური პირის მიერ „ზედმეტი ღირებულების“ უძრავი ქონების კაპიტალიდან გატანისას
გარდა ზემოთ აღნიშნულისა საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს სსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათს, რომელიც ეხება საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების შედეგად პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებას, კერძოდ იმ შემთხვევაში თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი.

აღნიშნული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ უძრავი ქონების გადაცემაზე და არ გამოიყენება მოძრავი ან სხვა სახის ქონების გადაცემისას და მისი გამოყენების შემთხვევაში საწარმოს დივიდენდზე გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ წარმოეშობა.

№208 საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე – 2026 წლის 3 ივლისს.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6923404?publication=0

 

12.სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საგადასახადო ინფორმაციის გადაცემის წესი

ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლში, რომელიც საგადასახადო საიდუმლოების დაცვასა და ინფორმაციის გადაცემის შემთხვევებს არეგულირებს.

რა შეიცვალა?
ახალი რედაქციით, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა:

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.

კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე – 2026 წლის 2 ივლისიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6910859?publication=0

 

 

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                                                    დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                       რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია