fbpx
გააზიარე სტატია

2025 წლის ივნისის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

 

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2025 წლის ივნისის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

 

სარჩევი

1.1. ინოვაციების სფეროში მოქმედი კომპანიების საგადასახადო შეღავათები
1.2. საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დაყადაღებულ ქონებაზე
1.3. ცვლილება დიპლომატებისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების დღგ-ის გათავისუფლების წესში

 

1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში

1.1. ინოვაციების სფეროში მოქმედი კომპანიების საგადასახადო შეღავათები

2025 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი N719-IIმს-XIმპ, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდგომში – სსკ). ცვლილების შედეგად სსკ-ის  309-ე მუხლს – „გარდამავალი დებულებანი“ დაემატა ახალი 147-ე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსების მქონე სუბიექტების საგადასახადო შეღავათები განისაზღვრება „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.  

სსკ-ში განხორციელებული ცვლილების პარალელურად, 2025 წლის 27 ივნისს ცვლილება ასევე გამოქვეყნდა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების შედეგად, განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მიღების წესი და მათი ხელშემწყობი მექანიზმები, კერძოდ კი მათი საგადასახდო დაბეგვრის შეღავათები. თითოეული სტატუსის მოკლე მიმოხილვას კი ქვემოთ წარმოგიდგენთ დეტალურად.

ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მაძიებელი სუბიექტი აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს. სუბიექტი ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მქონედ ითვლება მისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ამავე პერიოდიდან მოხდება მათი რეგისტრირება ინოვაციების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ასევე ექვემდებარება საინვესტიციო ფონდი, ანგელოზ ინვესტორთა ქსელი და აქსელერატორი. ამასთან, ინოვაციების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ მონაცემები საჯაროა და  ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადება ფასიანია და მისი საფასური ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტისთვის შეადგენს 200 ლარს, ხოლო დანარჩენი ზემოთ ნახსენები 5 სუბიექტისთვის 500 ლარს.

1. ინოვაციური სტარტაპი

ინოვაციური სტარტაპი არის ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოება, რომელსაც ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს თუკი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იგი ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას;

ბ) მან აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მოიპოვა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ან სააგენტოსგან მოიპოვა არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება;

გ) იგი აღნიშნული სტატუსის მოპოვების მიზნით ახორციელებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ, ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, ამასთანავე, მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული;

დ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით, თუმცა მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 წლით, კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 10 წლის ვადისა.

ხოლო რაც შეეხება ინოვაციური სტარტაპის საგადასახადო შეღავათებს:

  1. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება;
  2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია;
  3. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ია.

შენიშვნა: დაუშვებელია, სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან ერთად ჰქონდეს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი. თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე სუბიექტს ან კიდევ პირიქით, თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტს მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, მას შესაბამისი სტატუსი უუქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია ყოველწლიურად, ამ სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს 12-თვიან პერიოდს, რომელიც სრულდება აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მოქმედების ვადის ამ სტატუსისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადის ფარგლებში 1 წლით გაგრძელების შესახებ, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იგი სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

2. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი სუბიექტს ენიჭება უვადოდ თუკი იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოება და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  მის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენის მომენტისთვის, აგრეთვე შემდეგ, ამ კანონის 15​8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის დადასტურების მომენტისთვის წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების მოცულობა იმავე ფინანსურ წელს მიღებული შემოსავლების მოცულობის სულ მცირე 5%-ია, არანაკლებ 100 000 ლარია და იგი აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც:

ა.ა) მას აქვს პატენტი ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამა  და კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები მიმართულია ამ პატენტის ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამის  ფარგლებში შექმნილი პროდუქტის, შემუშავებული პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ;

ა.ბ) მას კვლევისა და განვითარებისთვის ხარჯები გაწეული აქვს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისგან ან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტისგან შესაბამისი მომსახურების შესასყიდად;

ა.გ) მის მიერ ინოვაციური პროდუქტის, პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ მიმართული, კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად;

ბ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში;

გ) იგი არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე კატეგორიის საწარმო ან მეოთხე კატეგორიის საწარმო.

რაც შეეხება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიების საგადასახადო შეღავათებს:

  1. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია უფლებამოსილია წინა ფინანსურ წელს დაგროვილი წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შეიმციროს მის მიერ წინა ფინანსურ წელს კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით.
  2. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი უფლებამოსილია მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ისარგებლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხელშემწყობი მექანიზმებით.

შენიშვნა: ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი წლის 30 აპრილისა ამ კანონის მოთხოვნებთან წინა ფინანსური წლის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

3. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი სუბიექტს ენიჭება უვადოდ თუკი იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოება და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მისი ძირითადი საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ 72.1 კოდით გათვალისწინებული „კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში“ და მის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იმავე ფინანსურ წელს ჯამურად მიღებული შემოსავლების არანაკლებ 80% უნდა იყოს;

ბ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

რაც შეეხება კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის საგადასახადო შეღავათებს:

  1. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ შესაბამისი სტატუსის მოქმედების პერიოდში გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება.
  2. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია.

შენიშვნა: კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი წლის 30 აპრილისა ამ კანონის მოთხოვნებთან წინა ფინანსური წლის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

ცვლილება, როგორც სსკ-ში, ისე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, ანუ 2025 წლის 24 სექტემბრიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6531874?publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6531883?publication=0

 

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

2.1. საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დაყადაღებულ ქონებაზე

2025 წლის 13 ივნისს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის  N12102 ბრძანება, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №3751 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილების შედეგად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის მე-8 მუხლის 6 1 პუნქტი.

შეგახსენებთ,  რომ „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გამოცემის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ ოპერაციებზე, ქონების განკარგვის აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელს ეზღუდება სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის უფლება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის ვალის მართვის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება გამოწეროს შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 

ცვლილების შედეგად დაზუსტდა, რომ ზემოხსენებული წესის შესაბამისად გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტებზე (სასაქონლო ზედნადები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) არ ვრცელდება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შეზღუდვები. ცვლილებამდე არსებულ რედაქციაში ეწერა, რომ ინსტრუქციით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება შესაბამისად გამოწერილ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, მხოლოდ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებულ ოპერაციებზე გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 13 ივნისიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6524812?publication=0

 

2.2. ცვლილება დიპლომატებისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების დღგ-ის გათავისუფლების წესში

2025 წლის 6 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N141 ბრძანება, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

როგორც  მოგეხსენებათ, სსკ-ის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ ან მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობის ან დიპლომატიური მისიის წევრის (მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის. დღგ-ის აღნიშნული შეღავათის გამოყენების წესი კი განსაზღვრულია ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 68-ე მუხლით.

კერძოდ კი, 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ზემოხსენებულ პირებისთვის საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებისათვის სავალდებულოა, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი და საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკზე/ანგარიშ-ქვითარზე მიუთითოს ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი და აღნიშნული ინფორმაციისა და დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების  შეძენის ფაქტის დადასტურების მიზნით, ხელმოწერილი ჩეკი/ანგარიშ-ქვითარი დაუბრუნოს მიმწოდებელს. ამასთან, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი წარმომადგენელი ითხოვს საქონლის/მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლებას, სავალდებულოა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, ამავე მუხლით დადგენილი წესით.

ცვლილების შედეგად, ინსტრუქციის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შენიშვნა N2 და განიმარტა, რომ დღგ-ის შეღავათის სარგებლობისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა უნდა წარადგინოს პირადად.

ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 6 ივნისიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6519788?publication=0

 

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                             დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                     რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია