ცვლილებები მარტი-აპრილი
გააზიარე სტატია

2026 წლის მარტისა და აპრილის თვეების განმავლობაში
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2026 წლის მარტის და აპრილის თვეებში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში

1.1. აქციზის განაკვეთების ზრდა ავტომობილების იმპორტისა და მიწოდებისას

2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი N1477-Vმს-XIმპ, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში და მნიშვნელოვნად შეიცვლა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთები, კერძოდ კი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2 წელზე უფრო ძველი ავტომობილების იმპორტისა და მწარმოებლის მიერ მიწოდებისას დაწესებული აქციზის განაკვეთები.

აქციზის ახალი განაკვეთები განისაზღვრა შემდეგნაირად:

  1. 0–6 წლის მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადი შეადგენს:
  • 50 ლარს / 1 სმ³ ძრავის მოცულობაზე;
  • მარჯვენასაჭიანი (ან გადატანილი საჭის მქონე) ავტომობილების შემთხვევაში – აქციზის განაკვეთი 3-ჯერ მეტია;
  • მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში აქციზის განაკვეთი 60%-ით მცირდება.
  1. 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადი შეადგენს:
  • 50 ლარს / 1 სმ³ ძრავის მოცულობაზე;
  • მარჯვენასაჭიანი (ან გადატანილი საჭის მქონე) ავტომობილების შემთხვევაში – აქციზის განაკვეთი 3-ჯერ მეტია.
  1. ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი ფიქსირებულია და შეადგენს 3 000 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის ახალი რედაქციით განსაზღვრული განაკვეთები მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა და მიწოდების ოპერაციებზე (მწარმოებლის შემთხვევაში) უმეტესობა შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაზრდილია, გარდა 0-2 წლის ავტომანქანების შემთხვევისა (სადაც აქციზის განაკვეთის ოდენობა არ იცვლება) და ელექტროძრავიანი მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისა სადაც განაკვეთი ექვემდებარება შემცირებას.

ძველი აქციზის წესები კვლავ ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც 2026 წლის 2 აპრილამდე:

  • უკვე იყვნენ ტრანსპორტირების პროცესში და ეს დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (კონოსამენტი, CMR თუ სხვა);
  • რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებული იყო. კერძოდ, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 2 აპრილამდე განხორციელდა.

მსუბუქი ავტომობილის წლოვანება განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – სხვაობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის.

ცვლილება ამოქმედდა 2026 წლის 2 აპრილიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6826443?publication=0

 

1.2.  სისხლის დონორის ანაზღაურება კვლავ გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან

2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი N1475-Vმს-XIმპ, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ კი, სსკ-ის 82-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც ადგენს საშემოსავლო გადასახადის შეღავათებს, დაემატა „კ1“ ქვეპუნქტი და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლდა 2030 წლის 1 აპრილამდე ფიზიკური პირის (დონორის) მიერ სისხლის ან სისხლის კომპონენტის გაღებისთვის გაცემული ფულადი ანაზღაურება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა ადრეც თავისუფლდებოდა საშემოსავლო გადასახადისგან, სსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული პუნქტი 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ამოღებულ იქნა სსკ-დან, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, განხორციელებული ცვლილების შედეგად, სსკ-ით კვლავ აღდგა და 2030 წლის 1 აპრილამდე ამოქმედდა 2025 წლის 1 ოქტომბრამდე არსებული მიდგომა სისხლის/სისხლის კომპონენტის დონორებისთვის გაცემული ფულადი ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე,  ანუ 2026 წლის 1 აპრილიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6825336?publication=0

 

1.3.  ცვლილება საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლებებში

2026 წლის 6 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი N1456-Vმს-XIმპ, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ კი, სსკ-ის 70-ე მუხლს, რომელიც ადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლების წესს, დაემატა „37“ ნაწილი, რომლის მიხედვითაც:

  • საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 52​8 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 3​1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

აღნიშნული ცვლილება განპირობებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებით გათვალისწინებული ფაქტორინგის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.

ცვლილება ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6823074?publication=0

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

2.1. ცვლილება RS.GE-ის ავტორიზებული გვერდის მართვისა წესში

2026 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N61 ბრძანება, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.
განხორციელებული ცვლილების თანახმად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (eservices.rs.ge) პაროლის აღდგენის, აგრეთვე აღნიშნულ გვერდზე საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების მოთხოვნით მომართვის უფლება, იმ პირის შემთხვევაში (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) რომლის რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი ხელმღვანელობის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, განესაზღვრა მხოლოდ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილ ხელმძღვანელ პირს.
აღნიშნული ხელმღვანელობის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურს მიეწოდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ანუ 2026 წლის 31 მარტიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6793940?publication=0

 

2.2. საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის კრიტერიუმები და წესი

2026 წლის 13 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ახალი N72 ბრძანება „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“. ხოლო, 2026 წლის 6 აპრილს აღნიშნულ ბრძანებაში ამოქმედდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის N105 ბრძანების საფუძველზე.

როგორც მოგეხსენებათ, სსკ-ის 157-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საინვესტიციო ოქრო ეს არის არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა. ამავე ნორმის თანახმად, საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე იმ ოქროს მონეტების სია, რომლებიც აკმაყოფილებს საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმებს, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ სსკ-ის 173-ე მუხლის „უ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრიდან დღგ-გან გათავისუფლდა  საინვესტიციო ოქროს იმპორტი.

ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანების  საფუძველზე განისაზღვრა:

ა) საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები და წესი;

ბ) იმ ოქროს მონეტების სია, რომლებიც აკმაყოფილებს საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმებს.

საინვესტიციო ოქროდ განიხილება:

ა) არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, რომლის წონა ერთ გრამზე მეტია;

ბ) არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა:

ბ.ა) რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ;

ბ.ბ) რომელიც გამოშვების ქვეყანაში გამოიყენება ან გამოყენებული იყო ფულად-საგადახდო საშუალებად;

ბ.გ) რომლის საბაზრო ფასი 80 პროცენტზე მეტით არ აღემატება ამ მონეტაში არსებული ოქროს საბაზრო ღირებულებას.

ამასთან, ახალი ბრძანების  საფუძველზე ასევე განისაზღვრა საინვესტიციო ოქროს იმპორტში დეკლარირებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „უ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნით აუცილებლად  წარსადგენი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი. აღნიშნული დოკუმენტაცია მოიცავს, მათ შორის, ASSAY სერტიფიკატს, ინვოისს ან ხელშეკრულებას, სადაც მითითებული იქნება ოქროს ზოდის/ფირფიტის სერიული ნომერი, სინჯის აღმნიშვნელი დამღა, წონა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. დოკუმენტების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

ახალი ბრძანება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდა 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6810516?publication=0

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6832644?publication=0

 

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                                                    დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                     რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია